"ერთმანეთის პირისპირ რქებით დგანან და ელოდებიან, რომელს უფრო ადრე მოსტყდება რქა" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთის პირისპირ რქებით დგანან და ელოდებიან, რომელს უფრო ადრე მოსტყდება რქა"

"ოპოზიცია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მათ შორის კომისიებში და ახლა იმაზე ყვირილი, ამ კომისიებში დავას აზრი არა აქვსო, არასერიოზულია..."

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით მომხრეებთან ერთად ქუჩაში გადაინაცვლა. ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელ თინა ხიდაშელის აზრით, ოპოზიციის მოთხოვნები არათანამიმდევრულია.

- ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ არ შევა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიიღო, როცა სხვა ყველაფერი ამოწურული გაქვს... ახლა ამის განცხადება, სტრატეგიულზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ტაქტიკურად არის სწორი. ვინაიდან ვითარება არაპროგნოზირებადია, შესაძლოა ხელისუფლება იმდენად ჭკვიანურად მოიქცეს, რომ ოპოზიციას შანსი არ დაუტოვოს, ან პირიქით, სულაც გაამყაროს მისი თუნდაც რადიკალური ქმედებები და საზოგადოებამ იფიქროს, ოპოზიცია მართალი ყოფილა, ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ ჰქონიაო. ოპოზიციამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით - ამით ის თავის ამომრჩეველს პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე ტოვებს, არადა, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი; თუ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესი დაირღვა, სამართლებრივი ბერკეტები უნდა გამოიყენონ და არგუმენტი, რა აზრი აქვს საარჩევნო კომისიებში დავებზე დასწრებას ან სასამართლოში საქმის აღძვრასო, მიუღებელია, თუნდაც იმ მიზეზით, ამ უწყებას აღარავინ ენდობაო. ოპოზიცია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, მათ შორის კომისიებში და ახლა იმაზე ყვირილი, ამ კომისიებში დავას აზრი არა აქვსო, არასერიოზულია... საქმის ასე დაწყება, მანდატებზე უარს ვამბობთ და რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოსო, უპასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, ხელისუფლების შეცვლის საკითხი დგება მაშინ, როცა არგუმენტის მოყვანის ნაცვლად ძალის ენაზე იწყებს ლაპარაკს, რა დროსაც ხალხი ალტერნატიული ძალის ძებნას იწყებს. მას შეუვალი მმართველობა კი არა, დიალოგის, მსჯელობის, კამათისთვის, გნებავთ, კამათით ჩხუბისთვის მზად მყოფი გუნდი სჭირდება. ახლა კი მძიმე რეალობა გვაქვს - ორივე მხარეს ერთი არგუმენტის ტყვეობაში მოქცეული ძალები დგანან.

ამომრჩევლის თვალით შევხედოთ: ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში, მაგრამ გამოსავლის ძიებისა და პოვნის უნარი არც ერთს არ აღმოაჩნდა. ერთი ნაწილი ამბობს, არ გამიყალბებიაო, მეორე გაიძახის, გააყალბეო, ერთი ჯიუტად ამბობს, არაფერსაც არ გავაკეთებო, მეორე, არჩევნები ხელახლა ჩავატაროთო. შუაში კი უზარმაზარი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცეა - გადათვლები, ცალკეული უბნები, ხელახლა დასათვლელი ოლქები... ორივე მხარე არგუმენტზე აკეთებს "სწორებას", რომ მათი გზაა ჭეშმარიტი, ერთმანეთის პირისპირ რქებით დგანან და ელოდებიან, რომელს უფრო ადრე მოსტყდება რქა. აი, ეს არის არაცივილიზებულობისა და პოლიტიკური კულტურის უქონლობის კლასიკური ნიმუში.

ხელისუფლება იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევა, მასზე არც ღირს ლაპარაკი. მისი სიჯიუტე და სირაქლემის პოზა იმედისმომცემიც აღარაა. მე ოპოზიციაზე ვსაუბრობ, რომელიც გვეიმედება და ვგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს უშვებს.

ოპოზიცია ახლა ზუსტად ხელისუფლებასავით იქცევა - ფანატიკოსი მხარდამჭერების იქით არც მას აინტერესებს თავისი მოქმედებების ლეგიტიმაცია. არადა, არსებობს ძალიან დიდი სეგმენტი, რომელიც არც "ნაცებს" ემხრობა და არც "ქოცებს". ამის მიუხედავად, ჯიუტად დგას თავის ნათქვამზე, თითქოს მხოლოდ მან იცის, სწორად როგორ მოიქცეს.

- რიგგარეშე არჩევნების რა რესურსი აქვს ოპოზიციას? - ამისთვის საჭიროა შედეგების გაუქმება, რაც სამართლებრივი პროცესის გარეშე შეუძლებელია...

ჩემთვის ყველაზე მიუღებელი არგუმენტია, რა შეიცვლებოდა, პარლამენტში რომ შევსულიყავითო. დავუშვათ, არ გაყალბებულიყო არჩევნები და ოპოზიცია მაინც უმცირესობაში დარჩენილიყო, პარლამენტში არ შევიდოდნენ? დემოკრატიის ანაბანაა, ვიღაც უმრავლესობაშია, ვიღაც უმცირესობაში და თუ უსამართლოდ ხარ უმცირესობაში, ეს სამართლებრივად უნდა დაამტკიცო.

არჩევნების შედეგი ცესკომ ან სასამართლომ უნდა გააუქმოს. სამართლებრივი პროცესი აქამდეც უნდა დაეწყოთ. რა დროს მანდატების დაყრა და თურქმენბაშის ანალოგებია.

თუ ვინმეს რევოლუციური სცენარი სურს, ჯერ გაარკვიოს, რევოლუცია რა არის. ვიღაცებს ამაზე მცდარი წარმოდგენა აქვთ, ისევე, როგორც "ვარდების რევოლუციაზე". ზოგს ჰგონია, რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ ხალხი პარლამენტში შევარდა, სინამდვილეში რამდენიმე პროცესი ერთდროულად მოხდა: შევარდნაძე გადადგა; მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა, როგორც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებმა, სასამართლო მოვიგეთ - გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდა. ამიტომ შეიცვალა ხელისუფლება და არა ვიღაცის პარლამენტში შევარდნის გამო. თუ რევოლუციურ სცენარზე ფიქრობენ, ვიღაცამ უნდა დაწეროს, რომ არჩევნები არ შედგა, ან ცესკომ არ უნდა შეაჯამოს შედეგები, ან შემაჯამებელი ოქმი სასამართლომ უნდა გააუქმოს. თუ ამბობენ, ამ სასამართლოს არ ვენდობითო, რასაც მეც ვეთანხმები, შევახსენებ, როგორი იყო შევარდნაძის დროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ ისეთი არგუმენტები, უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა, კრიმინალური საქმეებით სახელმოხვეჭილმა მოსამართლემაც ვერ დახუჭა თვალი.

მე აქციების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, აუცილებელია გაბრაზებული ხალხის მოსმენა, მაგრამ ოპოზიციის ბრძოლა შედეგიანი იქნება მაშინ, თუ აქციები სამართლებრივ ბრძოლასთან ერთად მიმდინარეობს. ხშირად იხსენებენ 2008 წლის შემთხვევას, რომელთანაც ზოგიერთი პარალელს იმიტომ ავლებს, რომ ოპოზიციის მარგინალიზაცია სურს. სხვებს კი, ალბათ, იმის ჩვენება, თუ ხელისუფლებას მარტო დავტოვებთ, ისევე გაგიჟდება, როგორც სააკაშვილიო.

სინამდვილეში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი არალეგიტიმური მმართველი იყო და როცა კიდევ ერთი არჩევნები მოიპარა და იმ დროს ოპოზიცია და ხალხი ქუჩაში გამოვიდნენ, ყველამ, მათ შორის ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმაც, დაინახეს, რომ ეს კაცი, რომელიც ხელისუფლებაში "ვარდების რევოლუციამ" მოიყვანა, უკვე ერთ მოწყვლად ადამიანად იყო გადაქცეული. ამ დროს კი მტერსა და მოყვარესაც ჰგონიათ, რომ ასეთ ხელისუფალს როგორც სურს, ისე შემოარტყამს. ამის შედეგი იყო ბუქარესტის სამიტი, მერე 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს არ უნდა დაავიწყდეს ოპოზიციას სწორედ მაშინ, როცა ამაყად გამოდის პარტიული ინტერესით მოტივირებული განცხადებებით. არალეგიტიმური და მარტო დარჩენილი ხელისუფლება მტრის ადვილი სამიზნე ხდება. იმედია, არსებობს რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს და მათ მივმართავ - იფიქრონ ამაზე.

- მინდია უგრეხელიძის მოსაზრებას, რომ "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" მანდატები სხვა პარტიებზე გადანაწილდეს, მწვავე განხილვა მოჰყვა. შესაძლებელია მსგავსი რამ? - წარმოუდგენელია, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გამოდის, ისევ "დიად კომუნიზმში" დავბრუნდებით და მგონი, ეს არავის სურს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ პირი შეკრა და პარლამენტში არ შევიდა, უნდა გავიხსენოთ "ძველლეიბორისტული" და "ძველდანარჩენული" მოდელი. კერძოდ, 2008 წელს ეკა ბესელიამ, "ახალმა მემარჯვენეებმა" და სხვებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ნაწილმა მანდატებიც დაჭრა, ანუ ფიზიკურად და სამართლებრივადაც უარი განაცხადეს, შესაბამისად, რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდა საკანონმდებლო ორგანოს. ლეიბორისტები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, ანუ დეპუტატებად ითვლებოდნენ, პარლამენტში არ დადიოდნენ და უმრავლესობაზე მათი "არსებობა" გავლენას ახდენდა... ასე რომ, თუ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, გასარკვევი იქნება, ვინ დარჩება დეპუტატად. ამიტომ ვეკითხები ოპოზიციას: არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებულიყო და მაინც წაგეგოთ, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა ხომ არც მაშინ გექნებოდათ და მაშ, რატომღა მონაწილეობდით არჩევნებში? ან იქნებ ლელა კაკულიამ გითხრათ, 77 დეპუტატზე მეტი იქნებითო. გარდა ამისა, ამჟამად "ქართულ ოცნებას" იმდენი ხმა არა აქვს, რომ მთავრობა შექმნას და მათთვის უბრძოლველად დათმობილი მეორე ტურები ამ უფლების ჩუქებაა.

- უკრაინულ საიტზე გავრცელებულმა ფარული საუბრის ჩანაწერმა, რომელიც, ავტორების მტკიცებით, სალომე სამადაშვილს ეკუთვნის, მღელვარება გამოიწვია, რომ ისევ გვისმენენ.

- დიახ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? მე არც ვფიქრობ, რომ რომელიღაც უკრაინული საიტი არსებობს, დარწმუნებული ვარ, აქ არის გაკეთებული. ადამიანებს სულ უსმენენ, უბრალოდ, ეს ჩანაწერი ხან ოხრად რჩებათ, ხან იყენებენ. რაც ბოლოს მოვისმინეთ, ძალიან ჰგავს 2012 წელს გუბაზ სანიკიძის, ღარიბაშვილისა და სხვების ცნობილ ფარულ ჩანაწერს. სამწუხაროა, მაგრამ როგორც სხვა, ისე ამ სფეროშიც, ერთ წრეზე ვტრიალებთ.