"ფაქტია, რომ არჩევნებზე იყო მამაძაღლობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, შუბლების დატაკება კარგს არაფერს მოიტანს" - კვირის პალიტრა

"ფაქტია, რომ არჩევნებზე იყო მამაძაღლობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, შუბლების დატაკება კარგს არაფერს მოიტანს"

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ პროცესები ქუჩიდან სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ოპოზიციამ ყველა დონის ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. თავის განცხადებაში ვაშაძე ოპოზიციას ირიბად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული გზავნილები სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა განცხადების ავტორის თანაგუნდელებისთვის. როგორც გაირკვა, მან ეს ტექსტი ისე გაავრცელა, არავისთან შეუთანხმებია.

ვაშაძის განცხადება ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაღლილობას მიაწერა. რამდენიმესაათიანი ვნებათაღელვა მას შემდეგ განეიტრალდა, რაც ვაშაძემ ახალი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ამ განცხადების პარალელურად, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ოთხი პარტია დამოუკიდებლად შეიკრიბა და ახალი დოკუმენტი გააფორმა. ისინი ამბობენ, რომ ეს იყო მათი პასუხი ვაშაძის დამაბნეველ განცხადებაზე. მათ შეიმუშავეს დოკუმენტი, რის მიხედვითაც ოთხი პარტია არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ განცხადებას ხელი შემდგომ სხვა პარტიებმაც მოაწერეს, მათ შორის - "ნაციონალურმა მოძრაობამაც".

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძის აღნიშნული განცახადება სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციაში ერთიანობა ირღვევა, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამ მხრივ ახლო წარსულში არცთუ კარგი გამოცდილება გვაქვს.

- ოპოზიციის შიგნით რაღაც პროცესები მუდმივად კი მიდის, მაგრამ არ მგონია, რომ ვაშაძის განცხადება ოპოზიციის ერთიანობის რღვევაზე მიანიშნებდეს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე შინაარსს ვეთანხმები, გარკვეულწილად, მისი ეს განცხადება უცნაური იყო იმიტომ, რომ ამ ტიპის ფუნდამენტური განცხადებები პარტიის შიგნით განხილვის შედეგად და პარტიის გადაწყვეტილებით კეთდება. ნუ წარმოვიდგენთ, რომ გაერთიანება კი არა, ნებისმიერი პარტია რაღაც მონოლითია, იქ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის. მე პირადად, ვაშაძის პათოსი მომწონს იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, შუბლების დატაკება კარგს არაფერს მოიტანს. შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთობას, ეს ძნელი სათქმელია, მით უფრო, როცა არ გვაქვს ამ მხრივ კარგი გამოცდილება. თუ არ შეინარჩუნებენ ერთიანობას, ეს მათი პრობლემაა, ფაქტია, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დიალოგი, მის გარეშე ეს პრობლემა არ გადაწყდება.

- მარტო თქვენ არ ფიქრობთ ასე, საერთასორისო პარტნიორებიც დიალოგისკენ და არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მას დისტაციურად დააკვირდებიან...

- პროცესი რომ ნორმალიზაციისკენ წავიდეს, ამას ორივე მხრიდან გარკვეული კომპრომისი სჭირდება, ცალმხრივად ეს არ გამოდის იმიტომ, რომ ორივეს სჭირდება იერსახის შენარჩუნება. კომპრომისი რომ შედგეს, ამას სჭირდება მოლაპარაკებები, ასე რომ - ყველანი მაგიდასთან! მოლაპარაკებაზე უარის თქმა წამგებიან პოზიციაში აყენებს იმას, ვინც ამაზე უარს ამბობს. თუ უნდათ პრობლემა გადაჭრან, მაგიდასთან უნდა დასხდნენ. შეთანხმდებიან თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს. ვფიქრობ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს გარკვეული დათქმით და პირობებით, რა თქმა უნდა.

- რა უნდა იყოს ეს "გარკვეული დათქმა"? და კიდევ, განვითარებადი იქნება თუ არა ოპოზიციის პროტესტი და როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან?

- პროტესტს გააჩნია. ფაქტია, რომ არჩევნებზე იყო მამაძაღლობა, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ჩვენ არ ვიცით ამ მამაძაღლობის მასშტაბები. უნდა შეიქმნას მექანიზმი, რითაც რეალურად გავარკვევთ, რა მოხდა არჩევნებზე და რამდენად არსებითად შეცვალა მამაძაღლობამ შედეგი. ეს უნდა გავიგოთ და რომ გავიგოთ, ამაზე ორივე მხარის პოლიტიკური ნება უნდა იყოს. მხარეები გარკვეულ პროცედურაზე უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ ვარკვევთ ამას. ჩვენ ახლა კრიზისიდან გამოსვლა გვჭირდება და მოლაპარაკებების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ორივე მხარემ ისე უნდა დათმოს რაღაც, რომ სახე შეინარჩუნოს. კი ბატონო, ქუჩაში აზრის გამოხატვა და პროტესტის გაგრძელება შეიძლება ფონად გასდევდეს ამას, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც შეიძლება მხარეების შეთანხმება. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ  ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება - კარგი იქნება, თუ იგი პარტიებს პარლამენტში შესვლას შესთავაზებს და დათანხმდება იმაზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სისტემურად შეისწავლის ყველა იმ დარღვევას, რაც არჩევნებზე ხდებოდა. ეს უნდა იყოს დიდი საჯარო პროცესი თავისი დაკითხვებით. რაც მთავარია, კომისიის დასკვნის შედეგად თუ დადგინდა, რომ არჩევნების შედეგები არსებითად შეცვალა იმ დარღვევებმა, რაც არჩევნებზე იყო, ხელისუფლებამ (რომელიც, როგორც ამბობს, დარწმუნებულია არჩევნების ლეგიტიმურობაში) არ უნდა დაიხიოს უკან იმაზეც, რომ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გამოაცხადოს და დაეთანხმოს ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ორივე მხარე შეინარჩუნებს სახეს, გადავალთ ცივილიზებულ ფარგლებში - პარლამენტის კედლებში და იქ გავაგრძელებთ ამას.

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის"