გეოპოლიტიკური ფორსმაჟორი, ანუ რატომ ჩამოდის პომპეო?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური ფორსმაჟორი, ანუ რატომ ჩამოდის პომპეო?!

"საერთო-ეროვნული ინტერესის საგანი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ისეთ სტანდარტს, როცა აღარასდროს დაგვებადება კითხვები არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც, ინტერესიც და უმნიშვნელოვანესი წინა პირობა ქვეყნის განვითარებისთვის"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საფრანგეთსა და თურქეთში ვიზიტების შემდეგ, საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. მაიკ პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა გამოხატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ. საზოგადოდ, რეგიონისა და კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია. რატომ ჩამოდის პომპეო მაინცდამაინც ახლა საქართველოში? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

თენგიზ ფხალაძე

- პომპეო ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვლენებს ხშირად ქართული პრიზმიდან ვუყურებთ. მე მოვისმინე ასეთი შეკითხვაც, თუკი აშშ-ში ადმინისტრაცია იცვლება, ეს ხომ არ დააკნინებს ამ ვიზიტსო. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის "არა". ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პერსონალიებზე, ის დამოკიდებულია როგორც მოქმედი, ისე მომავალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ინტერესებზე. ასე რომ, პომპეოს ვიზიტი არ არის რიგითი მოვლენა, აქ ორი მთავარი საკითხია: პირველი - უსაფრთხოება, განსაკუთრებით რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. ამიტომაც საქართველოს დაცულობის გასაძლიერებლად ეს ვიზიტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

მეორე საკითხია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერა, რაც ნათქვამია კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ვითარებაში, როცა რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, როცა ძლიერდება რუსეთი, უმნიშვნელოვანესი და ძლიერი გზავნილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა. ამას როგორ გამოვიყენებთ, რა ინიციატივებით დავხვდებით და რას შევთავაზებთ, დრო გვაჩვენებს.

- რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმების საფუძველზე ყარაბაღში ცეცხლი კი შეწყდა, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი სამხრეთ კავკასიაში "მშვიდობისმყოფლის" მანდატით დაბრუნდა. ამან ბევრს გასული საუკუნის 1920-21 წლების ავადსახსენებელი მოვლენებიც კი გაახსენა... - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიის ნაწილი და ის გარკვეულწილად გამარჯვებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყარაბაღის პრობლემა ამოიწურა. შეთანხმების თანახმად, შეწყდა ცეცხლი, დევნილთა ნაწილი აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებიდან ბრუნდება ყარაბაღში, მაგრამ ყარაბაღის სტატუსი კვლავ გადაუწყვეტელია. რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო ერთადერთი სახელმწიფო კავკასიაში, სადაც რუსეთს არ ჰქონდა სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები, ამ შეთანხმებით კი მას ლეგალური საფუძველი მიეცა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განსათავსებლად და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. არ არის მხოლოდ კონფლიქტის ზონაზე ლაპარაკი, არამედ 2 მნიშვნელოვან დერეფანზე: ერთია თავად კონფლიქტის ზონა და ლაჩინის დერეფანი, ხოლო მეორე დერეფანი აზერბაიჯანს აკავშირებს ნახჭევანთან, რომელიც მოწყვეტილია ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან და მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ.

ასე რომ, რუსეთი აქტიურად შემოდის რეგიონში, აძლიერებს გავლენას აზერბაიჯანზე, სადაც, გარდა იმისა, რომ სამხედრო ძალებს განათავსებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტიც მოიპოვა იმ პოზიციის წყალობით, რაც ბოლო კვირებში ყარაბაღში ცხელი კონფლიქტისადმი ჰქონდა.

მას აქვს სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტებიც და ახლა შეეცდება ისინი უფრო გააძლიეროს და სომხეთში მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ადვილად დაემორჩილება კრემლის ბრძანებებს.

საინტერესოა რეგიონში თურქეთის გამოჩენაც, თუმცა აზრი, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო პროცესში რუსეთის თანაბრად იქნება წარმოდგენილი, მცდარია. თურქები მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის ცენტრის საქმიანობაში, თუმცა რუს სამშვიდობოებს ვერ ჩაანაცვლებენ.

რეგიონში რუსეთის ასეთი გაძლიერება ჩვენთვის პრობლემაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. რუს სამშვიდობოებს არასდროს შეუსრულებიათ სამშვიდობო მისია. რუსეთი ახლა ჩვენს რეგიონში დამკვიდრებაზე მზარდი ამბიციების ხორცშესხმას ცდილობს. მას სურს აკონტროლებდეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს. მას სურს სუვერენიტეტი შეუზღუდოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დაღწევას ცდილობენ. ვიმეორებ - ამ ყველაფრის გათვალისწინებით პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.

- სომხეთში ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები არ წყდება, თუმცა ისიც ჩანს, რომ სომეხ საზოგადოებას რუსეთიც აღიზიანებს, რადგან მან, ფაქტობრივად, უღალატა მოკავშირეს. ხომ არ დააფიქრებს ეს სომხეთს, უფრო აქტიურად გაიხედოს დასავლეთისკენ, რაც ფაშინიანის ხელისუფლებამ სცადა, თუმცა ძვირად კი დაუჯდა. - ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი, როცა ვლაპარაკობთ სომხეთში პოლიტიკურ ვითარებაზე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით - ფაშინიანი მოვიდა იმ იდეებით, რომ გაეტარებინა რეფორმები და ექცია სომხეთი ნაკლებად კორუფციულ და დასავლურ სახელმწიფოდ, რომელიც შედარებით ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული მოსკოვზე. სხვათა შორის, ფაშინიანის პირველი ნაბიჯები ყარაბაღთანაც იყო დაკავშირებული. მხარეების პირველი შეხვედრები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შეიძლებოდა წინ წასულიყვნენ კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაგრამ მას სერიოზული პრობლემები შეექმნა თავად ქვეყანაში, კერძოდ, ყარაბაღის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს. დასანანია, რომ ფაშინიანს არ ეყო პოლიტიკური გამოცდილება დასახული სტრატეგია სწორი ტაქტიკით გაემყარებინა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა.

რუსეთის პოზიცია ამ ვითარებაში ასეთი იყო: თქვენ სცადეთ უჩემოდ რაღაცის გაკეთება, მე მოგეცით ამის საშუალება და ნახეთ, რაც მოგივიდათ, უჩემოდ არაფერს წარმოადგენთო... ეს იყო გზავნილი, რომელიც თავისი ჩაურევლობით რუსეთმა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას გაუგზავნა.

მთავარი საკითხია, თუ რამდენად დაინახავენ სომხეთის პოლიტიკური ჯგუფები, რომ ყოველივე ეს ხაფანგი და სატყუარა იყო. თუ ამას მიხვდებიან და რევანშისტები ვერ გაიმარჯვებენ, შესაძლოა მართლაც რაღაც შეიცვალოს სომხეთის საგარეო კურსში. დღეს აშკარად ემოციები ჭარბობს, არადა, ფაშინიანსა და მის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვთ, თანაც რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ფაშინიანი ჩამოაშოროს სომხეთის მართვას. მას არა მარტო სამხედრო კომპონენტი აქვს სომხეთზე ზემოქმედებისთვის, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებიც. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ძალები, რომლებიც რუსეთის ქმედებაში ხაფანგს ხედავენ, მაქსიმალურად ჩააჩოჩოს პოლიტიკური ავანსცენიდან და წამოსწიოს ის ჯგუფები, რომლებიც მის დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებენ.

- რატომ ვერ მოახერხა დასავლეთმა ამ პროცესებზე ზეგავლენა? ორიოდე ინიციატივას თუ არ ჩავთვლით, დიდად არც უცდია არაფერი. - ყარაბაღში კონფლიქტის ეს ფაზა დაემთხვა თუ დაამთხვიეს იმ პერიოდს, როცა ევროპაც და აშშ-იც დაკავებული იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით და არ ჰქონდათ ამ პროცესებში ჩარევის საშუალება. უპირველესად ეს იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე კოვიდპანდემია. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა სცადა რეაგირება: მაკრონის აქტიურობის გარდა, გვახსოვს აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივა - ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მეორე დღესვე დაირღვა. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ არა დღევანდელობაში, არამედ წარსულსა და იმაში, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც ჩვენს რეგიონშიც მოქმედებს, ნაკლებად ქმედითია კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. რუსეთს იმთავითვე ჰქონდა ისეთი კარტ-ბლანში, რაც მას მოქმედების თავისუფლებას აძლევდა. ახლაც დამტკიცდა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფმა თავისი როლი კონფლიქტის მოგვარებაში დიდად ვერ შეასრულა. თავის დროზე თითქოს კი მოახერხეს კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ კრემლი დროდადრო თავისი შეხედულებისამებრ ხან ააქტიურებდა კონფლიქტს, ხან ვითომ გაყინავდა. აშშ-ში ხელმოწერილი დეკლარაციის შესრულების ბერკეტი დასავლეთს არ ჰქონდა, რადგან ისინი ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდა. ის ორივე სახელმწიფოს აიარაღებდა, მუდმივად ქმნიდა დაძაბულობისა და შეტაკების საბაბს და ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს. კრემლის გზავნილი ასეთი იყო: მე შემიძლია პრობლემის მოგვარებაც და მისი გადაწყვეტაცო...

- საქართველოში რთული ვითარებაა, ოპოზიცია კვლავ აქციებს მართავს, პარალელურად ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები იმართება. - დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმდებიან. როცა პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადადის, ეს მოწმობს, რომ დემოკრატიული მექანიზმები და სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია. თავის მხრივ, ეს აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ცუდია, რომ კვლავაც ვერ მოვახერხეთ შუამავლის გარეშე ერთმანეთთან დალაპარაკება, მაგრამ კარგია, რომ გვყავს კარგი მეგობრები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად. თავისთავად ცხადია, ერთბაშად ბევრ რამეს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის, რომ მხარეები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, უკვე კარგია. იმედია, ეს პროცესი გაგრძელდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ უნდა ვილაპარაკოთ არა მარტო პრობლემის კოსმეტიკურ მოგვარებაზე, არამედ სიღრმისეულადაც ჩავიხედოთ იმ საკითხებში, რომლებიც პრობლემას უქმნის სახელმწიფოს და მის დემოკრატიულად განვითარებას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი არჩევნები, როცა ცესკომ მაღალი სტანდარტებით ვერ იმუშავა. საერთო-ეროვნული ინტერესის საგანი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ისეთ სტანდარტს, როცა აღარასდროს დაგვებადება კითხვები არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხიც, ინტერესიც და უმნიშვნელოვანესი წინა პირობა ქვეყნის განვითარებისთვის. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. არჩევნებს იგებს ამომრჩეველი და არა ის, ვინც ხმებს ითვლის! ამის საწინააღმდეგო კლიშედან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ.

- როცა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელიც გაყალბებაშია ხელგაწაფული, ეს რამდენად შესაძლებელია? - ძნელია, არ დაგეთანხმოთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ინტერესი დადგება პარტიულზე მაღლა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რაც დღეს რეგიონშია. იმედია, მხარეები მიხვდებიან, რომ თუ გვსურს ქვეყნის წინსვლა, ორივე მხარემ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს.

- უცხოელი დიპლომატების ინიციატივით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ორი შეხვედრა უკვე გაიმართა. კახა კალაძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა, რაც გამორიცხავდა სპეკულაციებს "კარუსელებზე", თუმცა ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს და ისინი რიგგარეშე არჩევნებს უპირობოდ მოითხოვენ. - თუ ხმები თავიდან გადაითვალეს, ეს უნდა იყოს ღია პროცესი. უნდა ესმოდეს ყველას, რომ გადათვლა სჭირდება არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, არამედ ქვეყანას.

თუ ხელისუფლება თავს პატივს სცემს, ოპოზიციის მოთხოვნის გარეშეც უნდა შეისწავლოს, რატომ არ ესადაგება ერთმანეთს ოქმებში ციფრები. ამ თემის დახურვა ღირსების საკითხია.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ინიციატივა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ - პოლიტიკური სიმწიფე, რომ ყველა საკითხის გადაწყვეტაზე ყოფილიყო ორიენტირებული, ძალიან გვაკლია. ისევ რადიკალიზაციისკენ მიდრეკილება ჩანს. ეს ის ბარიერია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ.

ჩვენ ამ ვითარებიდან გამოვალთ ან როგორც გაძლიერებული დემოკრატიული სახელმწიფო, ან წავალთ იმავე წრეზე, რომელზეც ამდენი ხანია ვტრიალებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი მომავლისთვის. ხელის გადაგრეხა, კარის ჩაკეტვა და ა.შ., არ არის ის გზა, რაც მოლაპარაკებაში უნდა გამოიყენებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკლები ულტიმატუმი და მეტი ორიენტაცია სახელმწიფო ინტერესებზე. თუ ამას მიაღწევენ, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მათი პოლიტიკური მომავლისთვისაც.

- 14 ნოემბერს გამართულ აქციაზე პირველად გამოჩნდა ძალიან ბევრი პლაკატი წარწერით "მიშა, ჩამოდი!", არადა, ეს თემა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გარდა ამისა, გარკვეული წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი დაძაბულობის პიკის მიღწევას 23 ნოემბრისთვის შეეცდება. - ეს ორპოლუსიანი პარადიგმა არაფრით არ ემსახურება საქვეყნო ინტერესებს. მიშას ჩამოსვლის თემის გააქტიურება, პოლიტიკურ პროცესში მისი აქტიურობა სწორედ ორპოლუსიანობის გაძლიერებაა. არადა, ეს არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს! ისე, იმდენს იძახებს მიშა ჩამოვალო, რომ საბოლოოდ გახლეჩს ოპოზიციას.

- საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე უნდა გკითხოთ, რომელსაც პანდემიის გამო შემოღებული აკრძალვის გამო გულშემატკივრები ვერ დაესწრნენ, მაგრამ მატჩზე მოხვდნენ პოლიტიკოსები. გამოდის, საბჭოთა ნომენკლატურიდან მოყოლებული დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა და სახელმწიფო ფუნქციონერები კვლავაც პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ. - ამ ტიპის დამოკიდებულება და პრეცედენტები საზოგადოების განვითარების გზაზე ნამდვილად შემაფერხებელია. ყველას უნდა გვქონდეს გაცნობიერებული ის, რაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში - ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, არჩეული თუ დანიშნული, უნდა ემსახურებოდეს ხალხს.

რაც შეეხება ფეხბურთის მატჩს, ეს იყო დიდი სირცხვილი და არა მარტო იმიტომ, რომ პრივილეგირებული ხალხი აღმოჩნდა ტრიბუნაზე. არ ვგულისხმობ ვეტერან ფეხბურთელებს, მე პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ. დიდი სირცხვილი იყო იმიტომ, რომ ისინი, ვინც გარედან გულშემატკივრობდნენ ეროვნულ ნაკრებს, დაჯარიმდნენ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს და სხვა თამაშებიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჩვენ ვიხდით ამაში დიდ ფულს და ვფიქრობ, ყველას - ფეხბურთის ფედერაციას, ფეხბურთელებს ცოტა მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ. ეს არის გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული სპორტის სახეობა. ხომ შეიძლება ეს ფული მიმართულიყო კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, განათლებაში ჩადებულიყო და ა.შ. 265 მილიონი ლარი დიდი თანხაა საქართველოსთანა ქვეყანაში. სწორედ ეს თანხა ჩაიდო იმ პროგრამაში, რომელიც ფეხბურთის აღორძინებისთვის შეიქმნა. ჩვენ უნდა დავინახოთ ამის შედეგი და თუ ის არ ჩანს, მაშინ რატომ ვართ ვალდებული, რომ სპორტის ეს სახეობა დავაფინანსოთ?!