რა საფრთხის შემცველია ერთპარტიული პარლამენტი - კვირის პალიტრა

რა საფრთხის შემცველია ერთპარტიული პარლამენტი

"ოპოზიციამ უნდა აიძულოს "ოცნება", დათმოს და ამის გაკეთება შეიძლება როგორც პარლამენტში შესვლით, ისე - შეუსვლელად, თუმცა შესვლით უფრო გაადვილდება"

პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ და ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარებას სთხოვენ. არის თუ არა სახიფათო ერთპარტიული პარლამენტი, გვესაუბრება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

- მანდატებზე უარის თქმა ერთია, მაგრამ სულ სხვა ვითარება შეიქმნება, თუ აიღეს მანდატები და სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტი ადრე თუ გვიან შეიძლება შეწყდეს და მაშინ პარლამენტი სრული შემადგენლობით იქნება მრავალპარტიული. ოპოზიციას ექნება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებები. მათ შორის შეეძლება შეკრებისთანავე შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, ასეთი კომისიის შესაქმნელად საკმარისია პარლამენტის 50 წევრის გადაწყვეტილება, ოპოზიციას კი 50-ზე მეტი მანდატი ექნება.

ამ კომისიის მეშვეობით შეუძლიათ შეამოწმონ არჩევნების ყველა შედეგი, გახსნან ყველა უბნის დალუქული მასალები, თავიდან დათვალონ ხმები. თუ დავინახავთ, რომ პირველ ადგილზე გასულ "ოცნებას" არ ეკუთვნოდა ის მანდატები, რაც მიიღო, ამას მოჰყვება პროტესტი და შეიძლება მმართველი პარტია იძულებული გახდეს, რიგგარეშე არჩევნებს დასთანხმდეს.

- და თუ მანდატებზე უარს იტყვიან?

- მაშინ ჩვენ პარლამენტში გვეყოლება ერთპარტიული უმრავლესობა. არ იქნება არავინ, ვინც ოპონირებას გაუწევს მათ, ეს კი სახიფათოა. ასეთ დროს პარლამენტი აკეთებს იმას, რაც უნდა და არ უსმენს განსხვავებულ აზრს.

რომც დავიჯეროთ დღევანდელი მონაცემები, გვეყოლება პარლამენტი, რომელსაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 48% უჭერს მხარს. ძნელია განსაზღვრა, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა სავარაუდო სცენარები მაინცდამაინც კარგს არაფერს გვიქადის. არა მგონია, ასეთმა პარლამენტმა 4 წელი გაძლოს.

როდესაც ვლაპარაკობდით სხვა სისტემებთან შედარებით საპარლამენტო სისტემის უპირატესობაზე, მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის, რომ ამ მოდელში არსებობს კრიზისიდან გამოსვლის შედარებით უმტკივნეულო გზები. ერთ-ერთია რიგგარეშე არჩევნები.

იმისათვის, რომ მდგომარეობა უმართავი არ გახდეს და ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზით არ შეიცვალოს, იყენებენ ე.წ. ორთქლის გამოშვების მექანიზმს და ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ამ გზით შესაძლებელია შეიცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი, შეიქმნას ახალი პარლამენტი და კვლავ გაჩნდეს ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობა, ოღონდ ამას გამოყენება უნდა, გამოყენებას კი გონივრული ანალიზი და გადაწყვეტილებები სჭირდება. სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვხედავ.

- რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია?

- ჩვენთან 30 წელიწადია, მმართველი პარტიები იყენებენ არაკანონიერ გზებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამას ახერხებდნენ მაშინ, როდესაც მოვლენები რევოლუციური გზით ვითარდებოდა, ან წინარევოლუციური სიტუაცია იქმნებოდა. უმნიშვნელოვანესია საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესი. ის არის სახელმწიფო ორგანო, რომლის ვალდებულებაა არჩევნების კანონიერად ჩატარება, რათა მის მიმართ ნდობა გაგვიჩნდეს. გავიხსენოთ პირველი საარჩევნო კომისიები, რომლებიც შეიქმნა 1990 წელს, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდა, დასთანხმებოდა ეროვნული მოძრაობის მოთხოვნებს და მათთვის სასურველი მოდელი დაეკანონებინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ წევრს ირჩევდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო უმრავლესობის კვოტა. მერე კი ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, ნიშნავდა თითო წევრს. ამ კომისიამ ჩაატარა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და რეფერენდუმი, რომლითაც საზოგადოებამ დამოუკიდებლობა მოითხოვა. მომდევნო წლებში ეს კომპოზიცია უარესობისკენ იცვლებოდა, მაგრამ მისი შემადგენლობა არასოდეს იყო ისეთი ცუდი, როგორიც ამჟამად.

დღეს ყველა კომისია 12-12 წევრისგან შედგება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხუთ წევრს ირჩევს პარლამენტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა და, ცხადია, ირჩევენ "ოცნების" მხარდამჭერებს. დამატებით ერთ წევრს - კომისიის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორი მესამედით, მაგრამ თუ ვერ აირჩია, მაშინ მას აირჩევს პარლამენტი, ანუ ისევ "ოცნება". ესეც მათი მეექვსე წევრი! რჩება ექვსი წევრი, რომელთაგან სამს ნიშნავს ისევ "ოცნება", ერთს "ნაცმოძრაობა", ერთს "ევროპული საქართველო" და ერთს "პატრიოტთა ალიანსი".

ამრიგად, ვიღებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც 12-დან 9 წევრი "ოცნების" დანიშნულია და მათ ყველა გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. იგივე ხდება საოლქო და საუბნო კომისიებში და ამ კომისიებმა იდეალურადაც რომ იმუშაონ, ჩნდება განცდა, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ.

ამიტომ აუცილებელია, შეიცვალოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ეს საკითხი შარშანაც და წელსაც რამდენჯერმე წამოიჭრა, მაგრამ მოქმედი კანონის დარღვევის გარეშე ამ არჩევნებისთვის ამას ვერ შევძლებდით, რადგან ისინი ხუთ წლით არიან არჩეული, თუმცა შეგვეძლო საოლქო კომისიაში მეექვსე წევრის დანიშვნის წესი ამოგვეღო და "ოცნებას" ცხრის ნაცვლად რვა წევრი ეყოლებოდა, რაც უკეთესია. სამაგიეროდ, შეგვეძლო შეგვეცვალა საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი და ყველა პარტიისთვის მიგვეცა თითო წევრის დანიშვნის უფლება. ასე საუბნო კომისიებში აღარ იქნებოდნენ უმრავლესობის დანიშნულები, თუმცა ამაზე "ოცნებამ" უარი თქვა.

- ესე იგი, გაყალბებისთვის ემზადებოდნენ?

- უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვაგვარად როგორ ვიფიქროთ?

სამგორში კომისია დასთანხმდა ოპოზიციას, ერთი უბნის შედეგები გადაემოწმებინათ. ბიულეტენები ხელახლა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ "გირჩის", "ლელოს", ელისაშვილის პარტიის ხმები, 100-ზე მეტი ბიულეტენი, ბათილებს შორის ეყარა. ამის მერე უარი თქვეს სხვა უბნების ხელახლა დათვლაზე. ამ გადაწყვეტილებას იღებს საოლქო კომისია ორი მესამედით, ეს ორი მესამედი კი "ოცნებისაა"!

2016 წელს ნინო ბურჯანაძემ 700-მდე საუბნო კომისიის შედეგების შემოწმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა და თქვა, ამ შვიდასიდან რომელიც გინდათ, ის ერთი უბანი შევამოწმოთ და თუ იქ ყველაფერი წესიერად იქნება, ჩემს პრეტენზიაზე უარს ვიტყვიო, მაგრამ არც ეს გაკეთდა. ახლა შედეგების შემოწმებაზე უარს ამბობს "ოცნების", ადრე "ნაცმოძრაობის", მანამდე კი მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო ადმინისტრაცია, რადგან ყველამ იცოდა, იქ რა დახვდებოდათ.

- რა არის კრიზისიდან გამოსავალი? - უპირველესად, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა. თუ ცესკოს თავმჯდომარეს ხუთწლიანი ვადა გასული არა აქვს და მას დანაშაული არ დაუმტკიცდა, ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ შეიძლება პოლიტიკურმა ვითარებამ უბიძგოს და თვითონ დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ. შევარდნაძის დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც წესიერი ადამიანი იყო, მართალია, ხელი მოაწერა გაყალბებულ შედეგებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს წარუდგინა გრძელი სია, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ მომავალში არჩევნები წესიერად ჩატარებულიყო, თუმცა უარი მიიღო, ამის გამო დაწერა განცხადება და გადადგა.

დღეს ახალ პარლამენტს შეუძლია, ერთ კვირაში შეცვალოს საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება. უნდა თქვან, რომ ვემზადებით რიგგარეშე არჩევნებისთვის. თუ "ოცნება" ამას გააკეთებს, რაშიც ეჭვი მეპარება, ტაშს დავუკრავ!

- ახლანდელი მონაცემებით, "ოცნებას" აქვს 75 მანდატი. თუ მაჟორიტარებიც დაემატება, გამოდის, რომ პარლამენტი 91 დეპუტატით დაიწყებს ფუნქციონირებას. ასეთი პარლამენტი ცვლილებებს ვერ შეძლებს? - ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ კონსტიტუციის ცვლილებას ვერ შეძლებენ - ამას სჭირდება ორი მესამედი. სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ვერ შეძლებენ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა რა "სიკეთეებიც" მოგვიტანა, გვახსოვს. ასევე ორი მესამედი სჭირდება მიწის საკუთრების შესახებ კანონის ისეთ ცვლილებას, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლებას, ასევე სახელმწიფო სიმბოლიკას - დროშას, გერბს, ჰიმნს ვერ შეცვლიან, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ვერ შეძლებენ. არის თანამდებობები, რომელთაც სჭირდება პარლამენტის სამი მეხუთედის მხარდაჭერა - ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სახალხო დამცველის არჩევა და სხვა საკითხები, მაგრამ იქნებიან ზღვარზე, რადგან სამი მეხუთედი არის 90 ხმა და საკმარისია უმრავლესობიდან ვინმემ არ დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ კანდიდატურას და მას ვერ აირჩევენ. სხვა ყველაფერს შეძლებენ.

- გამოდის, ნახევრად ქმედუუნარო პარლამენტს მივიღებთ. ამას რა რისკი ახლავს?

- მე ვიტყოდი, მივიღებთ შეზღუდულად ქმედუნარიან პარლამენტს. რისკი არის ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღება, თან ისეთ პირობებში, როცა უმრავლესობა მორჩილია და უსიტყვოდ უჭერს მხარს პარტიის რამდენიმე ხელმძღვანელის ნებას. მთავარი ხიფათია ის, რომ გადაწყვეტილებები იქნება არა ქვეყნის, პარტიის წევრთა ერთი ჯგუფის ინტერესების შესაბამისი.

სამართლებრივი თვალსაზრისით პარლამენტი ლეგიტიმური იქნება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით - არა, რადგან ის ვერ გამოხატავს მოქალაქეთა ნებას. რაც უფრო მასშტაბური იქნება პროტესტი, მით უფრო ეფექტიან გავლენას მოახდენს მოვლენებზე. ყველამ და მათ შორის "ოცნებამაც" უნდა დაინახოს, რა საფრთხე გვემუქრება, თუკი ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. ოპოზიციამ უნდა აიძულოს "ოცნება", დათმოს და ამის გაკეთება შეიძლება როგორც პარლამენტში შესვლით, ისე - შეუსვლელად, თუმცა შესვლით უფრო გაადვილდება.

- მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს, რა პროცედურის გავლა მოუწევს ახალ პარლამენტს? - საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში პარლამენტი ვალდებულია, შეიკრიბოს. ეს შეკრება ჩაითვლება კანონიერად, თუკი მას დაესწრება 76 ან მეტი დეპუტატი. ამის შემდეგ კენჭი უნდა უყარონ პარლამენტის წევრთა უფლებამისილების ცნობას. დეპუტატების სიას გამოაცხადებს ცესკო და ამას ერთიანად უყრიან კენჭს.

ალბათ, ოპოზიცია არ მივა ამ სხდომაზე და "ოცნებას" მოუწევს, ცნოს როგორც საკუთარი, ასევე ოპოზიციის წევრთა უფლებამოსილება. ამის შემდეგ, თუკი მანდატებზე უარის თქმას აპირებენ, პარტიებმა უნდა მიმართონ ცესკოს განცხადებით, გააუქმონ პარტიული სია და დაწერონ განცხადება გადადგომის თაობაზე. შედეგად მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს 100-ზე ნაკლები წევრის შემადგენლობით. თუ ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეუძლებელი იქნება. რომ დასჭირდეს, ვერც უმრავლესობა შექმნის საგამოძიებო კომისიას, რადგან საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა რაოდენობა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ოპოზიციის მეორე ნახევარი არ იარსებებს, პარლამენტი საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის.

- რას ურჩევთ "ქართულ ოცნებას"?

- შეამოწმონ ყველაფერი და თუ აღმოჩნდება ისეთი დარღვევები, რომლებსაც შეეძლო შედეგებზე გავლენის მოხდენა - თუნდაც 3-4 მანდატის სხვანაირად განაწილება - რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში და შემცირდებოდა პოლიტიკური კრიზისის საფრთხე.