"რუსეთი თბილისს სახმელეთო დერეფანს მოსთხოვს სომხეთის მიმართულებით?! - საქართველოსთვის ბრძოლა ყველაზე აქტუალური გახდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი თბილისს სახმელეთო დერეფანს მოსთხოვს სომხეთის მიმართულებით?! - საქართველოსთვის ბრძოლა ყველაზე აქტუალური გახდება"

რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად განიხილავენ და აკომენტირებენ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის სამმხრივ შეთანხმებას. პოპულარული გამოცემა "სვობოდნაია პრესა" («Свободная пресса») აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვისია გამარჯვება? ყარაბაღში არა მარტო სომხეთის, არამედ - რუსეთის ბედი წყდებოდა: ანდრანიკ მიგრანიანი მაქსიმ შევჩენკოს წინააღმდეგ". გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

ანდრანიკ მიგრანიანი, მგიმოს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი:

"აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის სამმხრივი შეთანხმება შესაძლებელია, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს: ერთი მხრივ, ეს არის რუსეთის ტაქტიკური გამარჯვება, მეორე მხრივ კი - თურქეთის სტრატეგიული გამარჯვებაც. უნდა ვაღიაროთ, რომ სომხეთის არაკომპეტენტური და გრანტიჭამია მთავრობის გამო, მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსეთი დიდხანს ელოდებოდა სომხეთის ხელისუფლების "დაჭკვიანებას" და დახმარებას აჭიანურებდა... ეს გასაგებია, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც: ყარაბაღი მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ იბრძოდა, არამედ - სომხეთისა და რუსეთისთვისაც. მოსკოვის ყოყმანმა მისი ერთადერთი მოკავშირის დამარცხება გამოიწვია. ის, რაც მოხდა, ტოტალურ კაპიტულაციას წარმოადგენს.

აზერბაიჯანი ყოველთვის თურქეთის ძმა და მეგობარი იყო, საქართველოსაც ვერ ჩავთვლით რუსეთის მოკავშირედ... ასეთ სიტუაციაში მოსკოვის გაუბედაობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მართალია, ჩვენ ახლა ტერიტორიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ძალიან დიდი, კოლოსალური რეპუტაციული დარტყმა მივიღეთ.

შეძლებს თუ არა ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში დარჩენას? იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს. ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ამერიკა თავისი კაცის დასახმარებლად სომხეთში დესანტს გადასხამს... თუმცა ამერიკას ახლა ნიკოლ ფაშინიანის ბედი არ ადარდებს, ვაშინგტონს თავისი პრობლემები აქვს".

------------

მაქსიმ შევჩენკო, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, არ იზიარებს ანდრანიკ მიგრანიანის თვალსაზრისს და ფიქრობს, რომ მომხდარი ამბები რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯან-ირანის პარტნიორობას მოწმობს. იგი შეთანხმებას მოსკოვის წარმატებად მიიჩნევს:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესიდან გააძევეს, საკითხი მის გარეშე გადაწყდა. რუსეთმა გონივრული ნეიტრალიტეტის მაგალითი აჩვენა და სიტუაციაში საჭირო მომენტში ჩაერია.

დღეს ვითარება ასეთია: სომხურმა მხარემ მთიანი ყარაბაღი ზოგადად დაკარგა, მაგრამ მას მაინც დაუტოვეს სტეფანაკერტი, რომელსაც აზერბაიჯანისათვის რამე სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. აზერბაიჯანმა დაიბრუნა შუშა, რაც მისი სრული გამარჯვების სიმბოლოს წარმოადგენს. გარდა ამისა, სომხებს გაჰყავთ თავიანთი ჯარები ოკუპირებული კელბაჯარის რაიონიდან, ხოჯალიდან... სომხურ სტეფანაკერტში კი რუსი მშვიდობისმყოფელები იდგებიან.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობით განხორციელდა. რას მიიღებს რუსეთი საბოლოოდ? ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, შეიქმნება რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ერთობლივი პოლიტიკურ-ეკონომიკური (ენერგეტიკული) კონსორციუმი....

და ამ დროს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ბედი ელოდება საქართველოს. გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა თბილისს სომხეთის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი მოსთხოვოს. საქართველოსთვის ბრძოლა ყველაზე აქტუალური გახდება - ეს იქნება პოლიტიკური ბრძოლა სამხედრო ფაქტორის გარეშე. საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის საკვანძო ქვეყანა და ახლა იგი იქცევა ყველაზე მთავარ ტერიტორიად, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

თურქეთთან კეთილმეზობლური და სამოკავშირეო ურთიერთობა რუსეთისთვის დასავლეთის ალტერნატივას წარმოადგენს. დასავლეთმა კავკასიაში დიდი მარცხი განიცადა. ასევე, დამარცხდა საერთაშორისო პროდასავლური სომხური ლობიზმი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სომხეთისა და სომეხი ხალხის მარცხი. ამით სომხეთმა ბევრი რამ მოიგო კიდეც. მოკლედ, მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება, რასაც მივესალმები. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს და მის მთავრობას... მას ხელისუფლებაში დარჩენის მცირე შანსები აქვს. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ნიკოლ ფაშინიანის დასამხობად, თუმცა დასავლეთი პირიქით მოიქცევა - შეეცდება, რომ იგი როგორმე შეინარჩუნოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ასევე დაგაინტერესებთ: "დღეს რუსეთი სომხეთშიც არის, აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც - რუსეთმა მაინც მოახერხა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნება"