"ისინი ძნელად აღსაზრდელი მოზარდები არიან" - როგორ ხსნის ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ქართულ პოლიტსპექტრზე? - კვირის პალიტრა

"ისინი ძნელად აღსაზრდელი მოზარდები არიან" - როგორ ხსნის ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ქართულ პოლიტსპექტრზე?

მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. მან თბილისი გუშინ დატოვა. სახელმწიფო მდივანი თბილისში 17 ნოემბერს, საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

პომპეოს ვიზიტის შეფასებები გააკეთეს, როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა, ასევე ექსპერტებმა. თავად სახელმწიფო მდივანი საქართველოში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ეხმიანება:

"მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“- წერს მაიკ პომპეო.

პომპეოს ვიზიტი  ექსპერტმა თენგიხ ფხალაძემაც შეაფასა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დილა მშვიდობის. არ ვიცი, რა იცით ძნელადაღსაზრდელთა კლასის შესახებ, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი კვლავაც გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები არიან, უფრო ზარმაცები, ჯიუტები და გაუგონრები, ვიდრე მათი სხვა თანატოლები. მათმა ბავშვობამ უმძიმეს პირობებში გაიარა, ამიტომ წერა-კითხვის და თანამედროვე საზოგადოებაში ქცევის წესების სწავლაც გვიან დაიწყეს. ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ კარგი აღზრდა და განათლება მიიღონ, ვადგენთ სპეციალურ პროგრამებს, ვურჩევთ კარგ მასწვლებლებსა და ფსიქოლოგებს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ძალზედ ჯიუტები არიან და სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდოთ. დავალებას ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სამიანზე, იგივე C დონეზე, ასრულებენ, ხშირია საშემოდგომოებიც. აგრესიულნი არიან. შეკამათება ხშირად კონფლიქტში გადადის. საუბრის ნაცვლად დერეფანში გადიან და ჩხუბობენ! მართალია კლასში რამდენიმე კარგი მოსწავლეცაა, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და მხოლოდ მათი სიკარგე საქმეს ვერ შველის. ისინი სუსტები არიან ჩხუბში იჩაგრებიან. ახლაც შუალედური გამოცდებზე გუნდური დავალება ვერ ჩააბარეს და ისევ ჩხუბობენ. ვცდილობთ ავუხსნათ, რომ სიმწიფის ატესტატის მისაღებად უნდა ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა, მოსმენა და ერთად შრომა. კუნთმაგარებმა და უმრავლესობაში მყოფებმა სუსტები და უმცირესობაში მყოფები არ უნდა დაჩაგრონ. ასე მხოლოდ ერთმანეთს აზიანებენ და ასუსტებენ. თანაც მათ გვერდით მსოფლიოში უდიდესი კრიმინალური კვარტალია, საიდანაც ამ ძნელად აღსაზრდელ მოზარდებს უდიდესი საფრთხე ემუქრებათ. იმ კრიმინალური კავარტლის ბანდები ხშირად იჭრებიან ამ მოზარდების საცხოვრებელში, მიაქვთ ძვირფასი ნივთები და ზოგჯერ ოთახებსაც კი ართმევენ. დღეისათვის ამ კრიმინალებს მოზარდთა საცხოვრებლის 20% აქვთ მიტაცებული და კვლავაც იმუქრებიან მეტის წართმევით. როგორც გითხარით, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მოზარდებს, მაგრამ ამისათვის მათ ერთმანეთთან თანამშრომლობა უნდა ისწავლონ და შეიგნონ, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ გულმოდგინე სწავლით და ერთად შრომითაა შესაძლებელი. თუკი ისინი ამას შეძლებენ, მაშინ ჩვენც შევძლებთ მეტად დავეხმაროთ, დავიცვათ და საბოლოოდ ისეთ კლუბებში გავაწევრიანოთ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და აღარავინ გაბედოს მათი დჩაგვრა. როგორც გითხარით ეს ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ და იმედიც არ უნდა დავკარგოთ! - მარტივ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, აი ეს წერია სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში! - წერს ექსპერტი. აქვე შეგიძლიათ იხილოთ მაიკ პომპეოს ვიზიტის ამსახველი ფოტოკოლაჟი