"30 წელი უნდა ვიცადოთ, სანამ სააკაშვილი სრულად დაემგვანება კადაფს?!" - კვირის პალიტრა

"30 წელი უნდა ვიცადოთ, სანამ სააკაშვილი სრულად დაემგვანება კადაფს?!"

"არა მგონია, შუა ბრძოლაში შესვენება სწორი გადაწყვეტილება იყოს"

"ნებისმიერი ძალა, რომელიც მოუმზადებლად დაიწყებს მოქმედებას და დაჰყაბულდება სააკაშვილის გადმოგდებულ საპარლამენტო არჩევნებს, ხელისუფლებასთან იქნება შეკრული," - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე  ნინო ბურჯანაძე, რომელსაც საფრანგეთში დავუკავშირდით.

- საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდი იმ პირებს, ვინც მუშაობს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის პრობლემატიკაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად არიან ჩაბმული. შევხვდი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც კურირებენ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის საკითხებს. იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება წარმოაჩენს. ჩემს კითხვაზე, რა რეაქცია ექნება ევროპას, თუ ქართველი ხალხი დაიწყებს მასობრივ გამოსვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, მიპასუხეს, რომ საფრანგეთი  ქართველ ხალხს არ მიატოვებს და რეაგირების გარეშე აღარ დარჩება ის ფაქტი, თუ სააკაშვილი მშვიდობიან მოსახლეობას ზონდერბრიგადებს მიუსევს.

- შეგიძლიათ დამისახელოთ იმ პირთა ვინაობა, ვისაც შეხვდით?

- არ ვაპირებ გვარების დასახელებას და მათ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვინც ჩემთან გულახდილია. მე დახურული შეხვედრები მქონდა. საზღვარგარეთ შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს დასავლელ მეგობრებს რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ საქართველოზე, მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე, რადგან ხელისუფლება აქტიურად მუშაობს არა მარტო სახელმწიფო რესურსით, არამედ პიარ და ლობისტური კამპანიებით. მისი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის რეალური სურათის მიწოდება კი არა, იმის ჩვენებაა, რაც თავად უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყურადღება გადართული იყო იაპონიისა და ახლო აღმოსავლეთისაკენ, ძალიან აინტერესებთ ჩვენთან მიმდინარე პროცესები.

ლიბიასთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლიბიის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის. ეს დოკუმენტი ხელ-ფეხს შეუკრავს ნებისმიერ დიქტატორს, რომელიც თავის ხალხზე ხელის აღმართვას გადაწყვეტს. ეს დოკუმენტი არის განაცხადი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დასჯის იმ ხელისუფალთ, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ წავლენ. სააკაშვილი და მისი გარემოცვა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი ახალაია ლიბიის მოვლენებამდე გულზე მჯიღს იცემდა და ამბობდა, ტანკები მყავს მზად ხალხისა და ოპოზიციის გამოსვლის ჩასახშობადო.

ახალაიას გონებრივ შესაძლებლობებსა და საქართველოს ხელისუფლების ადეკვატურობაზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მათ თვითგადარჩენის ინსტინქტი დააფიქრებთ, სანამ ძალას გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ.

- მაგრამ ხელისუფლება არ ფიქრობს, რომ კადაფის 40 წლის რეჟიმს ჰგავს.

- გამოდის, 30 წელი უნდა ვიცადოთ, სანამ სააკაშვილი სრულად დაემგვანება კადაფს. საქმე ის კი არ არის, რამდენ ხანს მართავ, არამედ როგორ მართავ.

- ხშირად გვესმის, რომ ქართველ ხალხს არ უნდა რევოლუცია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ემხრობა.

- ხელისუფლებამ რომ ნორმალური არჩევნების შესაძლებლობა მოგვცეს, მედიასივრცე გახსნას, პოლიცია პოლიციას დაამსგავსოს და მიშასა და ვანოს კანტორის ნაცვლად სახელმწიფო უწყებად გადააქციოს, პოლიტპატიმრები და ბიზნესი გაათავისუფლოს, არც ჩვენ ვიფიქრებთ რევოლუციაზე.

საოცარია, რატომ ვერ ხედავენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის აგრესიასა და განწყობას? როგორც ჩანს, ერთმანეთის გარდა, არავის ელაპარაკებიან და არ იციან, რას ფიქრობს ხალხი.

ხალხს ძალიან უნდა ცვლილებები. მათი განწყობა გამოჩნდება 2 მაისს, როდესაც ეროვნულ დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ.

- როდესაც ლაპარაკობთ მშვიდობიან რევოლუციაზე, იმედი გაქვთ, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად წავა ხელისუფლებიდან?

- ვგულისხმობ ვარდების რევოლუციის ანალოგიურ რევოლუციას, როდესაც შეუიარაღებელმა ადამიანებმა უკან არ დაიხიეს და გამარჯვებას მიაღწიეს.

- მაგრამ სააკაშვილი და შევარდნაძე განსხვავებული პოლიტიკოსები არიან.

- ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ცეკას კომპარტიის ყოფილი მდივანი უფრო დემოკრატი გამოდგა, ვიდრე აშშ-ში განათლებამიღებული და დემოკრატიისთვის მებრძოლი სააკაშვილი.

- რა მოხდება 2 მაისს?

- არ ვაპირებ დაკონკრეტებას, ვინ რას გააკეთებს. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ შევეცდებით პროტესტი არ იყოს მხოლოდ თბილისში. ჩვენ არ მივცემთ სააკაშვილს საშუალებას, აქეთ-იქით ირბინოს, როგორც 2009 წელს. პოლიტიკოსებმა კი არა, ხალხმა უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ არ შეეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. სოროში ჯდომის დრო აღარ არის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნეიტრალური პოზიცია მხოლოდ სააკაშვილს აძლიერებს.

- მაგრამ ოპოზიციას ბრძოლის სხვადასხვა გზა აქვს არჩეული.

- ოპოზიცია არ აქტიურობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. რატომ ელოდება საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციის ერთიანობას მაშინ, როდესაც სააკაშვილს ოპოზიციის ნაწილი მოსყიდული ჰყავს, ნაწილი - მოტყუებული, ნაწილი კი შეშინებული.

- რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ "სახალხო კრებაში" უფლებამოსილება შეიჩერა და ამის მიზეზად ლევან გაჩეჩილაძესთან თქვენი დაპირისპირება დაასახელა.

- ეს მიზეზი კი არა, საბაბია განზე გადგომის გასამართლებლად. ის, ვინც გაიძახის, ქვეყანა გადასარჩენიაო და მერე უცებ განზე დგება, თავად ახსნას საკუთარი საქციელი. როდესაც ქვეყანა გადასარჩენია, ვერ წარმომიდგენია ტაიმ-აუტების აღება. არა მგონია, შუა ბრძოლაში შესვენება სწორი გადაწყვეტილება იყოს.

- თქვენ ადრე ახსენეთ პარტიები, რომლებიც მხოლოდ ორთქლის გამოშვებაზე მუშაობენ, თუმცა კახა კუკავამ განაცხადა, რომ სწორედ თქვენ გააკეთეთ ეს 25 ნოემბერს.

- 25 ნოემბერს სიტუაცია არ იყო მზად იმისათვის, რომ იმაზე მეტი გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა. 2 მაისამდე მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა უპასუხისმგებლოდ არ დაიწყებს მოქმედებას და ხელისუფლების წისქვილზე  წყალს არ დაასხამს.