"მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­მას­ხა­რა­ვა მთე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა...მალე დაიჭერენ და ჩემი აზრით, მოკლავენ კიდეც" - კვირის პალიტრა

"მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­მას­ხა­რა­ვა მთე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა...მალე დაიჭერენ და ჩემი აზრით, მოკლავენ კიდეც"

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის უპრეცენდენტო ძარცვიდან თითქმის ერთი თვე სრულდება და სამართალდამცავები დამნაშავის კვლავ ეძებენ. კალაშნიკოვის ტიპის იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მძარცველი ბანკში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლად აიყვანა ათეულობით პირი და სამართალდამცავებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

მთელ ამ პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარიდან 5 დღეში სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მოახერხა. საზოგადოებამ შეიტყო, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ზუგდიდში, სოფელ გრიგოლიში მცხოვრები 32 წლის ბადრი ესებუაა, რომელიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინიტროში მუშაობდა.

გახმაურებული დანაშაულის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა სამართალდამცავები ესებუას დაკავებას და როდის მოხდება ეს.

Ambebi.ge სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ღლონტს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, რა პერიოდია გასული საიმისოდ, რომ დამნაშავის დაკავების დროულობაზე ვიმსჯელოთ?

- ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ მალევე მოეხერხებინათ მისი დაკავება. ეს უფრო მეტ პროფესიონალიზმზე იმეტყველებდა, თუმცა დიდი დროც არ არის გასული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მას აუცილებლად დააკავებენ. დროის ამბავია. არ ვიცი, რა ეტაპზეა ახლა ოპერატიული სამუშაოები, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მალე მოხდება. დაიჭერენ და ჩემი აზრით, მოკლავენ კიდეც. სად უნდა წავიდეს? ფული დანომრილია და მის გამოყენებას ვერ შეძლებს. წარმოუდგენელია, ქვეყნის დატოვება შეძლოს. ვერც აფხაზეთში გადავა და მითუმეტეს, ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში. მაშინვე აიყვანენ. იდენტიფიცირებულია და ყველამ იცის მის შესახებ. როგორც კი ფულის გამოყენებას ეცდება, ბანკში მაშინვე განგაში ატყდება. საერთოდ, ბანკის აღება არის ყველაზე დიდი სისულელე. პრაქტიკულად, ყველა ასეთი დანაშაული ყველა ქვეყანაში იხსნება.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძვლეს, რომ დამნაშავის ლიკვიდაცია მოხდება?

- ასეთებს, ძირითადად, კლავენ. ის უკვე ყველაფერზე წამსვლელია და რატომ გარისკოს სახელმწიფომ?! გაიხსენეთ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე არავინ მიდის, მათ კლავენ! როგორ გგონიათ, რატომ დაიწყეს გამოძიება ტერორიზმის მუხლით? სინამდვილეში, ეს ხომ ტერორიზმი არ არის. ეს არის კლასიკური ყაჩაღობა. ტერორისტი ბანკებს არ ძარცვავს, იმისათვის რომ ფული წაიღოს და ისიამოვნოს. მისი მოტივაცია სულ სხვაა. იდეისთვის, პოლიტიკური განაცხადით იბრძვის. მისი მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს იმ ქვეყანას და რეჟიმს, რომელსაც ეწინააღმდეგება. როგორ გგონიათ, მძარცველს ეს მუხლი რატომ წაუყენეს?! იმიტომ, რომ მისი ლიკვიდაცია შეძლონ. მან, ფაქტობრივად, გაამასხარავა მთელი სამართალდამცავი სისტემა. ამასთან, ამ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს, 20 წლის მერეც რომ დაიჭირონ, მაქსიმალური სასჯელით გაასამართლებენ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და პროფესიონალური იყო სამართალდამცველების ქმედებები?

- მე ამას შევაფასებდი 50% - იანი ეფექტურობით. კარგია, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ ცუდია, რომ დამნაშავეს გაუვიდა და ახლა სადღაც დაძრწის. მე უფრო ვფიქრობ, აქ წინასაარჩევნო პერიოდმა ითამაშა დიდი როლი. ხელისუფლებას უბრალოდ არც კი უფიქრია რისკზე წასულიყო. არასაარჩევნო პერიოდი რომ ყოფილიყო, მგონია, რომ უფრო სხვანაირად იმოქმედებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც სამართალდამცავები პროფესიონალიზმის მაღალი დონით გამოირჩევიან, ასე მარტივად არ გაატანდნენ ფულს და ასეთ საშიშ დამნაშავეს არ გაუშვებდნენ სამშვიდობოს. არც ჩვენს შემთხვევაში წარმოადგენდა ეს პრობლემას. შენობა იყო გამჭვირვალე, კარგად ჩანდა დამნაშავის თავი და სნაიპერი მას იდეალურად მოკლავდა, მაგრამ საბოლოოდ, ალბათ, მაინც სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მეც ასე მოვიქცეოდი. იქ რომ ერთი ადამიანის სისხლი მაინც დაღვრილიყო, წარმოიდგინეთ, რა მოყვებოდა ამას. იტყოდნენ, ადამიანის სიცოცხლეს ფული ამჯობინესო და ხალხი აჯანყდებოდა. ახლა ამბობენ, უნიათოები არიანო, ფული როგორ გაატანესო, მაგრამ სასწორის ორივე მხარე უნდა იყოს გათვალისწინებული.

- როგორ ესროდნენ სნაიპერები, მას ხომ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ყუმბარა ეჭირა ხელში?

- აი, ეს არის საკითხავი, იყო კი ის ყუმბარა ნამდვილი? ან თუ იყო, რამდენად იყო საბრძოლო მდგომარეობაში. დიდი ალბათობით, ეს იყო ე.წ. მულიაჟი. კარგი შეიარაღებული და გამოცდილი თვალი ამას აუცილებლად შეამჩვენდა. წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მაღალი კლასის პროფესიონალი იყოს, ვინმემ ამდენი საათის განმავლობაში შეძლოს ყუმბარის ხელში დაჭერა. გარწმუნებთ, მსოფლიოში ვერავინ შეძლებს, რომ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ყუმბარა 8 საათი ეჭიროს ხელში. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. გააგრძელეთ კითხვა