"ასეთი დაანონსებული ზაფხული და გაზაფხული ბევრი მინახავს" - კვირის პალიტრა

"ასეთი დაანონსებული ზაფხული და გაზაფხული ბევრი მინახავს"

"საქართველოში რევოლუციური განწყობის შემოტანას პერსპექტივა არა აქვს"

"ვერ წარმომიდგენია, რაიონული ცენტრიდან არცთუ ისე შორს ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი გასული წლიდან "ევროპის მოსახლეობის და განვითარების ფორუმის" პრეზიდენტია, რომელიც ჯანდაცვის, დემოგრაფიის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვა თემებზე მუშაობს. როდესაც ბატონ გიგის ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, მითხრა, - ამჟამად დიდ ბრიტანეთში ვარ, სადაც 50 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებთან კრიზისისა და ფინანსური სირთულეების პირობებში გლობალური საფრთხეების დაძლევაზე, ეპიდემიების და ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციაზე ვმსჯელობო. ამან ვარიანში წლინახევრის ბავშვის შიმშილით სიკვდილი გამახსენა.

- კარგია, ევროპელ კოლეგებთან ასეთ პრობლემებზე რომ მსჯელობთ, მაგრამ ერთია საუბარი, მეორეა - შედეგი. ახლახან საქართველოში წლინახევრის ბავშვი დაიღუპა შიმშილით.

- ეს ოჯახი ყველანაირ სახელმწიფო დახმარებას იღებდა, ამიტომ გადაჭარბებულად მეჩვენება შეფასება, რომ ოჯახი შიმშილობდა (?!). საყურადღებო ფაქტია, რომ ამ შემთხვევამდე ოჯახში სამი ბავშვი გარდაიცვალა. შეიძლება საუბარი იყოს რაიმე სახის პათოლოგიაზე. ეს საკითხი გამოსაკვლევია. ეტყობა, რაღაც ოჯახური პრობლემაა, თორემ ვერ წარმომიდგენია, რაიონული ცენტრიდან არცთუ ისე შორს ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ. ამ ოჯახს აქვს სახელმწიფოს დახმარებით ჯანდაცვის სრული უზრუნველყოფა და შეუძლიათ გამოკვლევა ჩაიტარონ. უნდა შემოწმდეს ასევე, როგორია მშობლების როლი.

- იმ ფაქტს ხომ მაინც არ სჭირდება გამოკვლევა, რომ საქართველო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით მოწინავე ადგილზეა.

- სანამ ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიები დაიწყებდნენ ლაპარაკს, ჩვენ ვლაპარაკობდით. 10 წელია კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რომ ახალშობილებში მაღალი სიკვდილიანობა შემცირდეს. ამისათვის კეთდება უკეთესი ინფრასტრუქტურა, იქმნება უკეთესი სამშობიარო პირობები, ვიყენებთ უკეთეს მედიკამენტებს და ვზრუნავთ მედპერსონალის უკეთ მომზადებაზე. აქამდე ბავშვთა სიკვდილიანობას, გარდა ორსულობის პათოლოგიებისა და ინფექციებისა, ზრდიდა ახალშობილის მოვლასა და სამედიცინო მომსახურებაში პრობლემები, განსაკუთრებით ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში. ამის მიზეზია სიღარიბე და ეკონომიკური გაჭირვებაც. კომბინაციაში ეს ყველაფერი იწვევდა ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ დონეს.

- პოლიტიკურ საკითხებზე გადავიდეთ. ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ოფიციალურმა იერუსალიმმა ებრაელი ბიზნესმენების დაკავება დაასახელა. გამოდის, ისრაელთან დიპლომატიური პრობლემები გვაქვს?

- არა მგონია, ვიზიტის გადადება ასეთი განსჯის საგანი იყოს. ბევრი ვიზიტი გადადებულა და ეს არავის გაუგია. ვიზიტი დღეს თუ არა, ხვალ შედგება.

შესაძლებელია ისრაელის ხელისუფლებას თავისი მოსაზრებები აქვს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ფაქტები. როგორც ვიცი, ებრაელი ბიზნესმენების დაკავება მრავალი წლის წინანდელ კორუფციულ გარიგებას უკავშირდება. ქრთამის აღების შემდეგ მიიღეს ებრაელი ბიზნესმენების სასარგებლო გადაწყვეტილება. საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა კომერციულად საინტერესო საკითხებს სწორედ ქრთამის აღებით წყვეტდა.

ჩვენს ქვეყანას 100 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა გაუგებარი კორუფციული შეთანხმების გამო და ძალიან სწორია, რომ არ გადაიხადა. ეს საკითხი მოგვარდება და არანაირად არ აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე.

- ამბობენ, რომ ებრაელი ბიზნესმენები ხელისუფლების ხაფანგში გაებნენ და მათ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა გაუკეთა პროვოცირება.

- ის არის პროვოცირება, რომ ვიღაცას ქრთამის მიცემაზე ელაპარაკებოდნენ? ორმხრივი სურვილი თუ არ არის, ცალმხრივად ვინმეს პროვოცირება ძალიან რთულია. ჩვენთან წესიერ უცხოელ ინვესტორებს ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, მაგრამ ვისაც ქრთამის მიცემის ფასად უნდა სახელმწიფოს 100 მილიონი დოლარი წაჰგლიჯოს, არაფერი გამოუვა. საქართველოს არა აქვს ვიღაცის გასამდიდრებლად 100 მილიონი დოლარი.

- მომავალ კვირას მთავრობა მოდის პარლამენტში, რაც უკვე შეფასდა ე. წ. საჩვენებელ გამოსვლად, რომელსაც არაფერი მოჰყვება.

- მთავრობას დავუსვამთ ყველა იმ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს. ვკითხავთ პროდუქციისა და მედიკამენტების გაძვირებაზე, დევნილებზე, სოციალურ დაზღვევაზე და მათი მოსმენის შემდეგ ჩამოგვიყალიბდება აზრი. შეიძლება რომელიმე მინისტრის ხედვა არ მოგვეწონოს, ან ვიღაცის პასუხები არ ჩავთვალოთ გამართულად.

- და პარლამენტი ასეთი მინისტრების შეცვლას მოითხოვს?

- ამის არაერთი მაგალითია. რა, არ იცვლებიან მინისტრები საქართველოში?

- ერთადერთი მინისტრი, რომელსაც პარლამენტი დაუპირისპირდა, სალომე ზურაბიშვილი იყო. სხვა თქვენ დამისახელეთ.

- ერთი დეპუტატის მოთხოვნით შეიძლება მინისტრი არ მოხსნან, მაგრამ უმრავლესობასა და პრეზიდენტს არაერთხელ დაუსვამთ ასეთი საკითხი. სალომე ზურაბიშვილის ამბავი იმიტომ გამოჩნდა, რომ დაპირისპირება პარლამენტში მოხდა. არაერთი მინისტრი წავიდა შიდაგანხილვების შემდგომ. იქ, სადაც უმრავლესობას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს, იღებს.

- აღდგომის შემდეგ "სახალხო კრება" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს, "სააკაშვილის გაშვებას" გეგმავს "ქართული პარტიაც".

- საქართველოში რევოლუციური განწყობის შემოტანას პერსპექტივა არა აქვს. აღმოსავლეთის ამბების შემდეგ ვიღაცას შესაძლოა რევოლუციის სურვილი გაეღვიძა, მაგრამ ეს უპერსპექტივო საქმეა.

ძალიან მოკლე ჭკუა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ აღმოსავლეთის ამბები და საქართველო ერთმანეთს დაუკავშიროს. რა შედარებაა კადაფის 40 წლის მმართველობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რომელიც შვიდი წელია მართავს ქვეყანას?

საქართველოს შეიძლება დემოკრატიის ყველაზე მაღალ გამოხატულებაზე არ ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის მიდის დემოკრატიისკენ. ასე რომ არ იყოს, ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი აშშ არ იქნებოდა. ნაცვლად იმისა, ქვეყანას გავუფრთხილდეთ და არ ავრიოთ, "შეფიცულთა" ლაშქარზე ლაპარაკობენ. პოლიტიკოსებმა მოსახლეობას ჩვენი პროგრამები უნდა შევთავაზოთ, ხელები კი არ უნდა ვიქნიოთ.

ვისაც უნდა შეიკრიბოს და მიტინგიც გამართოს. ამით ქვეყანა არ დაიქცევა და არც ხელისუფლება შეშინდება.

- ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ გაზაფხულზე სააკაშვილს გაუშვებს.

- აგერ მოვა გაზაფხული და ვნახოთ. ასეთი დაანონსებული ზაფხული და გაზაფხული ბევრი მინახავს. საზოგადოება არ აჰყვა იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც არეულობისა და სამოქალაქო ომისკენ მიჰყავთ ქვეყანა. ვინც ხელისუფლების დამხობას ფიქრობს, უნდა იცოდეს, რომ თუ ეს გააკეთა, მასაც დაამხობენ.