"აშშ-მა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე დაინახა და მოქმედება დაიწყო საქართველოს მიმართულებით" - გია ხუხაშვილი საქართველოში პომპეოს ვიზიტზე და რეგიონში დარღვეულ ძალთა ბალანსზე - კვირის პალიტრა

"აშშ-მა რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე დაინახა და მოქმედება დაიწყო საქართველოს მიმართულებით" - გია ხუხაშვილი საქართველოში პომპეოს ვიზიტზე და რეგიონში დარღვეულ ძალთა ბალანსზე

"მას შემდეგ, რაც ამერიკას კავკასიაში ცივი შხაპი მიაღებინეს, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა დასჭირდა" - ასეთია ქართველ პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ერთი ნაწილის ვერსია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. "ჩემის აზრით, აშშ-მ  რეგიონში თამაშგარედ დარჩენის საფრთხე დაინახა და  მოქმედება დაიწყო ერთადერთი შესაძლო ვარიანტის – საქართველოს მიმართულებით. მაღალი ალბათობით, შემოთავაზებული იქნება ევროატლანტიკურ სისტემაში ჩვენი დაჩქარებული ინტეგრაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ლაპარაკი დაიწყოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რაღაც ფორმით სასწრაფო ფიქსაციაზე საქართველოში, მომავალში სამხედრო ბაზის დაანონსებით", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. საინტერესოა, რა რესურსი შეიძლება ჰქონდეს დარჩენილი ამერიკას საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, მით უფრო - განსამტკიცებლად, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ უკვე გადაინაწილეს გავლენები და პოზიციებიც გვარიანად გაიმყარეს. შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანმა, რომლებმაც პომპეოსთვის მიცემული ცეცხლის შეწყვეტის პირობა თითქმის მეორე დღესვე დაარღვიეს, ამერიკის საშუამავლო როლს ისევ რუსეთის არჩიეს და რეგიონში დამატებითი რუსულ-თურქული სამხედრო კონტინგეტი შეიყვანეს. ასევე, საინტერესია, რა გვინდა ჩვენ, სად ვხედავთ ჩვენს როლს და ფუნქციას ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ამ საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი:

- საქმე ის გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც ფრთხილად და აუჩქარებლად მოქმედებდა  ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებულ მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინარული მოქმედება, იმისთვის, რომ გააფართოოს ან, უარეს შემთხვევაში, შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები. სრულიად აშკარაა, რომ ამ ეტაპზე რუსეთმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, საქართველოს ცაში რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ყარაბაღში სამშვიდობო ძალები გადაჰყავდათ და შესაბამისი სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ. ახლა ამერიკას აქ პასიურობა, შეშფოთების რიტორიკა ვეღარ გამოადგება, სწრაფი მოქმედებებია საჭირო. სხვაგვარად შესაძლოა, თამაშგარეშე მდგომარეობაში დარჩეს. ქმედითი ნაბიჯი, ჩემი აზრით, არის ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. არის პრეცედენტები, როდესაც, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პენტაგონის ეგიდით სამხედრო კონტინგენტის დროებით განთავსება ხდება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ  ამერიკის ინტერესი დაფიქსირდეს. კავკასიის რეგიონის მასშტაბით ამ მანევრის განხორციელების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ საქართველოში აქვს. აზერბაიჯანს და სომხეთს ახლოსაც ვერ გაეკარება, ვერც დიპლომატიური და ვერც სხვა თვალსაზრისით. ასეთი მანევრი ჩვენთვისაც საინტერესოა. რადგან კავკასიის ახალი გადანაწილების პროცესში ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანი ფორმირება და შესაძლოა, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

- თუმცა ეს მანევრი გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც არის. - ბუნებრივია, ასეთ დროს ყოველთვის არის საფრთხე. მეც წინააღმდეგი ვარ, რომ რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე დავდგეთ, მაგრამ თავი ხომ უნდა დავიცვათ?! დიახ, რუსეთი გაბრაზდება. სწორედაც იმის გამო, რომ გაბრაზებულ რუსეთს ხელი ცუდად არ წაუცდეს, ჩვენი მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებაა საჭირო.

- იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან "სტრატეგიული მოთმინების" პოლიტიკას მისდევს, ეს თქვენი თეორიები რამდენად რეალურად შეიძლება განხორციელდეს? - არ ვიცი, ჩემი აზრით, ასეთი მოქმედების ობიეტურობა ნამდვილად არის. როგორ მოიქცევა ხელისუფლება, ეს გარკვეულწილად ტესტიც კი იქნება ამ უკანასკნელისთვის, თუ რა უნდა და საით მიჰყავთ ქვეყანა.

- ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაიკ პომპეოს პოლიტიკური მოღვაწეობა მიწურულშია და დაზუსტებით არ ვიცით, როგორი იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის განწყობები და ხედვები. - დიახ, გეთანხმებით, რომ პომპეოს პოლიტიკური მოღვაწეობა მილევად რეჟიმშია და დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ძველებური ძალა აღარ აქვს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის საგარეო ინტერესები, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობითია და ამა თუ იმ ადმინისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. საქმე ეხება ამერიკის, როგორც გლობალური მოთამაშის გრძელვადიან ინტერესებს. ამ მოცემულობაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პომპეო წამსვლელია თუ მომსვლელი.

- დღეს არსებული გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რამდენად არის მზად? - ჩვენი პოლიტიკური სპექტრი გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის კი არა, ერთმანეთთან სალაპარაკოდაც არ არის მზად. ისევ გარედან თუ გვიკარნახებენ რამეს, თორემ ესენი არც პანდემიას იმჩნევენ და არც სოციალურ პრობლემებს. ორმხრივი მონოლოგით არიან დაკავებულები, დიალოგამდე ვერც მიდიან.

ხათუნა ბახტურიძე