"მთავარია, ამერიკამ თქვას, საქართველოს "კრიშა" მე ვარო" - რა სპეცმისიით ჩამოდის მაიკ პომპეო?! - კვირის პალიტრა

"მთავარია, ამერიკამ თქვას, საქართველოს "კრიშა" მე ვარო" - რა სპეცმისიით ჩამოდის მაიკ პომპეო?!

"არსებობს რისკი, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა დიდი გადანაწილება დაიწყონ"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ორდღიან ვიზიტს თბილისში ანალიტიკოსები დიდწილად რეგიონში ბოლოდროინდელ გეოპოლიტიკურ ძვრებს უკავშირებენ. "პომპეოს ვიზიტი რეგიონში მიმდინარე ძალთა ბალანსის ცვლილებითაა განპირობებული. კავკასიის რეგიონში სერიოზული ძვრები დაიწყო, რაც ამერიკას, როგორც გლობალურ მოთამაშეს, აწუხებს... ამერიკამ დაინახა რეგიონში თამაშგარე დარჩენის საფრთხე და დაიწყო მოქმედება ერთადერთი შესაძლო მიმართულებით - ეს არის საქართველო", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი

- ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში ძალთა ბალანსი. აშკარაა, რომ რუსეთმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია.

ამერიკას, რომელიც კავკასიაში დღემდე ფრთხილ და აუჩქარებელ პოლიტიკას აწარმოებდა, დღეს არაორდინარული, ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ არა, შესანარჩუნებლად მაინც. ქმედითი ნაბიჯი კი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. არის პრეცედენტები, როცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პენტაგონის ეგიდით, სამხედრო კონტინგენტს დროებით განათავსებენ. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს ამერიკის ინტერესი. კავკასიის რეგიონში ამ მანევრის ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ საქართველოში აქვს. აზერბაიჯანსა და სომხეთს ახლოსაც ვერ გაეკარება, ვერც დიპლომატიური და ვერც სხვა თვალსაზრისით. ასეთი მანევრი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან კავკასიაში გადანაწილების ახალ პროცესში ჩვენ ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა გვჭირდება და დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ძალზე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

- თუმცა ეს მანევრი საფრთხის შემცველიცაა.

- ასეთ დროს ყოველთვის არის საფრთხე. მეც წინააღმდეგი ვარ, რომ რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე დავდგეთ, მაგრამ თავი ხომ უნდა დავიცვათ?! დიახ, რუსეთი გაბრაზდება და სწორედ იმიტომ, რომ გაბრაზებულ რუსეთს ხელი ცუდად არ წაუცდეს, სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება გვმართებს.

- გასათვალისწინებელია თუ არა, რომ მაიკ პომპეო პოლიტიკურ მოღვაწეობას მალე დაამთავრებს და დაზუსტებით არ ვიცით, როგორი იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის განწყობა. - დიახ, პომპეოს პოლიტიკური მოღვაწეობა სადაცაა დამთავრდება და დღევანდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ძველებური ძალა აღარ აქვს. თუმცა ამერიკის საგარეო ინტერესები მემკვიდრეობითია და ამა თუ იმ ადმინისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. საქმე ეხება ამერიკის, როგორც გლობალური მოთამაშის, გრძელვადიან ინტერესებს და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, პომპეო წამსვლელია თუ მომსვლელი.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რეგიონში უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. ასეთ ვითარებაში გავართმევთ თავს გამოწვევებს? - დასანანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არათუ სახელმწიფო ინტერესების გააზრება, ერთმანეთთან დიალოგიც არ შეუძლია. ისევ გარედან თუ გვიკარნახებენ რაიმეს, თორემ ესენი არც რეგიონში მიმდინარე პროცესებს იმჩნევენ, არც პანდემიას, მხოლოდ ორმხრივი მონოლოგით არიან დაკავებული, დიალოგამდეც ვერ მიდიან. როდესაც ლაპარაკია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამერიკელებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, ისინი წარმოადგენენ საგზაო რუკას რეგიონული რისკების პრევენციისთვის.

- ამერიკელებმა პომპეოს ხელით უკვე მოგვცეს საგზაო რუკა, როცა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო დაასრულებდა ანაკლიის პორტის პროექტს. ამით გაძლიერდებოდა საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან და იმავდროულად, ქვეყანაც დაცული იქნებოდა რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. - დიახ, მეც მაქვს ასეთი კითხვა და ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება შესაძლოა არ აღმოჩნდეს მზად ამერიკელებთან ერთად არაორდინარული და სწრაფი ნაბიჯის გადასადგმელად. შესაძლოა დასავლეთს და ამერიკას ძალიანაც უნდათ თავიანთ ქოლგაში შეგვიყვანონ ამ ძალიან სარისკო პერიოდში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ხელისუფლებას სხვა მოსაზრებები ჰქონდეს "არ გავაღიზიანოთ რუსეთი" ისტორიიდან. სამწუხაროდ, "არ გავაღიზიანოთ" პოლიტიკა ხშირად კაპიტულანტურ ნიშნებს შეიცავს...

- აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობამ დროულად უნდა გაუხსნას დერეფანი მთიანი ყარაბაღიდან წამოსულ დევნილებს. ამასთან, რუსულ და სომხურ მედიაში ვრცელდება თეორიები, რომ შესაძლოა რუსეთმა სომხებს კომპენსაციად აფხაზეთი შესთავაზოს. - ეს ერთადერთი თეორია არ არის. ბევრად უარესი და რეალისტური ვერსიებიც არსებობს. უბრალოდ, ამაზე საჯარო საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა არსებობს რისკი, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა დიდი გადანაწილება დაიწყონ.

- შესაძლოა ჯავახეთი გახდეს კომპენსაციის საგანი? - ვერ გამოგყვებით ამ საუბარში, ძალიან ფაქიზი თემაა. თუმცა რისკები არის და ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს.

სასწრაფოდ გვჭირდება ამერიკული სამხედრო ინტერესის ფიქსაცია, რათა რუსეთმა ასეთი სცენარების გათამაშება ვერ შეძლოს. ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის ინტერვიუს - ის ამბობს, რომ ყარაბაღში რუსული ძალები უფრო ოკუპანტები არიან, ვიდრე სამშვიდობოები, რომ სომხეთში, საქართველოს ტერიტორიის ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკელების იმედი მაქვს.

ჰოჯენსი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკამ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა გაზარდოს, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. მნიშვნელობა არა აქვს, რა მიმართულებით გაზრდის სამხედრო მხარდაჭერას, მთავარია, თქვას, საქართველოს "კრიშა" მე ვარო.

- ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, ითვალისწინებს, რომ "ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება". ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობა ჩვენი ქვეყნისთვის, უსაფრთხოებასთან ერთად, ეკონომიკურადაც გამოწვევად იქცა? - რა თქმა უნდა. ჩვენთვის საყურადღებოა ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ნახჭევანთან გზის გაჭრას ეხება. ეს ჩვენ ძალიან დაგვაზარალებს. მოგეხსენებათ, საქართველო გეოპოლიტიკურად სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია. ევროპისკენ ტრანზიტს თავი რომ დავანებოთ, თვითონ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტეგრაციის ხარისხია ძალიან მაღალი. ჩვენ ვიყავით ამ ინტეგრაციის უალტერნატივო კომუნიკაციის წყარო. თუ ნახჭევანის გავლით თურქეთზე პირდაპირი გზა გაიჭრა, ჩვენ თამაშგარე აღმოვჩნდებით.

- როგორ გგონიათ, პომპეოს ვიზიტისას განხილვის საგანი იქნება თუ არა შიდაპოლიტიკური ვითარება? - ალბათ, იქნება, მაგრამ არა მგონია, რომელიმე მხარის, ხელისუფლების ან ოპოზიციის მოლოდინი გამართლდეს. ვფიქრობ, პომპეოს რეკომენდაცია შიდაპოლიტიკური კრიზისის შესახებ დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო - ისევ იქნება მოწოდება, რომ პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიჭრას.

ხათუნა ბახტურიძე