თენგიზ ენდელაძე: "გავადევნოთ თვალი და მივხვდებით, ვინ რომელი ქვეყნის სამსახურებთან თანამშრომლობს" - კვირის პალიტრა

თენგიზ ენდელაძე: "გავადევნოთ თვალი და მივხვდებით, ვინ რომელი ქვეყნის სამსახურებთან თანამშრომლობს"

"ზოგი ვის ეთაყვანება, ზოგი - ვის, ზოგი ორივეს ერთად - ჩრდილოეთსაც და დასავლეთსაც"

"ილია ჭავჭავაძეც ერთი ხმა იყო რუსეთის დუმაში, მაგრამ იმ ერთმა ხმამ თავისი საქმე გააკეთა. დღეს ვის აინტერესებს ილია? ესენი დავალებებს სხვადასხვა ქვეყნის სამსახურებიდან იღებენ. გავადევნოთ თვალი და მივხვდებით, ვინ რომელი ქვეყნის სამსახურთან თანამშრომლობს. ამას ყველაზე, მთელ ოპოზიციურ სპექტრზე ვერ ვიტყვით, ზოგი შეგნებულად იქცევა ასე, ზოგი შეუგნებლად და ყველანი ერთად თავიანთ წისქვილზე რომ არ ასხამენ წყალს, ცხადია რას ჰქვია, არ შევლენ? ან რას ნიშნავს, ერთ პარტიას რომ ტოვებენ პარლამენტში?" - განაცხადა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ყოფილმა რექტორმა თენგიზ ენდელაძემ:

- ხელისუფლებამ არათუ კრიზისების მართვა, არც ქვეყნის უახლესი ისტორია იცის. ჩრდილოეთს რომ არ აინტერესებს ჩვენთან სიმშვიდე, ეს ფაქტია. ალბათ, არა მარტო ჩრდილოეთს, ბევრს აწყობს ჩვენთან დესტაბილიზაცია. მათი მიზანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აჩვენონ, რომ ჩვენგან არაფერი გამოვა, ტყუილად ნუ დახარჯავთ სახსრებს, ესენი სამომავლოდ არ გამოგადგებიანო.

- შესაძლებელია პოსტსაარჩევნო მოვლენები გარე ძალების მიერ იყოს ინსპირირებული? - არჩევნებისთვის, ალბათ, ყველა მხარე ემზადებოდა. ერთ მხარეს ნორმალური ქვეყნის შიდაძალებია, რომელთა უმრავლესობა ორიენტირებულია ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე (ვგულისხმობ ოპოზიციური ძალების უმრავლესობას), თუმცა ამ ძალებში ბინძური ძალებიც არიან. ზოგი გვარწმუნებს, რომ რაც თავისი მმართველობის პერიოდში უკეთებია, აღარ გაიმეორებს. ძალიან მინდა ეს დავიჯერო. რაც შეეხება ჩრდილოეთს, მას არ აწყობს აქ ნორმალური დასავლური ძალები და სამწუხაროდ, ამ პანდემიისა და არჩევნების გამო პარტნიორს ჩვენთვის არ სცხელა. ამით ისარგებლა ვაიხელისუფლებამაც (მათ შორის საღად მოაზროვნეებიც არიან) და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც გადადგა ამ არჩევნებში. თუნდაც ის რად ღირს, არჩევნების გაყალბების გამო ცესკოს ორმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ განცხადება რომ დაწერა წასვლის თაობაზე, ისინიც ოპოზიციონერები ხომ არ არიან?

- თუ არავინ დათმო, რას მივიღებთ? - გაიხსენეთ 1921 წლის ისტორია - შემოვიდა წითელი არმია და მერე რა ტელეგრამა წავიდა აქედან? "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს". შეიძლება ეს ვინმეს სასაცილოდ არ ეყოს, მაგრამ წინა პირობა ასეთი იქნება. ხელისუფლებას გაუჭირდა სიტუაციის მართვა, პანდემიაა, რევოლუციური გამოსვლებია, ეკონომიკა დაიქცა, აღარც ვალუტა გვაქვს და ვიღაცას ხომ უნდა მიმართონ დასახმარებლად?

იმას გამორიცხავთ, რომ პოლიტიკოსთა ნაწილმა რუსეთს დასახმარებლად მიმართოს? არც უნდა მიმართვა, მეზობელს მოუნდება "დახმარება" და "დაგვეხმარება".

განა არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე? მეორე სცენარი - გამოგიცხადებენ საგანგებო მდგომარეობას, სახლიდან აღარ გამოგიშვებენ, მოგაწვდიან ერთ ჭიქა წყალს და ნაჭერ პურს და მერე მადლობასაც გათქმევინებენ, გეტყვიან, მეტის საშუალება არა გვაქვსო. იცით, რა მიკვირს? ესენი 6-7 თვის წინ აცხადებდნენ, პანდემიის მხრივ უბედურება იქნებაო და თუ ეს განსაზღვრეს, სხვა ვერაფერი განსაზღვრეს? კარგი იქნება, ჟურნალისტები თვალს თუ გაადევნებთ, პოლიტიკური ლიდერები რას ამბობდნენ გუშინ, რას ამბობენ დღეს და რას იტყვიან ხვალ. შეგვიძლია მათგან ამოვიცნოთ, ვინ ვისთან არის კავშირში. გავადევნოთ თვალი და მივხვდებით, ვინ რომელი ქვეყნის სამსახურებთან თანამშრომლობს. ამას ყველაზე, მთელ ოპოზიციურ სპექტრზე ვერ ვიტყვით, ზოგი შეგნებულად იქცევა, ზოგი შეუგნებლად და ყველანი ერთად თავიანთ წისქვილზე რომ არ ასხამენ წყალს, ცხადია.

რას ჰქვია, არ შევლენ? ვიღაცებმა რამდენიმე წლის წინ მანდატებიც დაჭრეს, როცა შეუთვალეს, ხელფასებს აღარ მოგცემთო, კი შევიდნენ. დღეს სადაა ეს ხალხი, ისევ ისინი არ არიან? რას ნიშნავს, ერთ პარტიას რომ ტოვებენ პარლამენტში? ხალხმა მოგცა მანდატი და პატივი ეცი მას.

ვისაც არ უნდა, ნუ შევა, მაგრამ ახალი პარტიები უნდა შევიდნენ. ერთია, შენ, "ნაციონალურ მოძრაობას", 30% არ გაკმაყოფილებდეს, მაგრამ იმ 30-ში 1%-მა რომ თქვას, მე მინდა პარლამენტში შესვლაო, სად მიდიხარ? ის შევა, "იმას" მიეყიდება და ეს სამკაციანები დარჩებიან გარეთ.

- "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სუს-ს რევოლუციით სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რეალურად გეჩვენებათ ეს სცენარი? - ჯერ ერთი, ეს სუს-ის დაცინვაა, კობახიძე მიუთითებს, საქმე აღძარიო. ვიღაცას ელექტროშოკი უპოვეს და არიქა, გადატრიალება მზადდებაო.

ვინ არის კობახიძე? ვისთვის მუშაობს, ესეც საკითხავია... რადგან სუს-ის სახელი ხშირად ტრიალებს, ჟურნალისტებმა რომ დაასახელეს მათი გვარები, რატომ არ გააკეთეს განცხადება? ან უარყოფა გაეკეთებინათ, ან ეთქვათ, საჭირო იყო და ამისთვის გავგზავნეთ თანამშრომლები და არა გასაყალბებლადო...

ზოგი წინასაარჩევნო პროგრამაში ამბობდა, სუს-ი უნდა გაუქმდესო. რას ჰქვია გაუქმდეს? რომელი ქვეყანაა მის გარეშე? პოლიტიკური ლიდერები თავიანთი ჭკუით ამით ქულებს იწერენ. პოლიტიკური კონტრდაზვერვა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. რომ ჰქონოდა, ამ ბაკქანალიაში არ იქნებოდა. კონტრდაზვერვა ოთხი მიმართულებისაა: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური. ის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, მათ სათაყვანებელ რუსეთშიც.

- მაინც ვინ ვის ეთაყვანება?

- ზოგი ვის ეთაყვანება, ზოგი - ვის, ზოგი ორივეს ერთად - ჩრდილოეთსაც და დასავლეთსაც.

ქვეყანას პოლიტიკური კონტრდაზვერვა რომ ჰქონოდა, ასეთი საფრთხეები არ იქნებოდა, მაგრამ ვის სცალია ამისთვის? ჩვენ მარტო ის გვინდა, არჩევნები მოვიგოთ. გადათვალე ხმები თავიდან და დაამთავრე! კაცი დეპუტატობის კანდიდატია, მოგადგა საოლქო კომისიაში და არ უშვებ, ხომ გასაგებია, ეს რაზე მიანიშნებს? ფულის იქით ვეღარ იხედებიან. გეყოს კაცობა და გადადგი ნაბიჯები, რომლებიც შენს სამშობლოს წაადგება...