დავით ზურაბიშვილი: "პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული" - კვირის პალიტრა

დავით ზურაბიშვილი: "პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული"

"ქართული პოლიტიკა ბევრის მნახველია, მაგრამ ასეთი უვიცობა არ მახსენდება. ხელისუფლება არ მოგვწონს და შეცვლა გვსურს, მაგრამ როგორ? სულ ორი ვარიანტია: ან უნდა მოიგო არჩევნები, ან აიძულო, რაც გინდა, ის გააკეთებინო, რაც ამ რეალობაში აბსურდია"

ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა უცვლელი პოზიციაა, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შევიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის აზრი უცვლელია, რასაც პოლიტიკური ექსპერტი დავით ზურაბიშვილი ინფანტილურ გადაწყვეტილებას უწოდებს და მიიჩნევს, რომ შედეგს ვერ მოიტანს.

- როგორი შეხვედრებიც უნდა გაიმართოს, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან როცა არჩევნების პირველადი შედეგები გაირკვა, ოპოზიციამ განაცხადა, არ ვაღიარებთ, რადგან ჩვენ მოვიგეთო. ერთ-ერთი ტელევიზიის დაკვეთით "იბსოსის" ეგზიტპოლების ფონზე (რომელიც დანარჩენებისგან განსხვავდებოდა), მგონი, თანამდებობებსაც ინაწილებდნენ.

მაშინ, როცა ხმების ნახევარიც არ იყო დათვლილი, კატეგორიული განცხადება, პარლამენტში არ შევალთ, თუ არჩევნების გაყალბებას არ აღიარებთო, ულტიმატუმია, რომელზეც ძნელი მისახვედრი არ იყო, ხელისუფლება არ წავიდოდა. თავიანთ პირობას შემდეგ მორალური დატვირთვაც მისცეს - ვინც პარლამენტში შევა, უზნეო ადამიანიაო. ჰოდა, აქ დამთავრდა ყველაფერი, ასეთი განცხადებების მერე ოპოზიციას მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის რესურსი აღარ დარჩა. მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: უნდა გაიმარჯვოს ან დაინგრეს.

- დაინგრეს ოპოზიციური ერთობა? - უკვე არა აქვს მნიშვნელობა ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად. ერთობაა სწორედ უბედურება - ან ერთად უნდა დაინგრნენ, ან ერთად გაიმარჯვონ. უკანდასახევი გზა მოიჭრეს. როცა რაღაცას აკეთებ, შესაძლოა მაშინვე არ გამოგივიდეს, მაგრამ მანევრირების შესაძლებლობა აუცილებელია. როცა პოლიტიკაში ხარ, ლავირების გზა უნდა დაიტოვო, რომ რაღაც დაათმობინო ან თავად დათმო. ახლა ოპოზიცია თუ შევა, ვაია, თუ არა, ვუი, რადგან პარლამენტში შესვლა მორალურ რანგში აიყვანეს.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. - დასავლეთისა და ამერიკელებისთვის წარმოუდგენელია ოპოზიცია ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს და პარლამენტში არ შედიოდეს. ის კი არა, მხარეებს კონსულტაციაც არ ჰქონიათ, ოპოზიციამ მაშინვე წამოაყენა კაპიტულაციის ტოლფასი მოთხოვნა: აღიარეთ, რომ წააგეთ, ცესკოს ხელმძღვანელობა დაითხოვეთ და თავადაც სახლში წადითო, თან ამას ხელისუფლებას ქუჩიდან ეუბნებიან მაშინ, როცა ყველა ბერკეტი მას აქვს. ახლა ამერიკის და ევროკავშირის ელჩები კი არიან ფასილიტატორები, მაგრამ ასეთ რამეს მმართველ გუნდს უცხოელებიც არ დააძალებენ. ოპოზიციამ თავადვე მოიქცია თავი ჩიხში. ამ სულელური ვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს, აწი პარლამენტში შევლენ თუ არა, ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაა გამარჯვებული.

- ფიქრობთ, ვერ გათვალეს შედეგები? - "ნაციონალებისგან" არც გამკვირვებია ასეთი საქციელი, მათ რადიკალური ამომრჩეველი ჰყავთ და წინასწარ მოქოქეს, ისტორიული არჩევნებია, ქვეყნის ბედი წყდებაო, და ისინიც თავს არ ზოგავდნენ. ასეთი მიდგომა პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, რადგან პარტიის ლიდერებმა წინასწარ გააღვიძეს მოლოდინი, რისი შემსრულებლებიც არ იყვნენ. მათ ისიც ჰგონიათ, თუ გაზაფხულამდე ქუჩაში იდგებიან, ხელისუფლება თავისით ჩამოვარდება, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვა, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მათი გამკვირვებია.

შეეძლოთ აქციების კვალდაკვალ სამართლებრივი გზით ებრძოლათ. მოთხოვნებიც დაეყენებინათ, თუნდაც პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პარლამენტში არშესვლის მუქარაც შეიძლებოდა, ოღონდ მუქარად და არა დაფიცებად, რაც სრულიად ინფანტილური, არაკვალიფიციური საქციელია. ოპოზიციაში სერიოზული ადამიანებიც ჰყავთ, მაგრამ ვისაც იქ "პარადი" მიჰყავს, ნახელისუფლარი და ძალაუფლების გემოს მცოდნენი არიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე გავლენიან ბიზნესს მართავდნენ და იმ პოზიციიდან ლაპარაკს ვერ გადაეჩვივნენ. ისე იქცევიან, თითქოს მათ ხელშია ძალაუფლება. ოპოზიციური საუბარი ვერ ისწავლეს.

- რა იქნება ხვალ, მთავრობას მმართველი გუნდი ჩამოაყალიბებს? - რატომაც არა?! პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას თავისი მექანიზმი აქვს - უნდა შეიტანონ განცხადება, სიის გაუქმებაზე დასტური ხელის მოწერით მიიღონ, რაც ნიშნავს, რომ მათ უფლებამოსილებას არ აღიარებენ. თუმცა შეიძლება ხელი არც მოუწერონ.

2008 წელს შალვა ნათელაშვილმაც დაწერა განცხადება, არჩევნები გაყალბდაო, რაზეც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ხელი არ მოუწერა, არასერიოზულია, სხვა განცხადებით მომმართოსო, მაგრამ შალვა გაჯიუტდა - არც ბაქრაძემ მოუწერა ხელი და პარლამენტშიც ირიცხებოდა. ახლაც იგივე მოხდება - არ მოაწერენ ხელს და უფლებამოსილების შეწყვეტაც არ დაუდასტურდებათ, მაგრამ ხელფასი დაერიცხებათ, "ოცნება" კი იქით დააყვედრის, ხელფასს გიხდითო.

ოპოზიცია ისევ ქუჩაში იქნება, აბა, სად უნდა წავიდეს? ქართული პოლიტიკა ბევრის მნახველია, მაგრამ ასეთი უვიცობა არ მახსენდება. ხელისუფლება არ მოგვწონს და შეცვლა გვსურს, მაგრამ როგორ? სულ ორი ვარიანტია: ან უნდა მოიგო არჩევნები, ან აიძულო, რაც გინდა, ის გააკეთებინო, რაც ამ რეალობაში აბსურდია.

ხალხის მხარდაჭერაც იმხელა არა აქვთ და არც 2003 წელია, როცა ძალოვანი უწყებები და სხვა ინსტიტუტები რევოლუციური ძალის მხარეს იყვნენ. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია უცხოელების მხარდაჭერაც - თუ ამერიკა და დასავლეთი არ უჭერენ მხარს, წაგება გარანტირებულია.

ეს არ ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, თუ გამსახურდიას ხელისუფლებას არ ჩავთვლით, როცა სამხედრო გადატრიალება მოხდა, საქართველოში მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება არ შეცვლილა.

უდავოა, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ 3-4%-იანი განსხვავებით და არა ტოტალურად. ოპოზიციის გამარჯვება ისეთი დამაჯერებელი არ არის და უსაფუძვლოა აპელირება, თითქოს არნახული გაყალბება მოხდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სააკაშვილმა, ფაქტობრივად, არჩევნები მოიპარა. რომელ უპრეცედენტო გაყალბებაზეა საუბარი, როცა პარალელური დათვლებით 4%-მდეა განსხვავება.

მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ ყველა უბანი დაეთვალათ და შედეგებზე შეთანხმებულიყვნენ, გაისად კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე მორყეულ-მოსუსტებული ხელისუფლებისთვის გენერალური ბრძოლა უნდა გაემართათ. იმ გზით, რასაც ახლა მიჰყვებიან, კატასტროფას მიიღებენ.

- ექსპრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ჩამოსვლა-არჩამოსვლით მუდმივად აპელირებს. მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა? - ეს უკვე იმდენად არასერიოზული თემაა, განხილვად არც ღირს. მისი მომხრეების პერფორმანსები მხოლოდ სააკაშვილის პიროვნების მნიშვნელობის წამოწევას ემსახურება, აი, მისი გავლენა ჯერ კიდევ ძლიერიაო. მისი ჩამოსვლა გამორიცხულია, რადგან იცის, დაიჭერენ.