"მათთვის ეს ქვეყანა "შპს საქართველოა", ჩემთვის - სამშობლო" - კვირის პალიტრა

"მათთვის ეს ქვეყანა "შპს საქართველოა", ჩემთვის - სამშობლო"

"მარტო ის არის თანამედროვე, ვინც "ფეისბუქშია" და ლეპტობით დარბის?"

პოეტი დათო მაღრაძე შვეიცარიის აკადემიამ ლიტერატურის დარგში 2011 წლის ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა. სანამ ნობელის პრემიაზე შვეიცარიის სამი ინსტიტუცია წარადგენდა, დათო მაღრაძის წიგნმა ("Salve") საერთაშორისო კულტურის ასოციაციის "უნივერსუმის" მთავარი პრიზი და რომის პაპის მედალი მიიღო. მანამდე ვერონის კულტურის აკადემიაში ალბანელი პოეტის, ანტონ მაზრეკუს (რომელიც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა) სახელობის საერთაშორისო მედალი გადასცეს.

დათო მაღრაძეს ჰუგო კარლოს ბორბონმა წმინდა გიორგის ორდენი და რაინდის პირველი ხარისხის ტიტული მიანიჭა, რასაც მაშინ საქართველოში უცნაური მითქმა-მოთქმა მოჰყვა. რას ნიშნავს ნობელის პრემიის ნომინანტობა დათო მაღრაძისთვის, როგორ პასუხობს პრესასა და საზოგადოებაში გავრცელებულ "ვარაუდებს" და რისთვის ემზადება "დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარე, ინტერვიუდან შეიტყობთ.

-  შვედეთის აკადემიიდან წერილი მომივიდა, რომ მათ ჩემი ნომინაცია აღიარეს. დღეის ამას იქით, სადაც საერთაშორისო ფესტივალი, ანოტაცია ან აფიშა იქნება, ყველგან მომიხსენიებენ ნობელის პრემიის ნომინანტად. შვედეთის აკადემიაში ჩემზე რეკომენდაციები გაიგზავნა თურქეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, თუმც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჭაბუა ამირეჯიბის რეკომენდაცია.

- ამბობენ, რომის პაპის ჯილდო დათო მაღრაძეს კათოლიკობის მიღების გამო არგუნესო.

- აღმსარებლობა ძალიან ინტიმური რამ არის. არ ღირს მისი აფიშირება, მით უმეტეს, საგაზეთო ინტერვიუში, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, არ გავექცევი შეკითხვას. ჩემი მოძღვარია მამა ლაზარე, რომელიც მცხეთის სამთავროს ტაძარში წირავს, მონათლული კი დიდუბის ეკლესიაში ვარ.

- ოპონენტები "დაიცავი საქართველოს" "ქართული პარტიის" საზოგადოებრივ ორგანიზაციად მიიჩნევენ, პროექტი "ახალი ქართული კონსერვატიზმი" (რომელსაც, თქვენივე ოპონენტების თქმით, სლავური ელფერი დაჰკრავს) კი გამოცხადდა "ქართული პარტიის პროგრამად".

- პროექტი "ახალი ქართული კონსერვატიზმი" "დაიცავი საქართველოში" შეიქმნა და მე მისი ერთ-ერთი თანაავტორი  ვარ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შეეცდება ამ პროექტს ისეთი სახელი დაარქვას, რომ აღარ იყოს ხალხისთვის მიმზიდველი, მაგრამ ხელისუფლებას ავტორიტეტი აღარ აქვს და მისი ყველა მცდელობა ფუჭი იქნება. ვინც ამ პროექტზე ამბობს, სლავური შეფერილობის არისო, დარწმუნებული ვარ, არ წაუკითხავს იგი. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აზრი.

ამ ხალხთან ურთიერთობის სურვილი როგორ მექნება, როდესაც აგვისტოს ომის დროს მიწა-წყალი დაკარგეს, მაგრამ  ომი "მოიგეს"?! ესენი გორსაც თუ დაკარგავენ, მცხეთას ნიკოფსიას დაარქმევენ, თბილისს - დარუბანდს და გამოაცხადებენ, ხედავთ, საქართველო ისევ ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაჭიმულიო. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, მისი ყველა ნაბიჯი ისტორიული იყოს, მაგრამ ისტერიული გამოსდის.

სამყაროში ბევრი სასიკეთო რამ არის გაბნეული, მაგრამ უპირველესად ჩვენი წინაპრებისაგან უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ ილიასაგან, ვაჟასგან, იაკობ გოგებაშვილისაგან, რომლებზეც ამბობენ, დღევანდელი ყმაწვილების აზროვნებას ვეღარ აკმაყოფილებსო. ამ პრიმიტივებს მიაჩნიათ, რადგან სოფლის მეურნეობაში გუთანი აღარ გამოიყენება, სახელმძღვანელოში მისი ხსენება მოძველებულიაო. დღეს შუბითაც არავინ დადის და გამოდის, დონ კიხოტიც მოძველებულია?! მარტო ის არის თანამედროვე, ვინც "ფეისბუქშია" და ლეპტობით დარბის?

ახლახან გაზეთში დაწერეს, თურმე "ქართული პარტია" მასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად. მინდა ვამცნო ამ ადამიანებს, რომ მარტო "ქართული პარტიის" კი არა, ყველა პარტიის ლიდერმა გადაიფიქრა პრეზიდენტობა და მე მასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად. მე კი გულდაწყვეტილი ვარ, რატომ პრემიერ-მინისტრად არ მასახელებენ, მას ხომ მეტი უფლებები ენიჭება.

- საქართველოს ხვალინდელი დღე როგორ წარმოგიდგენიათ?

- ეს ხელისუფლება მალე წავა, საქართველოს მოსახლეობა შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობენ მის დაბეჩავებას.

მე ქართველი ხალხისა და  საქართველოს უკვდავების მჯერა. ეს რომ არ მჯეროდეს, არც ლექსს დავწერდი და სიცოცხლის ხალისსაც დავკარგავდი.

საქართველო ვიღაცისთვის პროექტია, ჩვენთვის კი - სამშობლო. ჩემი სამშობლო  სიყრმიდან მელაპარაკება უბისის ფრესკით, "შენ ხარ ვენახის" საგალობლით, ყინწვისის ანგელოზით, გურამიშვილით, "ვეფხისტყაოსნით", ვაჟა-ფშაველათი, გალაკტიონით, ფიროსმანით, მათ კი მეთიუ ბრაიზა ელაპარაკება. მათთვის ეს ქვეყანა "შპს საქართველოა", ჩემთვის - სამშობლო.

რამდენიმე დღის წინ ვიყავი საზოგადოებაში "მე - უნივერსიტეტელი". საოცარი დაინტერესება აქვთ ახალგაზრდებს ჩვენი პროექტით. ყველა სასწავლებელში შევალდა ყველა იმ ახალგაზრდას დაველაპარაკები, ვისაც უყვარს სამშობლო. ამათ ახალგაზრდობა ვერ იყიდეს. ამ ხელისუფლებას საქართველოს 80% (20% კი - რუსეთს) აქვს ოკუპირებული. სკოლა მანდატურებით არის ოკუპირებული, უნივერსიტეტები კი ხელისუფლების ლაქია რექტორებით, მაგრამ ვერც ერთი რექტორი და დირექტორი ვერ შემაკავებს. ამას ჩემი დევგმირული ძალა კი არა, სტუდენტებისა და მოსწავლეების ძახილი მალაპარაკებს.

ნობელის პრემია

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭებათ ავტორებს, რომელთაც ალფრედ ნობელის (ალფრედ ბერნჰარდ ნობელი - შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი) აზრით, შექმნილი ჰქონდათ "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება".

"თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც (უინსტონ ჩერჩილი).

ყოველი წლის დასაწყისში შვედეთის აკადემია მთელი მსოფლიოდან შესული ათასობით განაცხადიდან მხოლოდ ორმოცდაათამდე კანდიდატს ირჩევს.

შემდეგ კანდიდატთა რაოდენობას აკადემია ოცამდე ამცირებს. ზაფხულში ქვეყნდება ხუთი კანდიდატის სია, ოქტომბერში კი აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს,  ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში. ნობელის ლაურეატი იღებს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს. ფულადი პრემია 10 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს.