"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის" - კვირის პალიტრა

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის"

სააგენტო "ნიუპოსტმა" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურობენ და ვერც უარყოფენ.

მედიაში გავრცელებული, ვაშაძის განცხადების შინაარსი ასეთია:

"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია.

ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში.

საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს.

მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები.

პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები.

გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ.

არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულმა განცხადებამ უკმაყოფილება და გაურკვევლობა გამოიწვია ოპოზიციურ სპექტრში:

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - წერს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დამაბნეველს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას:

"რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის გაუგებარი და დამაბნეველი განცხადება. ველოდებით თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან მკაფიო განმარტებას, რას გულისხობს და რისი თქმა უნდაოდა, რამე ცვლილებაა მათ პოზიციაში, თუ არა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს: "სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ! ოფიციალური პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე".

იხილეთ ასევე: გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს