"კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, რუსეთი საეჭვოდ ჩუმადაა და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს" - კვირის პალიტრა

"კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, რუსეთი საეჭვოდ ჩუმადაა და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს"

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებმა 21 იანვრამდე რომ გასტანოს, ძნელად წარმოსადგენია. როგორც ჩანს, ქ. შუშაში ბრძოლები აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ მიმდინარეობს, დაწყებულია სტეპანაკერტისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სომხეთისკენ ევაკუაცია.

"აზერბაიჯანულ მხარეს აქვს გამოკვეთილი უპირატესობა და, სავარაუდოდ, მის კუთვნილ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს", - ამბობს kvirispalitra.ge-ისთან საუბარში რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი. ექსპერტი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ სიურპრიზებსაც: "კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, რუსეთი საეჭვოდ ჩუმადაა და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს. არც ის ვიცით, არსებობს თუ არა რამე შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის და ეს 2-3 კვირაში გამოჩნდება". ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

- რა გავლენას იქონიებს ყარაბაღის კონფლიქტზე აშშ-ში არჩევნების შედეგი და ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება? - ბაიდენს ამ საკითხზე, ტრამპთან შედარებით, რა თქმა უნდა, მკვეთრი პოზიცია აქვს, მაგრამ 21 იანვრამდე ანუ ბაიდენის ინაუგურაციამდე ამერიკაში ძველი ადმინისტრაცია იქნება. იქიდან გამომდინარე, რა ინტენსივობითაც მიდის ყარაბაღში მოქმედებები, კონფლიქტი 21 იანვრამდე აღარ გაგრძელდება - იგი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ქალაქ შუშადან შემდეგი შეტევის მიმართულება, სავარაუდოდ, სტეფანაკერტი იქნება. გუშინ ალიევმა გამოაცხადა, რომ შუშას უკვე აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შუშადან სტეფანაკერტამდე ანუ ადმინისტრაციულ ცენტრამდე სულ რაღაც 5 კმ-ია და შემდეგი ადგილი, სავარაუდოდ, სტეფანაკერტი იქნება. ისიც თუ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, მაშინ წინააღმდეგობის კერები რაღა უნდა იყოს, უკვე ძნელად წარმომიდგენია. პარტიზანულ ბრძოლებს თუ ფიქრობენ, ესეც ძნელი წარმოსადგენია, რადგან პარტიზანული ომი, როგორც წესი, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე არ ხდება. კიდევ ვიმეორებ, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებმა 21 იანვრამდე რომ გასტანოს, ძნელად წარმოსადგენია. როგორც ჩანს, ქალაქ შუშაში ბრძოლები აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ მიმდინარეობს, დაწყებულია სტეპანაკერტისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სომხეთისკენ ევაკუაცია. აზერბაიჯანულ მხარეს აქვს გამოკვეთილი უპირატესობა და, სავარაუდოდ, მის კუთვნილ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს.

- აქამდე საქართველომ მაქსიმალურად დაიცვა ნეიტრალიტეტი და, როგორ ფიქრობთ, ეს ბოლომდე შენარჩუნდება? - საქართველო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და ცდილობს, კონფლიქტში არ იყოს რომელიმე მხარე, თორემ ზოგადად, საქართველო მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის – აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს. ამ კონფლიქტში საქართველო რომ ნეიტრალურია, სწორიცაა - როდესაც მეზობლის სახლს ცეცხლი უკიდია, არაა მართებული, ცეცხლზე ნავთის  დასხმა. დროში გაწელვის შემთხვევაში, ყარაბაღის კონფლიქტი ცუდად იმოქმედებდა საქართველოსთვის.

- როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, თურქეთს უნდა შეეკავებინა რუსეთი ამ კონფლიქტში. რუსეთი ღიად არც ჩარეულა მასში. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, როგორც არბიტრის როლი შეასუსტა, ფიქრობთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში დომინანტი ისაა? - კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, რუსეთი საეჭვოდ ჩუმადაა და არ ვიცით, რას მოიმოქმედებს. არც ის ვიცით, არსებობს თუ არა რამე შეთანხმება რუსეთსა და თურქეთს შორის და ეს 2-3 კვირაში გამოჩნდება. ვერ ვიმკითხავებთ, რაში შეიძლებოდა გაეცვალა რუსეთს ყარაბაღი. თუ ასე მოხდა, შესაძლოა, სირიის საკითხში შეთანხმდნენ - თურქეთმა სირიის იმ ტერიტორიებიდან დაიწყო თავისი ძალების გაყვანა, რასაც მანამდე მისგან  მოსკოვი ითხოვდა. ეს კი სავარაუდოდ იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ კრემლმა ანკარასთან მოლაპარაკებებში რაღაც ამდაგვარს მიაღწია. ყველაფერი მალე გამოაშკარავდება.

- შემთხვევით, ისტორია ხომ არ მეორდება – 1921 წელსაც რუსეთ-თურქეთის შეთანხმება ედო საფუძვლად სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს...

- 1921 წელსაც რუსეთსა და თურქეთს შორის შედგა შეთანხმება და მერე რაც მოხდა, ვიცით - რუსების შემოსვლა საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში. ისტორიას, ზოგადად, უყვარს გამეორება, მაგრამ ეს ერთი ერთში არ ხდება ხოლმე, რაღაც ნიუანსები იცვლება და სპეციფიკა ყოველთვის ერთნაირი ვერ და არ იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)