"სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, მარგველაშვილის ორჯერ მეტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, მარგველაშვილის ორჯერ მეტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის კი 2-ჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტის.

„გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები. საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:

მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი)- 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) - 1,599,249 $

გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი)

1,991,954₾ (კურსი 2.1) - 948,549 $

სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი)

1,335,569 ₾ (კურსი 2.6) 513,680$

აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის! პანდემიის დროს, 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა 21,000 ლარი, რადგან სხვა ყველა დანარჩენი ხარჯი ანაზღაურებული იყო პრეზიდენტის პირადი სახსრებით”, -ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

წყარო