"არა მგონია, ხელისუფლება რადიკალურ დათმობაზე წავიდეს" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, ხელისუფლება რადიკალურ დათმობაზე წავიდეს"

"დღეს რეგიონში ჩვენ ერთადერთი ქვეყანა დავრჩით, რომელიც რუსეთზე არ არის მიბმული, ეს კი ნიშნავს, რომ ახლა კრემლის ყურადღება საქართველოზე გადმოვა"

ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრა ისევ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი პოზიტიურად შეაფასეს, თუმცა მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია - "ქართული ოცნება" თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, მაგრამ არ სურს პარლამენტში მარტო დარჩენა, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ახალ არჩევნებს მოითხოვს. ვინ რამდენს დათმობს და ვის რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

"რა ჯობია, ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა თუ პარლამენტიდან?"

- დიდი ხანია ჩვენი პოლიტსპექტრი უცხოელი პარტნიორების აზრს უფრო მეტად ითვალისწინებს, ვიდრე საკუთარი ხალხისას. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების შეცვლა, შევარდნაძის გუნდი იყო თუ სააკაშვილის, მხოლოდ გარე ჩარევით შევძელით, საარჩევნო სისტემა მანამდე ვერ შევცვალეთ, სანამ საქმეში დასავლეთი არ ჩაერია. რეალობა დღესაც ასეთია. როგორც კი ქვეყანაში არჩევნები ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხი დავის საგანი ხდება, ხალხი იმის მოლოდინშია, როდის ჩაერევიან დასავლელი პარტნიორები და როგორ მოარიგებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას. რას ელიან ამჯერად მოლაპარაკების პირველი რაუნდისგან? ვფიქრობ, ოპოზიცია შევა პარლამენტში.

- ოპოზიციონერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. - აღიარებენ თუ არა, დიდი მნიშვნელობა არც აქვს. თუ ოპოზიციას სურს დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება, კონსტრუქციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ "ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში. არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაბათილდება. მეორე ტურებში მონაწილეობით ოპოზიციას შეუძლია დაადასტუროს, რომ კონსტრუქციულია. დღეს არც ერთი ჩვენი პარტნიორი მხარს არ დაუჭერს რევოლუციურ სცენარს. ეს მხოლოდ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აძლევს ხელს. ამიტომ მგონია, რომ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში. შესაძლებელია შეთანხმდნენ რიგგარეშე არჩევნებზე.

- დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა გრიგოლ ვაშაძემ, რის გამოც ოპოზიციამ ლამის ჩაქოლა. - მე დიდი ხანია ვამბობ იმას, რაც ვაშაძემ ახლახან თქვა. მისი განცხადება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. 2008 წელს ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შევიდა, ხელისუფლებას ამით არაფერი დაუკარგავს. მიკვირს, დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყო, მეორე ნაწილი კი ქუჩაში, ამას ვერ აანალიზებს. ცუდია, თუ პარლამენტი ერთპარტიული იქნება, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაიქცევა.

- ზოგიერთი თქვენი კოლეგის აზრით, ეს იქნება ხელისუფლების თურქმენიზაციისა და ოპოზიციის მარგინალიზაციის დასაწყისი.

- ეს ბელეტრისტიკაა. პარლამენტი ორგანულ კანონებს ვერ მიიღებს, მაგრამ სხვა მხრივ ჩვეულებრივად იმუშავებს. 2008 წელს თურქმენიზაცია მოხდა?!

- მას შემდეგ, რაც თალაკვაძემ ოპოზიციას საკითხების ერთად განხილვა შესთავაზა, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა ჩათვალა, რომ "ჭირვეულის მორჯულება" დაიწყო. ზოგიერთმა ხელისუფლების კომპრომისადაც მიიჩნია მოლაპარაკების მაგიდასთან კობახიძის ნაცვლად თალაკვაძის დასმა. თქვენი აზრით, არის ხელისუფლება მზად კომპრომისისთვის? - კობახიძისგან განსხვავებით, თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეა და სტატუსით, ის უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამასთან, თალაკვაძემ ეს განცხადება ამერიკის ელჩის თანდასწრებით გააკეთა. ამიტომ არა მგონია, ხელისუფლება რადიკალურ დათმობაზე წავიდეს. როცა დარღვევებზეა ლაპარაკი, კანონი მარტივ გამოსავალს გვთავაზობს - უბნების 10% გადაითვალოს და შეფასდეს საერთო სურათი. თუ 10% ბათილად იქნა ცნობილი, მაშინ ბათილია არჩევნები და თავიდან უნდა ჩატარდეს. მაგრამ გადათვლიან?! არა მგონია. თალაკვაძის განცხადება უფრო ტაქტიკური სვლა იყო, ვიდრე რეალური შეთავაზება. ამის გაკეთება თუ უნდოდათ, აქამდე გააკეთებდნენ...

- როცა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ყოველდღიურად მძიმდება ეპიდვითარება, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ან თუნდაც ოპოზიციის გაჯიუტება? - პანდემია რომ არ იყოს, ხელისუფლებას არც ისე რთულად ექნებოდა საქმე. არჩევნების ლეგიტიმურობისთვის პარლამენტის 2/3-ც საკმარისია, ოპოზიციის მიტინგებსაც დიდი ხანია შევეჩვიეთ. ახლა კი, როცა პანდემიაა, პოლიტიკური კრიზისი რომც არ იყოს, ხელისუფლება მაინც რთულ ვითარებაშია და თავი რომ დააღწიოს, კარდინალურად უნდა შეცვალოს პოლიტიკა და მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. მაგრამ აქვს ამის რესურსი?! ვფიქრობ, არა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს თუ არა, ხელისუფლებას პრობლემები მაინც ექნება. "ოცნება" ვერც კი აღიქვამს, რა პრობლემების წინაშე დგას. კიდევაც რომ გაიფორმოს არჩევნები, 2024 წლამდე ძალიან გაუჭირდება მისვლა. ამიტომ ვამბობ, თუ ოპოზიცია ახლა პარლამენტში შევა, ყოველგვარი ძალდატანებისა და რიგგარეშე არჩევნების გარეშეც შეცვლის ხელისუფლებას. ძალიან დიდი შანსია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში დაკარგოს უმრავლესობა. ესეც გასათვალისწინებელი აქვს ოპოზიციას - რა ჯობია, ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა თუ პარლამენტიდან?

- ამ ფონზე ხომ არ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ კავკასიის რეგიონში ძალთა ახლებურად გადანაწილება შესაბამისად ვერ შევაფასოთ და უფრო ვიწრო ჩიხში მოვექცეთ? - ჩვენ თითქმის ვერასდროს ვიცლით იმაში გასარკვევად, რა ხდება სამეზობლოში. დღეს ჩვენი ერთი პარტნიორი გამარჯვებას ზეიმობს, მეორე - დამარცხებას გლოვობს. მე თუ მკითხავთ, საზეიმოდ არც ერთს არა აქვს საქმე. მას შემდეგ, რაც ყარაბაღში რუსული ჯარი ჩადგა სამშვიდობო სტატუსით, აზერბაიჯანიც დამარცხებულია და სომხეთიც. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს რუსული ბაზების განთავსებას ასეთ უკონტროლო ტერიტორიაზე. ცუდად მენიშნა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, როცა მან აზერბაიჯანსა და სომხეთს ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება მიულოცა და მომრიგებელ ქვეყნებს, ანუ თურქეთსა და რუსეთს, მადლობა გადაუხადა. ნუთუ პრეზიდენტი მართლა ვერ ხედავს, რა სავალალო ვითარებაა რეგიონში? ვერ ხვდება, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანშიც გაძლიერდა? დღეს რეგიონში ჩვენ ერთადერთი ქვეყანა დავრჩით, რომელიც რუსეთზე არ არის მიბმული, ეს კი ნიშნავს, რომ ახლა კრემლის ყურადღება საქართველოზე გადმოვა.

ხათუნა ბახტურიძე