"თუ ვითარება გამწვავდა, არ არის გამორიცხული, ჩიხიდან გამოსავალი­ კარი გაიხსნას - ამ პროცესს თამარ ჟვანია შეეწიროს..." - კვირის პალიტრა

"თუ ვითარება გამწვავდა, არ არის გამორიცხული, ჩიხიდან გამოსავალი­ კარი გაიხსნას - ამ პროცესს თამარ ჟვანია შეეწიროს..."

"დღეს თითქოს ყველა მართალია, სიმართლე კი დევს დალუქულ კონვერტებში და მას არავინ ეძებს"

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ქვეყანაში ვითარება ისევ რთულია, შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე ისევ უარს ამბობენ, როგორც ჩანს, ამ ჩიხიდან სამართლებრივი გამოსავალიც რთული მოსაძებნია. როგორ განვითარდება მოვლენები და რა სამართლებრივი გამოსავალი არსებობს, ამ და სხვა საკითხებზე ცნობილი იურისტი, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება:

- დღეს დემოკრატიაში ყველაზე მისაღები ორი პარალელური პროცესია. პირველი დაკავშირებულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან, მეორეა საარჩევნო პროცესი. ალბათ, საარჩევნო პროცესი ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად დასრულდება - მეორე ტურებით, შეჯამება-გასაჩივრების პროცედურებით... მაგრამ საქმე ის არის, რომ შედეგებს განიხილავენ და აფორმებენ დაბალი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო. როცა ეს ორი ფუნდამენტური ინსტიტუტი შორს არის ობიექტურობისგან, პროცესების სამართლიან და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ უნდა ველოდოთ. ეს საკითხი ყველა დემოკრატიული ფორმით უნდა იყოს საზოგადოების მძაფრი რეაქციის საგანი. უნდა მოვითხოვოთ ამ მოცემულობის შეცვლა როგორც პარლამენტის გარეთ, ასევე პარლამენტში. აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნაც. პარლამენტში პარტიებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შეუძლიათ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მსჯელობაში ჩართული უნდა ვიყოთ მოქალაქეებიც. კონსტიტუციაშიც და პარლამენტის რეგლამენტშიც გაწერილია - საგამოძიებო კომისიას აქვს მანდატი, თუ გამოვლინდება კანონდარღვევა, დანაშაული, ან დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამის ორგანოებს გადასცეს მასალა რეაგირებისთვის. სხვა სამართლებრივი ბერკეტი კომისიას არა აქვს.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რაზე შეთანხმდებიან და ვინ შევა პარლამენტში, კომისია შესაქმნელი იქნება, ისევე როგორც უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე.

- დაიწყო მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგი, რას ურჩევთ მათ? - ახლა რომ მოუღერებიათ ყელი, ისინი უჩვენოდ არ არსებობენ, ჩვენი მანდატები და ჩვენი ფული უდევთ ჯიბეში... ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი პრობლემა გვაქვს დემოკრატიაში. დემოკრატია გულისხმობს პოლიტიკის მიღმა მოქმედ ნეიტრალურ ორგანოებს - სასამართლოს, უმთავრეს კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველის ინსტიტუტს, აუდიტის სამსახურსა და საარჩევნო ადმინისტრაციას. თუ ისინი პოლიტიკურ გავლენას დაექვემდებარნენ, მაშინ ჩვენ რას ვიღებთ?!

- ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომასა და საარჩევნო კომისიის შეცვლას ითხოვს, თუმცა ეს სამართლებრივად ვერ მოხერხდება, რადგან ისინი 5 წლით არიან არჩეული. - მართალია, ამა თუ იმ ინსტიტუტის ხელმძღვანელს აქვს კანონით მინიჭებული გარანტიები, თუმცა საკუთარი ინიციატივით გადამდგარიც არაერთი გვინახავს. თუ ვითარება გამწვავდა, არ არის გამორიცხული, ჩიხიდან გამოსავალი კარი გაიხსნას - ამ პროცესს თამარ ჟვანია შეეწიროს...

თუმცა კანონში ცვლილების შეტანის გარეშე ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ შეიქმნება, მისი ახალი წევრებით დაკომპლექტება ვერ მოხერხდება. ეს ვერც ფიზიკურად მოესწრება 21 ნოემბრამდე.

გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობაში არსებობს შეზღუდვა, თუ როდის შეიძლება ცვლილებები. ამდენად, პოლიტიკური გამოსავალი შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გადადგომა. როგორ გაფორმდება, არ ვიცი. ეს იქნება პოლიტიკური პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა მხარეებს ჰქონდეთ სათქმელი, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდაო.

წინ მეორე ტურებია და არ გამოვრიცხავ, მოლაპარაკების საგანი ის იყოს, რომ ოპოზიცია წავიდეს მეორე ტურებზე და მიაღწიოს წარმატებას - ანუ მაჟორიტარებში 16-დან ნახევარზე მეტი ან აბსოლუტური უმრავლესობა ოპოზიციამ წაიღოს.

- ამას დათანხმდება ხელისუფლება? - შეიძლება მოთხოვნები ტრანსფორმირდეს და დათანხმდეს, თუკი ცესკოს ხელმძღვანელი თამარ ჟვანია შეიცვლება, Nნაწილობრივ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა. მართალია, არ ვფიქრობ, რომ ეს კანონიერი გამოსავალია, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია... რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, კანონის შესაბამისად ვერ ჩატარდება. მაშინ ნახევარზე მეტ უბანში შედეგები ბათილად უნდა იქნეს გამოცხადებული. ეს თეორიულად შეუძლებელია.

ოპოზიციაც ამბობს, რომ ხმათა 2-3% არასწორად განაწილდა მმართველი ძალის სასარგებლოდ, ნახევარზე არავინ ლაპარაკობს. თუკი ასეა, მაშინ ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის საფუძველი არა გვაქვს... ამაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საარჩევნო პროცესი დასრულდება, შეჯამდება, ყველაფერი პარლამენტში გადავა და რაღაც პერიოდის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. მაგრამ ამისთვისაც უნდა იყოს საფუძველი: პირველი - როცა ახალარჩეული პარლამენტი 4 კვირის განმავლობაში ვერ აკომპლექტებს მთავრობას და მხარდამჭერი 76 კაცი ვერ გროვდება; და მეორე - უკვე ნდობაგამოცხადებული მთავრობა ერთი თვის ან ერთი წლის შემდგომ თვითონ დასვამს პარლამენტის წინაშე ნდობის ხელახალი განახლების საკითხს და პარლამენტი არ დაუდასტურებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. აი, ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ორი საფუძველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ორივე მხრიდან პოლიტიკურ ქარცეცხლში რომ არ მოექცეს, მე რომ ვიყო საარჩევნო ადმინისტრაცია, ან თუნდაც ლიდერი პარტია, საკუთარი ინიციატივით არათუ კონკრეტულ უბნებს, არამედ ყველას გავხსნიდი, ხელახლა გადავითვლიდი ბიულეტენებს და შევადარებდი შედეგებს. მერე სათქმელი აღარავის ექნებოდა. შესაძლოა შეცვლილიყო მონაცემები, მაგრამ უმთავრესი, უნდობლობა მოიხსნებოდა და ყველანი შევიდოდნენ პარლამენტში.

დღეს თითქოს ყველა მართალია, სიმართლე კი დევს დალუქულ კონვერტებში და მას არავინ ეძებს.

- თუ ეს არის გამოსავალი, მაშინ რატომ არ მიდის ხელისუფლება ამაზე? - ძნელად წარმოსადგენია, ხელისუფლებამ არ იცოდეს, იქ რა დევს, რომ 48% კი არა, შეიძლება ნაკლები იყოს.

თუმცა ახლა გამოწვევა ბევრია: ჩვენს სამეზობლოში სიმშვიდე არ არის, პანდემია მძვინვარებს, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ახლა კონსოლიდაციის დროა. თუ არ ვიმოქმედეთ, შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ.

საქართველოში არასტაბილურობით ყველაზე მეტ სარგებელს ერთადერთი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნახავს. ვერც ერთი მოქალაქე და ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამით მოგებული ვერ დარჩება.