"მზად ვართ გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას"

ძალიან მნიშვნელოვანია აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, ოპოზიციისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება - ახალი არჩევნების ჩატარება შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის პირობებში.

"შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ღია და კარგი საუბარი. გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს.

ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"