"ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია" - კვირის პალიტრა

"ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია"

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ეველინ ფარკასის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ შეკავების ძლიერი გზავნილის გაჟღერების თვალსაზრისით, რუსეთმა ნატოს წითელი ხაზები რომ არ გადაკვეთოს და ეცდება ამ ქოლგის ქვეშ ისეთი ქვეყნებიც მოაქციოს, როგორიც უკრაინა და საქართველოა. ამის შესახებ ფარსკასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ჩართულობა საქართველოსთან იქნება იგივე დონეზე, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს იყო. საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბულია - ისევე როგორც ეს ამერიკაშია ახლა. მიმდინარეობს ძალიან რთული პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმაში, რომ ის მოქნილ, მტკიცე დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ქართველი ხალხის სურვილია. ასევე ვფიქრობ, გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა, ნატოში გაწევრიანებას, ამასთან ერთად, ქართველების მხრიდან ერთგვარი შემოქმედებითი მიდგომა და მძიმე შრომაც დასჭირდება.

ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს არსებული კრიტერიუმები. ამავდროულად კი, ნატომ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა რუსეთის მთავრობას ვეტოს [უფლებას] ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე, თუ რომელ ალიანსს დაუკავშიროს საკუთარი ქვეყანა. ამასთან, თუ იმას გულისხმობთ, მოველი თუ არა რუსეთის მიმართ ხელშეწყობის ან ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულების ქონას, პასუხია - არა. თუმცა, მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პრეზიდენტი მოვა და რუსეთთან ძალიან მტკიცე იქნება. ცხადია, ის რუსეთს თანამშრომლობას შესთავაზებს, სადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ მას ძალიან მტკიცე მიდგომა ექნება“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა ინტერვიუში.