"დღეს რუსეთი სომხეთშიც არის, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც - რუსეთმა მაინც მოახერხა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება"
"დღეს რუსეთი სომხეთშიც არის, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც - რუსეთმა მაინც მოახერხა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება"
"სომხები ბევრად უარეს დღეში არიან, ვიდრე ჩვენ 2008 წელს ვიყავით - ფაშინიანის დღეები პოლიტიკაში დათვლილია"

"აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია დასრულდა" - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, პრემიერმა ფაშინიანმა კი საკუთარ ხალხს ბოდიში მოუხადა. "პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და
დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას
01:00 საათიდან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ", - დაწერა ფაშინიანმა "ფეისბუკის" გვერდზე.

რუსეთმა უკვე დაიწყო მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან
U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, ორი ათასამდე რუსი სამშვიდობო განლაგდება. ამასთან, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნა იგეგმება.

როგორ აისახება მთიანი ყარაბაღის ახალი პოლიტიკური რეალობა ჩვენი რეგიონის დღის წესრიგზე და რა გამოწვევების წინაშე დგება საქრათველო, ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ყარაბაღთან დაკავშირებით პროცესები სწორედ ისე განვითარდა, როგორც რუსეთს აძლევდა ხელს. კონფლიქტის დასრულებამდე ვამბობდი, რომ რუსეთი სტეფანაკერტის აღების საშუალებას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა აზერბაიჯანს. ასეც მოხდა, როდესაც სტეფანაკერტზე მიდგა საქმე, სწორედ მაშინ დაამუხრუჭა რუსეთმა აზერბაიჯანის შეტევა. შუშა, რომელიც ისტორიულად ყარაბაღის სახანო ქალაქი იყო, სტეფანაკერტის თავზე მდებარეობს. მოსკოვმა პროცესი ისე მართა, რომ აზერბაიჯანის პატივმოყვარეობა დააკმაყოფილა, მისცა ყარაბაღის შვიდი რაიონიდან 6-ის დაბრუნების საშუალება და, შესაბამისად, ბაქო დათანხმდა მოსკოვის სურვილს და სტეფანაკერტთან გაჩერდა.

რა მოიგო ამით რუსეთმა?! სამხრეთ კავაკასიაში აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც რუსული საჯარისო ნაწილები არ იდგა. ახლა ისევ დაბრუნდა და დღეს რუსეთი სომხეთშიც არის, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც. თავის მხრივ, თურქეთიც კმაყოფილია იმით, რომ მისი სამხედრო წარმომადგენლობა, სამშვიდობოების სახით, სამხრეთ კავკასიაში დადასტურდა. მაქვს ინფორმაცია, რომ თურქები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობასაც აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ დასავლელ პარტნიორებს წყალში ჩაეყარათ ფინასური და ადამიანური რესურსის ხარჯვა, ამდენი წვალება - რუსეთმა მაინც მოახერხა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ხოლო ამერიკას იზოლაციონისტი ტრამპის ნაცვლად "დემოკრატი" ბაიდენი ჩაუდგება სათავეში, კავკასიაში ნატოს გაფართოებას და დასავლური პოზიციების გაძლიერებას ხომ არ უნდა ველოდოთ?
- ახლა რუსეთს კარგა ხანს ვეღარავინ გაიყვანს კავკასიიდან. ამასთან, ვიდრე თურქეთში პრეზიდენტი ერდოღანი არის, არ მგონია, ნატომ კავკასიაში გაფართოება მოახერხოს. ერდოღანი ყველა საშუალებას, მათ შორის - პარტნიორულ ურთიერთობებს იყენებს თურქეთის ინტერესების გასამყარებლად. რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ერთი შეხედვით ის ჩანს, რომ ყარაბაღში რუსი და თურქი სამშვიდობოების ჩადგომით მხოლოდ რუსეთი კი არა, ნატოც შემოვიდა კავკასიაში. თუმცა ერდოღანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქული ჯარი ნატოს წარმომადგენლის სტატუსით არ იყოს კავკასიაში. მისი ჯარი ცალსახად თურქული სახელმწიფოს წარმომადგენელი იქნება. შესაძლოა, თურქეთში ერდოღანის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ახალი ტიპის მმართველი მოვიდეს, რომელიც თურქების ყარაბაღში ყოფნით კავკასიაში ნატოს ყოფნას გაუსვამს ხაზს. დღეს არსებული მოცემულობით აზერბაიჯანიც კმაყოფილია - ტერიტორიები დაიბრუნა, თურქეთი დააბრუნა კავკასიაში, თანაც ისე, რომ რუსეთს არ აწყენინა... მოკლედ, ალიევი თეთრ ცხენზეა ამხედრებული.

- ფაშინიანის კაპიტულაციას სომეხი ხალხი საპროტესტო აქციებით ხვდება, ამასთან ერთად, რუსეთს პროდასავლური კურსის გამო, დიდი ხანია, მისი დასჯა უნდოდა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორი შეიძლება იყოს ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი?
- რაც უნდა აპროტესტოს სომეხმა ხალხმა, ვერაფერს იზამს. მისმა მთავარმა მოკავშირემ - რუსეთმა ის გააკეთა, რაც საჭიროდ მიიჩნია. სომხები ბევრად უარეს დღეში არიან, ვიდრე ჩვენ 2008 წელს ვიყავით. არ ელოდნენ, რომ რუსეთი გაწირავდა. ასეა თუ ისე, ფაშინიანის დღეები პოლიტიკაში დათვლილია.
სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბევრი კურდღელი დახოცა, მათ შორის - პროდასავლელი ფაშინიანიც მოიშორა, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რჩება – თურქეთის პოზიციის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში. სხვა დროს და სხვა მოცემულობაში იგი ამას არ შეეგუებოდა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ დათმობაზე წავიდა, რადგან სხვაგვარად თავის 25-წლიან სურვილს ვერ აისრულებდა და ყარაბაღში სამშვიდობოებს ვერ ჩააყენებდა.

- ეს იმას ხომ არ მეტყველებს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთსა და თურქეთს შორის ჭიდაობა დაიწყება?
- ჭიდაობა უკვე დაწყებულია. შესაძლოა, ამაზე ბევრმა არ გაამახვილა ყურადღება, მაგრამ რუსეთსა და თურქეთს შორის ირიბად მოხდა სამხედრო დაპირისპირება. რუსეთმა ყარაბაღში მიმდინარე პროცესების დროს თურქეთის 8 უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოაგდო. ის კი არა, ორი დღის წინ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის კინაღამ ომი დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანელებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

- ამის გამო აზერბაიჯანელებმა ბოდიში ხომ მოიხადეს?!
- კი, ალიევმა სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება, ვერტმფრენის ჩამოგდებიდან 20 წუთში მოიხადა ბოდიში. თუმცა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ახლა ასე სჭირდებოდა. ხვალ და ზეგ თურქეთსა და რუსეთს შორის როგორ განვითარდება მოვლენები და რა როლს ითამაშებს ამ პროცესში აზერბაიჯანი, არავინ იცის.

- ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე როგორ აისახება?
- ძალიან ცუდად. ჩვენი შრომა დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაიყარა წყალში. დასავლეთს რომ უნდოდეს, შეუძლია არაფრად ჩააგდოს ფორმატი, რომელიც ახლა შეიქმნა ყარაბაღში, საქართველოზე მეტი აქცენტი გააკეთოს, განალაგოს აქ თავისი სამხედრო კონტიგენტი, მაგრამ არ გააკეთებს ამას იმიტომ, რომ არ უღირს.

- შეიძლება თუ არა ყარაბაღი ჩვენთვის პრეცედენტი გახდეს, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით?
- ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება, მაგრამ არ არის სწორი პოზიცია. აზერბაიჯანს სომხეთთან ჰქონდა საქმე, ჩვენ - რუსეთთან გვაქვს. ამასთან, აზერბაიჯანს თურქეთი უმაგრებდა ზურგს, ჩვენ - არავინ. გეოპოლიტიკის ერთ-ერთ შემქმნელ რუსეთთან ჭიდაობა კი მარტივი არ არის და ჩვენ სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)


გია
11 ნოემბერი 2020 18:22
მოვა დრო და ფაშინიანს მადლობას გადაუხდიან, ანუ უმძიმეს სიტუაციაში მთიანი ყარაბაღის უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა, სადაც რუსები განთავსდნენ და მიიღეს ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანმა მიიღო ის ტერიტორია, რომელიც მას ისედაც ეკუთვნოდა და შეუშვა თავისთან “სამშვიდობოები“ (კი ვიცით ჩვენ მათი ფასი) გადავა ეს ეიფორია და მიხვდებიან სად ამოყვეს თავი, რუსებს დამატებითი ბერკეტი აზერბაიჯანის სამართავად თავისის ხელით მიართვეს
გიგა
11 ნოემბერი 2020 17:02
კარგ დროს წაეთრა ტრამპი. ბაიდენი ამდენს არ აპარპაშებს რუსეთს
Levani
10 ნოემბერი 2020 22:07
დაბრუნებაო და სად იყო წასული რომ? ახლა იქ ე.წ მშვიდობისმყოფელებს ჩააყენებს, მერე სომხეთსაც წაეხმარება ვითომ სტეპანაკერტის სეპარატისტების წაქეზებით. იქნება მუდმივი პროვოკაცია, ოღონდ ამჯერად აზერბაიჯანს მწვანეს აღარ აუნთებს, რომ პრობლემა საბოლოოდ გადაჭრან და აზერბაიჯანს ტვირთად დააწვება. ხო გაიმარჯვა აზერბაიჯანმა თითქოს, მაგრამ არასრული და საერთოდაც რანაირი გამარჯვებაა? რუსი ჩაიყენა იქ. აქ გამარჯვებული მხოლოდ რუსეთია, ჩვენ ვიხოცებით, ვხოცავთ ერთმანეთს და რისთვის? ვინ რა მოვიგეთ? ქართველმა, სომეხმა და აზერმა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები