"ოპოზიციის მოთხოვნები გათვლილია იმაზე, რომ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს, პროვოკაციაზე წამოეგება და ამით რაღაცას მიაღწევენ" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის მოთხოვნები გათვლილია იმაზე, რომ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს, პროვოკაციაზე წამოეგება და ამით რაღაცას მიაღწევენ"

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ ექნება უმრავლესობა, მათ შეუძლიათ პარლამენტის მუშაობის პარალიზება"

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. ისინი არ აპირებენ პარლამენტში დე იურე და დე ფაქტო შესვლას და "ბიძინა ივანიშვილისთვის გამარჯვების გაფორმებას". ამ გადაწყვეტილებას ის პარტიებიც შეუერთდნენ, რომლებმაც 2020-ის არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაათმობინებენ და საქართველოში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. kvirispalitra.ge-ს ესაუბრა პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სრულიად არალეგიტიმურია და ახლა მთავარია, ხელისუფლებას ნერვებმა არ უმტყუნოს ისევე, როგორც ეს გავრილოვის შემთხვევაში მოხდა.

- ოპოზიციის მოთხოვნა სრულიად არალეგიტიმურია. ოპოზიციის ზოგიერთი განათლებული წარმომადგენელი, ვინც საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსს იცნობს, ამას გრძნობს და ამიტომ გადააკეთეს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ხელახალ არჩევნებად. თუ გახსოვთ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის მარტში ხელახალი არჩევნები ჩატარდა და მაშინ გადაწყდა მაჟორიტარების საკითხი. ამ შემთხვევაში ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. პირველად საქართველოს ისტორიაში ხდება ის, რომ ყველა დონის საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ არჩევნები შედგა, იგი იყო კონკურენტული და თავისუფალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა. ასე რომ, ხელახალი არჩევნების, მით უფრო - რიგგარეშე არჩევნების არავითარი საფუძველი არ არსებობს. მაგ. 2003 წელს მოხდა ის, რომ ყველა საერთაშორისო, მათ შორის ადგილობრივმა დამკვირვებელმა და ხელახალმა დათვლამაც აჩვენა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი. სწორედ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს წერენ, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, 2003 წლის არჩევნების შემთხვევაში საპირისპიროს ამბობდნენ - რომ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო წინასწარი დასკვნები და მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამის დოკუმენტებს წარუდგენენ, მათი მიდგომაც შეიცვლება... - ჰოდა, წარადგინონ, ამის მომხრე ვარ. მათ თუ წარადგინეს მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებს, რომ არჩევნებში იყო არსებითი დარღვევები, რომელმაც  ხალხის ნება დაამახინჯა, პირველი მე ვიყვირებ. მაგრამ მინდა არსებითზე ვილაპარაკო - ხალხმა ყველაზე კარგად იცის, გაუყალბეს თუ არა მას ხმა, ყველა ერთმანეთთან კონტაქტშია და იციან, ვინ ვის მისცა ხმა. 2003-ში იმიტომ იხუვლა ხალხმა და გავიდა ქუჩაში, რომ დაინახა ის შედეგი, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო. რა მოხდა ახლა: ეს ე.წ. ოპოზიცია წივის-კივის (არც ერთი არ არის ოპოზიციონერი, კარგად ვიცი, რას წარმოადგენენ ეს მილიონრები) და არჩევნების დღესვე ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს, თუმცა არავინ მივიდა - პარლამენტის წინ დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი იყო, რაც სტატისტიკურად ნულია. ხალხმა შესანიშნავად იცის, რომ შედეგი სამართლიანია და ამიტომ არ გამოვიდა, ხალხში არ არის ასეთი განწყობა.

- ანუ ფიქრობთ, რომ არც ხალხშია საკმარისი მუხტი, არც დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ და ასეთ შემთხვევაში, რისი იმედი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას? მიგაჩნიათ, რომ მათი ბრძოლა არ არის შედეგზე გათვლილი და წაგებისთვის არის განწირული?

- ხალხის განწყობა აქ არსებითია. ოპოზიციის მოთხოვნები სრულიად უსამართლო და არალეგიტიმურია, მაგრამ... არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ" - მათი მოთხოვნები გათვლილია იმაზე, რომ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს, პროვოკაციაზე წამოეგება და ამით რაღაცას მიაღწევენ. გავრილოვის პროვოკაცია ხომ გახსოვთ? - ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ, დროშებშემოხვეულები გამოვარდნენ და მერე ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა. არ ვიცი, ვინ ურჩია ივანიშვილს, როცა გამოვიდა და თქვა, გადავდივართ ასპროცენტიან პროპორციულზე და ბარიერი არ გვექნებაო. რა საჭირო იყო ეს?

- და მერე ამ დაპირების უკან წაღებაც რას ნიშნავდა? - მაჟორიტარები გაცოფდნენ, მათ ეს განცხადება ტელევიზიით მოისმინეს, მერე დაიწყეს სერიოზული მუშაობა და ხომ გახსოვთ, რაც მოხდა - მათ ჩაუგდეს პროპორციული სისტემა. ივანიშვილი ხშირად ამბობს, არ ვარ პოლიტიკოსი, არ მინდა პოლიტიკოსობაო. მართლაც, იგი არ არის პოლიტიკოსი და ის ახალგაზრდები, გარშემო რომ ჰყავს, მთლად კარგს ვერაფერს ურჩევენ. ისინი ნამეტანი ახლოს არიან "ნაციონალებთან" და ივანიშვილს ეუბნებიან, ახლა "ნაცებს" ველაპარაკეთ და ამას და ამას თუ გამოვაცხადებთ, გაჩერდებიანო. არა და, ხელისუფლებას რომ საკმარისი ნერვები ჰქონოდა, ეს კრიზისი იყო საპნის ბუშტი, რომელიც გასკდებოდა. მათი პროვოკაციები გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილი ამას წამოეგოს, როგორც გავრილოვის შემთხვევაში მოხდა.

- ხელისუფლებას ნერვებმა თუ არ უმტყუნა, რით შეიძლება დასრულდეს ეს ამბავი?

- თუ არ უმტყუნა, პარლამენტი შეგროვდება და, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ცნობს თავის უფლებამოსილებას და იმუშავებს.

- და გვექნება ერთპარტიული პარლამენტი, რაც არცთუ სახარბიელოა... - სამაგიეროდ, მუშა იქნება. მუშაობის მხრივ რა გააკეთეს იმ ძალებმა, ვინც პარლამენტში იყო? - ნული! სანახაობა, კი, ბატონო, იყო - მხოლოდ ყვირილი და გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა. ვიღაცამ ვიღაცას თავში ჩაარტყა, ბესელიამ ზარდიაშვილს ტუჩებში შემოსცხო და მსგავსი ეპიზოდები აღარ გვექნება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ერთპარტიულ პარლამენტს "კოჭლი კაცის ფეხბურთის თამაშს" ადარებს და ახლა თუ არა, გაზაფხულისთვის რიგგარეშე არჩევნებს პროგნოზირებს:

"პარლამენტს აქვს თავისი ფუნქცია და მას სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს. საქმე ის არის, რომ არსებობს იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც მაღალი კვოტით მიიღება, მინიმუმ 100 კაცი უნდა მონაწილეობდეს - მაგ. საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დეკრეტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაღაც ეტაპზე, პარლამენტი პარალიზებული იქნება, სრულფასოვნად ვერ განახორციელებს თავის ფუნქციას და აბსურდამდე მივალთ. ხელისუფლება კი ცდილობს, ილაპარაკოს, რომ პრობლემა არ იქნება, მაგრამ მათაც კარგად ესმით, რომ მარტო ლეგიტიმაციის პრობლემა არ არის, ადრე თუ გვიან, სამართლებრივადაც ჩიხში შევლენ. ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ფორსმაჟორი, როდესაც პრეზიდენტის დეკრეტები ან სხვა ღონისძიებები იქნება საჭირო და რაღაც მომენტში, ისინი  საკუთარ ფუნქციებთან კოლიზიაში შევლენ. ხომ არ შეიძლება ფეხბურთი კოჭლ ადამიანს ათამაშო? დაახლოებით, ასეთი ვითარება იქნება.

ოპოზიცია პარლამენტში რომც შევიდეს, ამ შემთხვევაშიც გარდაუვალია კრიზისი. გავიგეთ, რომ პარლამენტში არ შედიან. რომც შევიდნენ, ჩვენ გვეყოლება - ერთ მხარეს პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების 60%, მეორე მხარეს - პოლიტიკაში გამობრძმედილი ადამიანების 40% ანუ რიცხობრივი უმრავლესობა, ბევრად უფრო მაღალი პოლიტიკური კვალიფიკაცია და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის უზარმაზარი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ ექნება უმრავლესობა, მათ შეუძლიათ პარლამენტის მუშაობის პარალიზება.

ჩვენ ხომ მარტო საარჩევნო პრობლემები არ გვაქვს? - იქით პანდემიის მართვის სერიოზული პრობლემები აქვს ხელისუფლებას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება, აქეთ მაღალი სოციალური რისკებია და მდგომარეობა ამ მხრივაც მძიმდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმ 40%-ის ხელში კოზირად იქცევა და მეორე მხარეს იქნება მდუმარე უმრავლესობა, იქ 2-3 კაცი თუ არის რაღაცის მთქმელი. ასე რომ, ოპოზიცია პოლიტიკურად დაჩაგრავს უმრავლესობას და პარლამენტის შიგნითაც პარალიზება მოხდება. ვფიქრობ, გაზაფხულისთვის ყველა შემთხვევაში ჩამოყალიბდება იმ ტიპის კრიზისი, რომელიც მაღალი ალბათობით, რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს.

კითხვაზე, უპრიანი ხომ არ იქნებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, ამაზე გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ისიც ამ სცენარისკენ იხრება:

"მე თუ მკითხავთ, პარლამენტში შესვლა სჯობდა. რადგან ოპოზიციამ აირჩია გარედან პრესინგი, მათ ამ შემთხვევაში მეტი არგუმენტები სჭირდებათ. მათ ერთი და ორი ოქმი და ემოციური განცხადებები კი არ უნდა შემოაგდონ, უნდა შეკრან საქმე, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დარღვევა და დოკუმენტურად დაუდონ საერთაშორისო საზოგადოებას. მარტო ემოციური კი არა, მათ თუ ასეთი პროფესიული საფუძველი შექმნეს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შეუსვლელობაც არის ერთ-ერთი მეთოდი, რითიც შედეგი მიიღწევა. უცხოელებიც ხედავდნენ, რომ არჩევნებზე ბევრი მამაძაღლობა იყო, მაგრამ ისინი დღეის მდგომარეობით ფიქრობენ, რომ ამას არსებითად შედეგები არ შეუცვლია. შედეგები არსებითად რომ შეცვალოს, ამას დოკუმენტურად დადასტურება უნდა.

(სპეციალურად საიტისთვის)