"ჯეოსელის" ახალი სერვისცენტრი კორპორაციული კლიენტებისთვის - კვირის პალიტრა

"ჯეოსელის" ახალი სერვისცენტრი კორპორაციული კლიენტებისთვის

პირველი კორპორაციული ოფისის გახსნა კომპანია "ჯეოსელმა" 14 წლის იუბილეს დაამთხვია. მობილური კომუნიკაციების სფეროში მსგავსი სპეციალიზებული მომსახურების ცენტრის გახსნა უპრეცედენტო ფაქტია. "ჯეოსელის" ამ ახალ ოფისში, კორპორაციული კლიენტების მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება.

ახალი სერვისცენტრის გახსნის გარდა, "ჯეოსელმა" დაბადების დღე გრანდიოზული გათამაშებითაც აღნიშნა, სადაც ყველაზე იღბლიანმა ათმა აბონენტმა ბიზნესკლასის ავტომობილი "ჰიუნდაი სონატა" მოიგო.

პორტირების სისტემაზე გადასვლამ "ჯეოსელს" აბონენტები კიდევ უფრო მოუმრავლა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ "ჯეოსელის" ქსელში პორტირების მაღალი მოთხოვნის გამო, ახალი კორპორაციული ოფისი განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენს. "ჯეოსელი", როგორც მობილური კავშირგაბმულობის ლიდერი კომპანია და ფინურ-შვედური ჰოლდინგის "თელია სონერას" წევრი, ყოველი ახალი ოფისის გახსნისას ითვალისწინებს ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მომსახურების ოფისი გამოხატავდეს კომპანიის საფირმო იმიჯს და საქმიანობის სპეციფიკას. ყველა აღნიშნული პარამეტრი "ჯეოსელის" ახალ ოფისში ძალიან ეფექტურად არის რეალიზებული.

ახალი ოფისის პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა "ჯეოსელის" ორიგინალური საიუბილეო ტორტიც დააგემოვნეს, რომელიც საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის სტატისტიკას ასახავდა, სადაც "ჯეოსელს" ბაზრის ყველაზე დიდი წილი უჭირავს.

ირმა ცქიტიშვილი (კომპანია "ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "ბაზრის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენ ლიდერის პოზიცია გვაქვს ბაზარზე. სტატისტიკა, რომელიც "ჯეოსელის" საიუბილეო ტორტზეა ასახული, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ოფიციალურად გავრცელებული მონაცემებია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით კი ჩვენი კომპანიის საბაზრო წილი პორტირების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილია.

ახალი კორპორაციული მომსახურების ოფისი მოემსახურება უშუალოდ ჩვენს კორპორაციულ აბონენტებს. თუ აქამდე აღნიშნული სეგმენტი არ სარგებლობდა ცალკე მომსახურების კომფორტით, რაც მათი სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელიც არის, დღეს უკვე შეუძლიათ სწრაფი და ხარისხიანი სერვისი მათთვის განკუთვნილ ოფისში მიიღონ. "თელია სონერას" სტანდარტების თანახმად, მომხმარებლების სრულყოფილი მომსახურებისთვის აუცილებელია, რომ კორპორაციულ კლიენტებს ცალკე სერვისცენტრი ემსახურებოდეს. მაგრამ ფიზიკური პირების ერთგვარი დისკრიმინაცია, რომ არ გამოგვსვლოდა და ამ უბნის მცხოვრებლებს, მეზობლებს ან უბრალოდ გამვლელებს დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ, კორპორაციული მომსახურების ოფისის გვერდით გავხსენით მცირე მასშტაბის, ფიზიკური პირების მომსახურების ცენტრი.

ვიმედოვნებთ, რომ ჯერჯერობით ეს ოფისი ჩვენი არსებული აბონენტების მოთხოვნებს აუვა, მომავალში კი მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კორპორაციული კლიენტების მომსახურების ოფისების რაოდენობასაც გავზრდით."

ოსმან თურანი (კომპანია "ჯეოსელის" გენერალური დირექტორი): "ახალი ოფისის გახსნა განგებ დავამთხვიეთ ჩვენი კომპანიის საიუბილეო თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროს ნომრის პორტაცია აქტუალური თემაა, ჩვენს ქსელში პორტირებაზე მოთხოვნა გაიზარდა და ამანაც მოგვცა მოტივაცია, რომ კორპორაციული კლიენტებისთვის ცალკე მომსახურების ცენტრი გაგვეკეთებინა. შედეგად, კორპორაციული მომხმარებელი აქ ყველა სახის სერვისს მიიღებს. აქამდე  კორპორაციული კლიენტების მომსახურება ჩვეულებრივი მომსახურების ოფისში ხდებოდა, რაც ბუნებრივია ქმნიდა გარკვეულ შეფერხებებს დროის თვალსაზრისით. ახლა კი ამ ოფისში მოემსახურებიან მხოლოდ კორპორაციულ კლიენტებს, მაგრამ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ არც ფიზიკური პირები დაგვრჩენოდნენ ნაწყენი და აქვე გავუხსენით პატარა კუთხე, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეც შემოვა და მიიღებს მისთვის სასურველ სერვისს.

პორტირების სტატისტიკა სხვადასხვა საშუალებებით მოსახლეობისთვის ისედაც  ცნობილია და გვახარებს ის, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა ძალიან დადებითი აღმოჩნდა "ჯეოსელისთვის". გამოგიტყდებით, ჩვენ ველოდით ასეთ შედეგს, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობთ,  ჯერჯერობით თბილისში ერთი კორპორაციული მომსახურების სერვისცენტრი საკმარისი იქნება, ამიტომ სამომავლოდ ვიფიქრებთ საქართველოს დიდ ქალაქებში ასეთი სერვისცენტრების გახსნაზე."

ირაკლი ფურცელაძე (კომპანია "ავერსის" გენერალური დირექტორი): "პირველ რიგში მინდა მივულოცო კომპანია "ჯეოსელს" ამ ახალი კორპორაციული, სპეციალიზებული მომსახურების ცენტრის გახსნა. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ბევრად გაამარტივებს სერვისის მიღებას ყველა კორპორაციული კლიენტისთვის და სერვისის მიღება ბევრად ოპერატიული იქნება. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ "ჯეოსელთან" და იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანია ნოვატორულ სერვისს და მომსახურებას მომავალშიც შემოგვთავაზებს, ჩვენი პარტნიორობა კი ყოველთვის ასეთი ნაყოფიერი იქნება."

გიორგი კაპანაძე (კომპანია "ჯორჯიან პეტროლიუმის" გენერალური დირექტორი): "კორპორაციულ კლიენტებს ყოველთვის გვჭირდება სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ამ შემთხვევაში საკმაოდ მიზანშეწონილია ასეთი ოფისების გახსნა, სადაც კორპორაციულ კლიენტებს გაუმარტივდებათ თავისი ანგარიშების მართვა და დროულად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას და მომსახურებას, რაც  სჭირდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ  სრულყოფილი სერვისი უმოკლეს დროში მიიღო. "ჯეოსელთან" მას შემდეგ ვთანამშრომლობთ, რაც თავად ეს მობილური ოპერატორი არსებობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კმაყოფილი ვართ მათთან ურთიერთობით.”

R