"ჩვენი პოლიტიკური პარტიები ვერაფრით ხვდებიან, რომ ქვეყანაში არსებობს ზეპარტიული საკითხები...30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვერ განვავითარეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი პოლიტიკური პარტიები ვერაფრით ხვდებიან, რომ ქვეყანაში არსებობს ზეპარტიული საკითხები...30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვერ განვავითარეთ"

ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, ოკუპანტმა რუსეთმა კავკასიის ყველა რეგიონში დააბრუნა რუსული ჯარი სამშვიდობოების სტატუსით და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია. ამასთან, გაძლიერდა აზერბაიჯანულ-თურქული გავლენა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალმა მოცემულობამ რეგიონში მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი და შეასუსტა დასავლეთის გავლენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია, რასაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო შესაბამის ყურადღებას ვერ და არ უთმობს. "ახალმა მოცემულობამ საქართველოს ინფრასტრუქტურული და ენერგოგამტარი დერეფნის ფუნქცია შეასუსტდა და დაუკარგა ექსკლუზივი. ამის უარყოფით შედეგებს ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ", - ამბობს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან ბოძაშვილი და ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის - მაიკ პომპეოს ვიზიტი კავკასიაში ამერიკის პოზიციის შენარჩუნებას ემსახურება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ პრესაში, ასევე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვერსიები, სომხეთისთვის ყარაბაღის კომპენსაციის კუთხით გარკვეული ტერიტორიების მიკუთვნებაზე და საქართველოში რუსულ-თურქული ინტერესების ახალ გადანაწილებაზე. მსოფლიოში ძალთა ბალანისის შეცვლისა და პოლიტიკური გარჩევების პროცესში რას უნდა მიაქციოს ჩვენმა ქვეყანამ ყურადღება, რა პრიორიტეტები უნდა დასახოს და რა ღონისძიებები გაატაროს, ამის შესახებ ლევან ბოძაშვილი გვესაუბრება.

ლევან ბოძაშვილი:

- ვერსიები, რომელზეც თქვენ ილაპარაკეთ, ზოგჯერ მიზანმიმართულად ვრცელდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, რათა თემა აქტუალური გახადოს. ეს ძალიან ფაქიზი და სახიფათო საკითხია. ზოგადად, სახელმწიფომ და უშიშროების საბჭომ თუ სხვა, შესაბამისმა სტრუქტურებმა  უნდა იმუშაონ. იმედი მაქვს, მუშაობენ კიდეც. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს განახლებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი.

- ამაზე თქვენ ჯერ კიდევ ზაფხულში ლაპარაკობდით, ეს დოკუმენტი ისევ არ განახლებულა? - რამდენადაც ვიცი, არა. ამ დოკუმენტს აქვს საჯარო ნაწილიც, რომელიც გამოქვეყნებული არ არის. თუ მხოლოდ საიდუმლო ნაწილი განახლდა, ეს სხვა საკითხია. რიგი საფრთხეები ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის არსებობდა. საყურადღებო ახლა ის არის, რომ დღეს საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსულ-თურქული პოლიტიკის თანხვედრა მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენი რეგიონალური პოზიცირების საშუალებას. რა იქნება ამ საფრთხეების განეიტრალების, დაბალანსებისა და პრევენციის საშუალება? - ჩვენი უსაფრთხოების წყარო ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს ამ წყაროს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, უკვე რეალურად დადგა ჩვენი ფიზიკური დაცვის საშუალებების შექმნის აუცილებლობა. მეორეს მხრივ, რეგიონში არსებულ ვითარებას დასავლეთის პოზიციიდან რომ შევხედოთ, ტენდენცია ისეთია, რომ ამ ახალ პოლიტიკურ ანკლავში შეიძლება, საქართველო, როგორც დასაყრდენი, მათთვის დაიკარგოს. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ეძებს მექანიზმებს, როგორ აიცილოს ეს და, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება. ამის ერთ-ერთი გარანტი - ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. სხვა დაცვის არსებითი მექანიზმი არ გაგვაჩნია. ეს ერთგვარად შანსიც არის, იმ თვალაზრისით რომ ნატოში ინტეგრაციის კუთხით, ახალ ეტაპზე გადავიდეთ. საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია სხვადასხვა მისეიბში, მათ შორის - ავღანეთში. საქართველოს, მიუხედავად მისი სიმცირისა, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს გეოპოლიტიკაში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არამხოლოდ გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობაა, ჩვენ ვიმსახურებთ კიდეც დაცვას, ჩვენ კი არ ვითხოვთ - ვიმსახურებთ კიდეც.

- კი ბატონო, ვიმსახურებთ, მაგრამ დღეს რამდენად მზად არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად?

- ამერიკის ინტერესებშია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო. ჩვენ პოლიტიკურ საკითხებს უნდა ვწყვეტდეთ არა ტურბულენტურ გარემოში, ქუჩაში, არამედ ინსტიტუციონალური მექანიზმების გამოყენებით, იქნება ეს პარლამენტი, სასამართლო, ცესკო თუ სხვა.

ამერიკის ინტერესშია, რომ ჩვენს ქვეყანაში პროცესი დაბრუნდეს ინსტიტუციურ, ცივილურ გარემოში. ამავე დროს, ამერიკის ინტერესში ისიც არის, რომ ეს ინსტიტუციური ფარგლები და მექანიზმები იყოს დემოკრატიული. შეგახსენებთ პირველ განცხადებას, რომლითაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები შეაფასა. იქ ასეთი ფრაზაა:  "მოშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის". ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ემსახურება პარტიას. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ლიდერები ვერ იხედებიან საკუთარი პარტიული ინტერესების მიღმა. რატომ დაკარგა ოპოზიციის ნაწილმა დასავლეთის ნდობა?! იმიტომ, რომ მთელი წლის განმავლობაში რა საკითხის ადვოკატირებას და ლობირებასაც ახდენდა, ვგულისხმობ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ამ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიიღეს. ალბათ, გახსოვთ, რა ინტენსივობით მუშაობდნენ ამ საკითხზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საელჩოები. ოთხი თვის განმავლობაში ამ საკითხზე იყვნენ გადართულები და დაინახეს, რომ პარტიები, რომლებიც ამის გამო აქციებს აწყობდნენ, მას პარლამენტში მხარი აღარ დაუჭირეს. ამერიკის ნდობა ასევე შერყეულია მმართველი გუნდის მიმართაც, რადგან არ განახორციდა ის საკითხები, რაც შარშან პომპეოს თანდასწრებით ჩვენმა პრემიერმა გაახმოვანა. ეს იყო ანაკლიის თემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და არჩევნები. ჩვენი პოლიტიკური პარტიები ვერაფრით ხვდებიან, რომ ქვეყანაში არსებობს ზეპარტიული საკითხები, მაგალითად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამერიკასთან თანამშრომლობის ინტესიფიკაცია, ეროვნული უსაფრთხოება, ქვეყნის ჯანდაცვა... ისინი ამ თემებს საკუთარი, ვიწრო პარტიული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე "ეთამაშებიან". აი, ეს არის ჩვენი პოლიტიკოსების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. სწორედ ამიტომ ვერ განვავითარეთ მთელი 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო. აი, ეს არის მწარე რეალობა.

(სპეციალურად საიტისთვის) ხათუნა ბახტურიძე