რა საფრთხეს უქმნის რეგიონს რუსი "მშვიდობისმყოფელების" მანდატი - კვირის პალიტრა

რა საფრთხეს უქმნის რეგიონს რუსი "მშვიდობისმყოფელების" მანდატი

9 ნოემბრის შეთანხმებით მთიან ყარაბაღში ომი დასრულდა. შეთანხმებას, რომელსაც სომხეთისთვის კაპიტულაციის ტოლფასი უწოდეს, ხელი თავად ნიკოლ ფაშინიანმა, ვლადიმირ პუტინმა და ილჰამ ალიევმა მოაწერეს. დღემდე გაურკვეველია საკითხები, მათ შორის რუსი "მშვიდობისმყოფელების" მანდატი. რა საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად, საქართველოს მეზობლად ახალი რუსული ბაზების გაჩენა, ამის შესახებ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

"რუსი "მშვიდობისმყოფელების" ფუნქცია საკუთარ ტყავზე გვაქვს ნაწვნევი"

გიორგი რუხაძე, პოლიტოლოგი: - სომხეთმა დაინახა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელების ძალა აღარ ჰქონდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასია. რუსეთმა სამხედრო კუთხით სომხეთზე ბევრად ძლიერი აზერბაიჯანი მიუშვა, თავად კი პასიური პოზიცია დაიჭირა, რადგან სომხეთს, კონკრეტულად კი ფაშინიანს, რომელიც თვალში არ მოსდის, აჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ურჩობას. ამასთან, ისეთ დროს ჩაერია, აზერბაიჯანს გამარჯვების ზეიმიც არ აცალა. ერთი სიტყვით, რუსეთმა ძალიან სწრაფად გაიმარჯვა. მოგებულია აზერბაიჯანიც, რომელმაც დაკარგული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. უმძიმეს მდგომარეობაშია სომხეთი. რუსეთმა ფაშინიანის ხელისუფლებას დაარტყა და ჯერ კიდევ არავინ იცის, გადარჩება თუ არა. ვფიქრობ, ვერა. ყარაბაღის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ დროს კი რეგიონში შემოდიან რუსი "მშვიდობისმყოფელები", რაც პირდაპირ ნიშნავს რუსეთის გავლენას აზერბაიჯანსა და სომხეთზე. ბუნდოვანია, რუსი "მშვიდობისმყოფელებისა" და თურქი სამხედროების ფუნქციებიც. ყველა მხარეს თავისი ინტერპრეტაცია აქვს - მათი ფუნქციები, მგონი, რუსეთის გარდა, ყველასთვის გაუგებარია და ამას ადასტურებს თურქი და აზერბაიჯანელი პირველი პირების პოზიციები. ჩვენ მათი "ფუნქცია" არაერთგზის გვაქვს საკუთარ ტყავზე ნაწვნევი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამორიცხული არ არის, იგივე განმეორდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, აქამდე რუსეთს ბაზები მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სომხეთში ჰქონდა, ახლა სომხეთშიც აქვს და აზერბაიჯანშიც. ამასთან, სომხეთის გაბრძოლება, რომ დასავლეთისკენ გადახრილიყო, კრახით დასრულდა. ამ ვითარებაში რეგიონში რუსული გავლენის გაზრდა საფრთხეა საქართველოსთვისაც. რუსეთს ბერკეტი აქვს და თანაც საკმაოდ გრძელვადიანი ზეწოლის გასაზრდელად აზერბაიჯანზე, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი ენერგომომწოდებელია. რუსეთი არ აკონტროლებს იმ ტერიტორიას, სადაც ენერგოდერეფნები გადის, თუმცა სახიფათოდ მიუახლოვდა. დამაზიანებელია ისიც, რომ რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესი შემცირდება - მისთვის აზერბაიჯანი, როგორც აღმოსავლეთპარტნიორობის პერსპექტიული ქვეყანა, ისედაც აღარ არსებობდა, ახლა კი შესაძლოა სომხეთიც გამოეთიშოს დემოკრატიულ ორბიტას. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამა მხოლოდ საქართველოს იმედზე რჩება, რაც რეგიონის მიმართ ინტერესს შეამცირებს. თუმცა სიგნალები უკვე წამოვიდა აშშ-დან. ვგულისხმობ, მაიკ პომპეოს ძალზე მნიშვნელოვან ვიზიტს, ასევე, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას, სასურველია, საქართველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა და ინფრასტრუქტურა გაძლიერდესო. ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა იმაზე საუბრის დასაწყებად, თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ნატოში მიღების პროცესი; შესაძლებელია საქართველოსა და ამერიკას შორის გაფორმდეს ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულება და სანამ ალიანსში მიგვიღებენ, ამერიკის ნატოს არაწევრი სამხედრო მოკავშირე გავხდეთ. ასევე, ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვნად ან ნაწილობრივ განთავსდეს ამერიკული სამხედრო ბაზა, ან მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა, რათა წვრთნები უფრო რეგულარული გახდეს. ეს ამერიკის ინტერესებშიც არის, რადგან რეგიონში მისი გავლენა მცირდება - ძალაუფლების ვაკუუმი რუსეთმა და თურქეთმა გაინაწილეს. ამ დროს კი აშშ-მ რეგიონსა და მსოფლიოსაც უნდა აჩვენოს, რომ აქ დამაჯერებლად არის წარმოდგენილი. ამისთვის საქართველო, რომელიც რეგიონში მის მიმართ მეტად მეგობრულად არის განწყობილი, კარგი საბაზისო ქვეყანაა. ამას საზოგადოებრივი კვლევებიც ადასტურებს. თუმცა არის პრობლემა - საქართველოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. თუ ხელისუფლებას ფართო საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია არ ექნება, აშშ მას ვერ დაეყრდნობა.

"ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალია მეტი კავშირი დასავლეთთან"

ზურაბ ბატიაშვილი, "რონდელის ფონდის" მკვლევარი: - ყარაბაღის ომს, აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს - თურქეთი. ოფიციალურმა ანკარამ შესაძლოა ბოლომდე ვერ მიაღწია მიზანს, მაგრამ მაინც მოგებულია. მოძმე აზერბაიჯანის მოგება მისი პრესტიჟის საქმე იყო. ამიტომაც თურქეთის გავლენა გაიზრდება აზერბაიჯანსა და მთლიანად რეგიონში. გარდა ამისა, თურქეთმა დასავლეთს სიგნალი გაუგზავნა, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია; თურქი სამხედროები უკვე ოფიციალურად დამკვიდრდებიან კავკასიაში და თანაც რუსეთის თანხმობით, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ძალებში კი არა, სადამკვირვებლო ცენტრში იქნებიან; გაიხსნება ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო გზაც, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს; სრულმასშტაბიან ომში ანკარამ გამოცადა დრონები, რითაც მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრესტიჟი გაიზარდა - რამდენიმე ქვეყანამ თურქულ მხარესთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. მაინც მგონია, რომ რუსეთ-თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები ასე ადვილად ვერ გახდებიან, რადგან მათი გრძელვადიანი ამოცანები რადიკალურად განსხვავდება. ამიტომ სირიისა და ლიბიის შემდეგ შესაძლოა მათი დაპირისპირება აზერბაიჯანსა და მთლიანად კავკასიაშიც ვიხილოთ.

ცხადია, როცა რეგიონში რუსეთი ძლიერდება, პროდასავლური საქართველო ვერ იქნება მშვიდად. გაცხადებულია, რომ რუსეთს 1960 სამხედრო შემოჰყავს, მაგრამ მათ ასევე დასჭირდებათ მხარდამჭერი ძლიერი ბაზა, ამიტომ გიუმრიში რუსი სამხედროების რაოდენობა გაიზრდება და შესაძლოა სომხეთის სამხრეთითაც გაიხსნას კიდევ ერთი ბაზა, რომელიც ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონტინგენტის მუშაობას უზრუნველყოფს. რეგიონში რუსეთის გაძლიერება საქართველოზე ზეწოლის გაზრდას ნიშნავს. ერთადერთი გამოსავალია მეტი კავშირი დასავლეთთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში შემთხვევითი არ არის, რადგან მთიან ყარაბაღში ვითარება ამერიკის უკითხავად შეიცვალა. მაიკ პომპეო იქ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ უახლოესი წერტილიდან მოისმენს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას. სავარაუდოდ, საუბარი იქნება უსაფრთხოების საკითხებზე. არ ვიცი, ნატოს სხვა წევრები, გერმანია, საფრანგეთი და სხვები, მზად არიან თუ არა საქართველოს მისაღებად, მაგრამ უსაფრთხოების ალტერნატივაზე, თუნდაც Aამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე ან მსგავს ფორმატზე ისაუბრებენ. პომპეოს ვიზიტი ნიშნავს, რომ დასავლეთს რეგიონზე ხელი არ ჩაუქნევია, აქ კი მისი მთავარი მოკავშირე საქართველოა. იმედიანად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელიც არ დაგვავიწყდეს - დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა...

"ვფიქრობ, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთი გააძევონ"

სტეფან გრიგორიანი, გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი: - ვიცოდით, რომ ომი გარდაუვალი იყო, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი თურქეთის დახმარებით ასეთ მასშტაბურ ომზე წავიდოდა, არა. ახლა კი ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. ყველაფრის ავტორი რუსეთია, რომელმაც ზურგი აქცია სომხეთს და ეს მაშინ, როცა ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ მასზე იყო მიბმული. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს ეხმარებოდნენ თურქეთი, ისრაელი, პაკისტანი, ბელარუსი, უკრაინა და სხვები. რუსეთი არასაიმედო მოკავშირე აღმოჩნდა სომხეთისთვის, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აძლევდა ხმას წლების განმავლობაში გაეროში, ევროსაბჭოსა და ეუთოში. აღმოჩნდა, რომ მისთვის სომხეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოსაყენებელი ქვეყანა ყოფილა. ომი თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, მაგრამ დასრულებისას რუსეთმა და თურქეთმა შეძლეს "მინსკის ჯგუფის" ფარგლებში შემუშავებული მთიანი ყარაბაღის სტატუსი ამოეღოთ, რაც იმის ვარაუდის წინა პირობას მაძლევს, რომ ყველაფერი არ დასრულებულა, უბრალოდ, დროებით შეჩერდა. შედეგად, მივიღეთ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერება, რაშიც ლომის წილი უძევს აზერბაიჯანს, რომელმაც მას მხოლოდ ყარაბაღი კი არა, საკუთარი ტერიტორია დაუთმო. არადა, რუსული სამხედრო ძალის ჩაყენება აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად შეასუსტებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, რომ არაფერი ვთქვათ, სომხეთზე, სადაც დამატებითი სამხედრო ძალის განლაგება გარდაუვალია.

ამ საქმეში არც საერთაშორისო ძალების პასიურობა უნდა გამოგვრჩეს - მაშინ, როცა აზერბაიჯანი მხოლოდ მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებს კი არა, სომხეთის ტერიტორიასაც ბომბავდა, ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩატარდა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დუმდა...

რუსეთის ინტერესები საბოლოოდ გაშიშვლდა, თუ მას სჭირდება, შეუძლია თურქეთთანაც ითანამშრომლოს. რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკა ძალიან ასუსტებდა ევროკავშირსა და ნატოს, ამის გამო კი მზად არის მასთან დათმობაზე წავიდეს. არადა, ცოტა ხნის წინ მოსკოვი, ფაქტობრივად, კარგავდა კავკასიას. ვფიქრობ, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის ქვეყნები გააძევონ... შედეგად, რეგიონში რუსეთის წნეხი გაიზრდება, ეს კი აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული შეცდომაა. რუსეთს დიდი ხნის წინ სურდა "მშვიდობისმყოფელების" შემოყვანა და, როგორც იქნა, მიზანს მიაღწია. აზერბაიჯანის ზეიმი ნაადრევია. მის ტერიტორიაზე რუსული ძალების შესვლა ნიშნავს, რომ ქვეყანამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა..

"არ მინდა ვიფიქრო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრთხე ვერ გათვალა"

ანარ მამადლი, აზერბაიჯანელი ექსპერტი: - პუტინის ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ვითომ ჰუმანიტარული მისიით შეიქმნა აზერბაიჯანის საზღვარზე და ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას უნდა დაეხმაროს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ პროვოკაციებს მუდმივად უნდა ველოდოთ. გასაგებია, რომ პუტინი ამით თავის საქმეს აკეთებს და ერევნის ცენტრში გამოსულ ხალხს აჯერებს, რომ თავად არის "მშვიდობიანი", მაგრამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დუმილს და რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, სწორედ ასეთი "ჰუმანიტარული ნაბიჯებით" გამოყოს რუსეთმა ყოველწლიურად სახსრები ყარაბაღისთვის, ეს კი რასაც ნიშნავს, კარგად ვიცით. ამიტომ, როგორც აზერბაიჯანმა, ასევე სომხეთმა, იმის მიუხედავად, ტერიტორიის რომელი ნაწილია რომელიმეს მიერ კონტროლირებადი, რუსეთი უნდა აიძულოს შეასრულოს ომის შემდგომი პირობები, რათა არ გამოვიდეს "ჰუმანიტარული" ფარგლებიდან. აზერბაიჯანმა უნდა მოითხოვოს, რომ რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა" ეუთოს დამკვირვებელთა ზედამხედველობით იმოქმედონ... ორივე სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს რუსეთს მთავარი მისიის - სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების გაკონტროლება და არა თავისი ინტერესების გატარება. აშკარაა, "მშვიდობისმყოფელების" შემოყვანის ინიციატივა რეგიონში ორ გავლენიან სახელმწიფოს, რუსეთსა და თურქეთს შორის გადაწყდა და არა მგონია, ანკარამ რუსეთს უფლებამოსილების გადამეტება აპატიოს. ბევრმა "რუსი მშვიდობისმყოფელების" მისია საქართველოში ან მოლდოვაში არსებულს შეადარა, რასაც არ ვეთანხმები, რადგან სრულიად განსხვავებული კონფლიქტები და გეოგრაფიაა. ამასთან, არ მინდა ვიფიქრო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრთხე ვერ გათვალა...