"ხელისუფლება რაც არის, კი ვხედავთ, მაგრამ არც ოპოზიცია იქცევა პასუხისმგებლიანად...მიშა ცდილობს, გახდეს მთლიანად ოპოზიციის ლიდერი და ამისთვის მიდის ბრძოლა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება რაც არის, კი ვხედავთ, მაგრამ არც ოპოზიცია იქცევა პასუხისმგებლიანად...მიშა ცდილობს, გახდეს მთლიანად ოპოზიციის ლიდერი და ამისთვის მიდის ბრძოლა"

"ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, ეს პროცესი ჩიხში მოექცევა და გამოსავალიც აღარ იქნება. ხელისუფლება რაც არის, კი ვხედავთ, მაგრამ არც ოპოზიცია იქცევა დიდად პასუხისმგებლიანად. ოპოზიცია ქუჩაში დარჩენით აბსოლუტურად არაფერს იღებს, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნაწილს, რომელმაც 1-დან - 4%-მდე მიიღო. რადიკალიზაცია თუ მოხდა, ეს აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე - "ნაციონალურ მოძრაობას". ამას თუ ვერ გათვლის ის სპექტრი, რომლის სურვილიც მქონდა, რომ რაღაცნაირად მესამე ძალად ჩამოყალიბებულიყო, ასეთ მარტივ ანალიზს თუ ვერ აკეთებს, მაშინ მართლა სჯობს, შუა გაიკრიფოს და რაც იქნება, იქნება ჩვენს თავს", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც kvirispalitra.ge-სთან პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის სცენარებზე ლაპარაკობს.

- როგორ ფიქრობთ, მივლენ თუ არა კონსენსუსამდე მხარეები, არის ამის პოტენციალი, თუ ეს იქნება შეხვედრები შეხვედრებისთვის?

- ჯერჯერობით, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ და არც ერთმა ეძება შეთანხმების საგანი, რა თქმა უნდა, ვერანაირ კონსენსუსამდე ვერ მივლენ. ოპოზიცია თუ დარჩა იმ მოთხოვნაზე, რომ შედეგები გაუქმდეს და ხელახლა დაინიშნოს არჩევნები, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლება არ წავა. ხელისუფლება თუ მოითხოვს ოპოზიციისგან, რომ შევიდეს პარლამენტში და ეს შეუძლია შესთავაზოს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, არც ოპოზიცია წავა ამაზე.

- რეალური ვერსიები რომ განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი?

- ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში და სანაცვლოდ მიიღებს გარანტირებულ თანხმობას (გარანტორები ამ შემთხვევაში უნდა იყვნენ ელჩები), რომ გაზაფხულზე ან უფრო - შემოდგომაზე დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მანამდე დაკომპლექტდებ ცესკო და ა.შ.

სხვა, საშუალო ვარიანტი არ არსებობს. ოპოზიცია ხშირად ამბობს, ჩვენ ვეცდებით, ხელისუფლებამ სახე შეინარჩუნოსო. სახე როგორ უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლებამ, თუ ის აღიარებს, რომ გააყალბა არჩევნები? მაშინ ის უნდა წავიდეს, სხვა გამოსავალი არ არის. მეორე მხრივ, არა მარტო ხელისუფლებამ, ოპოზიციამაც უნდა შეინარჩუნოს სახე და თუ ოპოზიცია იმ პოზიციაზე დარჩება, რომ უკომპრომისოა, მაშინ მისი პრობლემაც გაჩნდება.

იმის თქმა, რომ ხელისუფლება წავიდეს და ჩვენ აქციებს შევწყვეტთ, არარეალურია იმიტომ, რომ ეს აქციები არაფერი ისეთის მომტანი არ არის. მეორეც, კორონავირუსს რომ თავი დავანებოთ, 2008 წლიდან დღემდე მოყოლებული, არა ერთი აქცია გვინახავს, რომელთაც პირდაპირი შედეგი არასდროს გამოუღია. შედეგი გამოიღო თანდათან, ამიტომ მგონია, ეს არის ყველაზე გონივრული ქმედება ორივე მხრიდან. რადგან მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან, ამიტომაა საჭირო გარანტორები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ.

- რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები საქართველოში ხანგრძლივი დროით პოლიტიკურ ჩიხს არც დაუშვებენ. პოლიტიკური შეთანხმების ერთი სცენარი უკვე განვიხილეთ - პარლამენტში შესვლა და რაღაც პერიოდის შემდეგ რიგგარეშე არჩევნები. მეორე სცენარსაც განიხილავენ, რომ შესაძლოა, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და მინისტრთა პორტფელების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ...

- მეორე სცენარს რაც ეხება, ესეც დასაშვებია და მისაღები, მაგრამ იმ ვარიანტში, თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ანუ ორივე შემთხვევაში ისინი უნდა შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. შესაძლოა, მერე არა მარტო ეს, არამედ - რამდენიმე თემა გაჩნდეს, მაგ. ის, რომ სახალხო დამცველი იყოს ოპოზიციური უმრავლესობიდან, ან რეფორმებზე წავიდეს საუბარი, ან მოხდეს წინასწარი შეთანხმება პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმებზე და ა.შ.

სხვა გამოსავალი ამ ვითარებაში, უბრალოდ, არ არსებობს. მოკლედ, ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, ეს პროცესი ჩიხში მოექცევა, გამოსავალიც აღარ იქნება. ხელისუფლება რაც არის, კი ვხედავთ, მაგრამ არც ოპოზიცია იქცევა დიდად პასუხისმგებლიანად. ოპოზიცია ქუჩაში დარჩენით აბსოლუტურად არაფერს იღებს, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნაწილს, რომელმაც 1-დან 4%-მდე მიიღო. რადიკალიზაცია თუ მოხდა, ეს აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე - "ნაციონალურ მოძრაობას". ამას თუ ვერ გათვლის ის სპექტრი, რომლის სურვილიც მქონდა, რომ რაღაცნაირად მესამე ძალად ჩამოყალიბებულიყო, ასეთ მარტივ ანალიზს თუ ვერ გააკეთებს, მაშინ მართლა სჯობს, შუა გაიკრიფოს, დარჩეს ორი პარტია და რაც იქნება, იქნება ჩვენს თავს, ვერაფერს ვიზამთ.

- პოლიტიკური ცხოვრების მთავარ თემად რატომ რჩება ისევ მიშას ჩამოსვლა-არჩამოსვლა და ამაზე დაუსრულებელი კამათი?

- მიშა ცდილობს, რომ გახდეს მთლიანად ოპოზიციის ლიდერი და ამისთვის მიდის ბრძოლა. დიდი ხნის წინ, 1992-93 წლებში ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესაც, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს შემოუთვალა, თქვენ მომიწვიეთო. იმ შეკრებას მეც ვესწრებოდი და ვთქვი, ჩამოსვლას თუ აპირებს, ჩამოვიდეს, თორემ 2 კვირაში საერთოდ ვეღარ ჩამოვა, ვინც გინდა მოიწვიოს-თქო. რა თქმა უნდა, არავინ წავიდა იმაზე, რომ მოეწვიათ და მერე ყველაფერი სხვაგვარად მოგვარდა, მაგრამ ესეც ისტორიაა.

იგივე მცდელობა იყო მაშინაც შევარდნაძის მხრიდან და დღეს სააკაშვილი ცდილობს იმას, რომ გახდეს ოპოზიციის ლიდერი, მას აღიარება უნდა, ეს აწუხებს. ვიცნობთ ჩვენ სააკაშვილს - დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს – სხვას და ამის პრობლემა მას არ აქვს, მაგრამ იმ დანარჩენი ოპოზიციის ნაწილის გასაგონად მინდა ვთქვა - რეალობა ისეთია, რომ ხვალ რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერანაირი “შუა“ წინ ვერ აღუდგება იმას, რომ სააკაშვილი გახდეს პრემიერი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და ესენი, დანარჩენები, ჩვენდა სამწუხაროდ, ამასაც ვერ ხვდებიან.

- რა შეცდომა დაუშვა ე.წ. შუა ოპოზიციამ და თუ აქვს გადარჩენის შანსი?

- ოპოზიციამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც არჩევნები გააპროტესტა. არ ვიცი, ამ პარტიებს ნამდვილად ჰგონიათ, რომ მათ 20 და 30% მიიღეს? გულწრფელად თუ ჰგონიათ ასე, საერთოდ დავღუპულვართ. არც ერთი გამოკითხვით არ მახსოვს, რომ რომელიმე ორნიშნა ციფრზე გავიდოდა. სამწუხაროდ, ლაპარაკი იყო 4-5%-ზე, მაქსიმუმ - 10%-მდე. კი ბატონო, ისინი შეიძლება ეთანხმებოდნენ ოპოზიციას, რომ არ შეხვიდე პარლამენტში, მაგრამ ის ჯგუფები, ვინც 4%-მდე მიიღეს, ცალკე უნდა დაფიქსირებულიყვნენ. რასაც იმ დღეს ბარამიძე ამბობდა, მართალია – იმ აქციაზე უმრავლესობა იყო სწორედ ის ხალხი, ვინც მიშას მომხრეა. შენ თუ გინდა ცალკე ჩამოყალიბდე და შენი ამომრჩეველი გყავდეს, მაშინ ამ საერთო აჯაფსანდალში არ უნდა აიზილო, პოზიცია შეიძლება იგივე გქონდეს, მაგრამ ცალკე უნდა იყო.

- ნაციონალები, ოღონდ მიშას გარეშე – ესეც, ალბათ, ილუზიაა...

- დიახ, ილუზიაა. არანაირი რეალობა ამას არც ერთ ვარიანტში არ აქვს. ამიტომ ვინც ფიქრობს, რომ უნდა გაჩნდეს მესამე ძალა, ვფიქრობ ისინი ცალკე უნდა ყოფილიყვნენ, ცალკე ჰქონოდათ კონსულტაციები და ყველაფერი. ცალკე თუ არ დაფიქსირდი, “შუა“ იკრიფება და გაიკრიფა კიდეც, ვინაა “შუა“, გამაგებინეთ?! მოხდება ისე, რომ მერე “შუას“ ამომრჩეველი უკვე ორ პოლიტიკურ ძალას შორის გადანაწილდება. ეს უნდოდა “ნაციონალებსაც“ და მიაღწია, ეს უნდოდა ხელისუფლებასაც და მანაც მიაღწია.

(სპეციალურად საიტისთვის)