"საქართველოში არც ერთი გადატრიალება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გარეშე არ მომხდარა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში არც ერთი გადატრიალება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გარეშე არ მომხდარა"

"სადაზვერვო პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს, რომ კრიზისს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მართავენ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ მიაქანებენ, დაინტერესებული ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებს აღასრულებენ"

"რუსეთი ჩარეულია და მეტიც, აკონტროლებს ჩვენს ორ ტერიტორიას, განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას... ეს არის შეშლილის მოქმედება. ერთი მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება აშშ-თან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. ამიტომაც ჩვენც და ჩვენს პარტნიორსაც მეტი ძალისხმევა გვმართებს, რათა დაცული იყოს ჩვენი ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ანექსია გაგრძელდება", - ამბობს ექსპერტი დავით კუხალაშვილი.

- მართალია, არჩევნებს დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც მასშტაბური გავლენა მოეხდინოს არჩევნებზე. გასაკვირია პარტიების მოქმედების ქრონოლოგია:

სანამ მონაცემები ოფიციალურად გამოცხადდებოდა, მანამდე აცხადებდნენ მადესტაბილიზებელ გეგმას. სავსებით ლოგიკურია, პოლიტიკური კრიზისიდან ეკონომიკური კრიზისის ფაზაში გადავიდეთ და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსი მძვინვარებს და სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს ხარჯავს მის შესაჩერებლად. ასეთ დროს პოლიტიკური დესტაბილიზაცია პირდაპირ ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება, რაც პირდაპირ კავშირშია ლარის კურსთან.

ამ ნიშანთა ერთობლიობით კვლავ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესისა და ზეგავლენის ობიექტი ვიქნებით. საქართველოს დესტაბილიზაციით მხოლოდ რუსეთი კი არა, სხვა ბევრი სახელმწიფოც არის დაინტერესებული. ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი საფრთხე, როგორიცაა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად რღვევა. დადგა იმის დროც, ვიფიქროთ მოლაპარაკების გზით იმ მასშტაბური კონფლიქტის მოგვარებაზე, რომელიც მეზობელ სახელმწიფოსთან გვაქვს. რაც დღეს ხდება, საზოგადოებისა და ხელისუფლების დემორალიზაციისკენ მიმართული ქმედებებია, ამიტომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი საშუალებით უნდა აღმოფხვრას პოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გეგმავენ და ეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველს იძლევა. ვგულისხმობ ყველა იმ ძალას, რომელიც საზოგადოებას დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს და ქვეყანა შეჰყავს პოლიტიკურ კრიზისში, ეს კი შეიძლება როგორც ეკონომიკურ, ასევე სამხედრო კრიზისშიც გადაიზარდოს.

- თქვენი აზრით, მათ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მართავენ? - უამისოდ შეუძლებელია. საქართველოში გარკვეული არხებით შემოდის ფული, რომელიც მადესტაბილიზებელ პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება. დააკვირდით ბოლო 8 თვის სისტემურ პროცესებს და ნახავთ, რომელი ჯგუფები მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო პროპაგანდაში. ლაპარაკია არა მარტო იმ ქვეყანაზე, რომელთანაც მტრული დამოკიდებულება გვაქვს, არამედ იმ სახელმწიფოებზეც, რომლებსაც ვაღიარებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დაშლილა ნაწილ-ნაწილ და სხვადასხვა კონტროლის ზონებში გადანაწილებულა. არ არის გამორიცხული, კვლავ დანაწილებასა და კონტროლზე მიდიოდეს ლაპარაკი არა მარტო ძლიერ, ასევე სუსტ, სატელიტ ქვეყნებს შორისაც. ამ გარიგებისა და მავნე ქმედების შედეგად სატელიტი ქვეყნები ან თავიანთ სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებენ, ან ფინანსურ, ან ტერიტორიულ სარგებელს მიიღებენ. ხელისუფლებას აქვს სადაზვერვო პროპაგანდასთან დასაპირისპირებელი საშუალებები. ის სწორად მოქმედებს, მათ შორის პოლიტიკური პროპაგანდის წინააღმდეგაც. ამჟამად გვაქვს არა საერთო-სახალხო კრიზისი, არამედ სადაზვერვო ხასიათის პოლიტიკური კრიზისი.

- რას მოიცავს ის? - სადაზვერვო პოლიტიკური კრიზისი ნიშნავს, რომ კრიზისს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მართავენ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ მიაქანებენ, დაინტერესებული ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებს აღასრულებენ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - საქართველოდან გატანილია საბჭოთა კავშირის დროინდელი აგენტურული მასალა. ცნობილია, რომ იმ პერიოდში არსებობდა კომკავშირული თუ სამეცნიერო აგენტურული ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. ამ სეგმენტში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები მაღალი რისკის მქონე მოქალაქეები არიან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ასეთ აქცენტებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენ ორი რევოლუცია გადავიტანეთ: ერთი სისხლიანი, მეორე - უსისხლო. საქართველოში არც ერთი გადატრიალება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გარეშე არ მომხდარა. თუ ეს პირები პირველ პროცესშიც ფიგურირებდნენ, მეორეშიც და დღესაც აქტიურობენ, ყველაფერი ნათელი ხდება. მათ პირველად არ აგეს პასუხი, არც მეორედ და დღესაც ჰგონიათ, არ უნდა აგონ, რადგან მათ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იცავენ... ჩვენს სახელმწიფოს გააქტიურება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში სტაბილიზაციის მოსურნე უფრო მეტმა ძალამ მოიყაროს თავი. დაინტერესებულმა ქვეყნებმა შესაძლოა ამ პროცესებში უცხო ქვეყნებში ექსპორტირებული კრიმინალური სამყაროც გამოიყენონ...