ვახტანგ ხმალაძე: "იურისტი კობახიძისგან ასეთი რამის თქმა წარმოუდგენელია!" - კვირის პალიტრა

ვახტანგ ხმალაძე: "იურისტი კობახიძისგან ასეთი რამის თქმა წარმოუდგენელია!"

ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მეორე ტურს. ისინი ჯერჯერობით პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ მანდატებზე უარს იტყვიან, თუმცა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობა ხელს შეუშლის მათ გადაწყვეტილებას, რადგან ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი მათზეა დამოკიდებული. ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. აქვს თუ არა ასეთი ბერკეტი "ქართულ ოცნებას" და რა გამოსავალი არსებობს დღევანდელი კრიზისიდან? ამ და სხვა საკითხებზე კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვესაუბრება.

- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება პარლამენტმა კენჭი არ უყაროს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ეს კონსტიტუციით შესაძლებელია?

- ეს განცხადება ისეთ ადამიანს რომ გაეკეთებინა, რომელსაც სამართლებრივი განათლება არა აქვს, ვიტყოდი, არ იცის სამართალი და იმიტომ თქვა-მეთქი, მაგრამ კობახიძეზე ამას ვერ იტყვი... კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტარის უფლებამოსილების ცნობისა და შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, იქ მიღებული გადაწყვეტილება კი საბოლოოა.

კონსტიტუციაში ჩამოთვლილია, რა შემთხვევაში შეიძლება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. ამ ჩამონათვალშია საკუთარი განცხადებით გადადგომა, მოქალაქეობის დაკარგვის გამო უფლებამოსილების შეწყვეტა, გარდაცვალება. ზოგიერთი საკითხია ისეთი, პარლამენტმა რომ უნდა იმსჯელოს და ამის მერე შეუწყვიტოს ან არ შეუწყვიტოს დეპუტატს უფლებამოსილება - მაგალითად, პირმა დაიკავა თანამდებობა და ეს შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან. ცალკეა განსაზღვრული, რომ პარლამენტის წევრს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება და სხვა. ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და კენჭისყრით გადაწყვიტოს უფლებამოსილების საკითხი. იგივე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვთქვათ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირმა ჩაიდინა სს დანაშაული. ამის შემდეგ პარლამენტს შეუძლია იმსჯელოს, იყო თუ არა სამართლიანი სასამართლო და დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს. ამის მაგალითია ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული საქმე. სასამართლომ მას განუსაზღვრა ჯარიმა. ამ შემთხვევაში პარლამენტს უნდა გადაეწყვიტა მისი უფლებამოსილების საკითხი. შეეძლოთ არ შეეწყვიტათ, მაგრამ შეუწყვიტეს. ამ საკითხებისგან განსხვავებით, სამ შემთხვევაში - როცა საქმე ეხება საკუთარი განცხადებით გადადგომას, მოქალაქეობის დაკარგვასა და გარდაცვალებას, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება თქვას, შესაძლებელია პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილებაო?

თუმცა გვქონდა ასეთი კურიოზული შემთხვევაც - 1992-95 წლებში გარდაიცვალა პარლამენტის წევრი და დასვეს საკითხი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. შეიძლება ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ახლაც...

კურიოზული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად წინა რეგლამენტში ეწერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამ შემთხვევაში საპროცედურო კომიტეტის მეშვეობით პარლამენტი ამოწმებდა ფაქტის ნამდვილობას, შემდეგ მოახსენებდა პარლამენტს, პარლამენტი იღებდა ამას ცნობად და პირს უწყდებოდა უფლებამოსილება კენჭისყრის გარეშე. ახლანდელ რეგლამენტში ასე აღარ წერია და ამან მისცა ირაკლი კობახიძეს იმის თქმის შესაძლებლობა, რაც თქვა, მაგრამ იურისტისგან ასეთი რამის თქმა წარმოუდგენელია. სამართლის მცოდნე ადამიანმა ნორმა უნდა განმარტოს სხვა ნორმებთან ერთობლიობით და გააანალიზოს, რატომ არის ეს ნორმა ასე დაწერილი. იცით, რა იყო ამ ნორმის მიზანი? როცა ლაპარაკია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ამ ნორმის მიზანია, ერთი მხრივ, დაცული იყოს საჯარო ინტერესები და, მეორე მხრივ, დაიცვას პარლამენტის წევრი, რომ ვინმემ არ აიძულოს, გადადგეს თანამდებობიდან. ვთქვათ, პარლამენტს მისწერეს წერილი, პარლამენტის წევრი რომელიღაც სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა და შეუწყვიტეთ უფლებამოსილებაო, პარლამენტმა უნდა შეამოწმოს ფაქტის ნამდვილობა. როდესაც პარლამენტის წევრი წერს განცხადებას გადადგომაზე, უნდა შემოწმდეს, ვინმემ ხომ არ აიძულა ის, ასეთი განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ თუკი ადამიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა, ვინ შეუშლის ხელს?! ნებისმიერ თანამდებობის პირს - პრეზიდენტით დაწყებული, ღამის დარაჯით დამთავრებული, შეუძლია თავისი სურვილით წავიდეს თანამდებობიდან, არც ლოგიკით და არც კონსტიტუციის ნორმებით პარლამენტს ამის აკრძალვის უფლება არ აქვს.

- თუ მაინც მოხდა ეს?

- თუ პარლამენტმა ასეთი რამ გააკეთა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც კი პარლამენტის წევრი დაწერს განცხადებას გადადგომაზე, რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში საპროცედურო კომიტეტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და თავისი დასკვნა წარუდგინოს პარლამენტს, პარლამენტმა კი გადაწყვეტილება მიიღოს. სანამ ამ საკითხზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება პარლამენტს არ აქვს. ჩემი აზრით, როცა პირი თავისით ტოვებს მანდატს, ამას კენჭისყრაც არ უნდა სჭირდებოდეს.

- კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩადებულია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. - ეს არის კონსტიტუციის არასწორი წაკითხვა და საბაბის მოძებნა. პარლამენტში უნდა იყვნენ მოქალაქეთა ინტერესების გამომხატველი ჯგუფები. პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზემოქმედებისაგან დაცულია კონსტიტუციით. ამიტომ არ არის კონსტიტუციაში პარლამენტის წევრის ე.წ. გამოწვევის მექანიზმი. რადგან აირჩიე, გამოწვევის უფლება არ გაქვს. პარტიაც ვერ გამოიწვევს თავის დეპუტატს. თუ ვინმე არ იქცევა ისე, როგორც პარტიას სურს, შეუძლიათ, გარიცხონ პარტიიდან, მაგრამ პარლამენტის წევრად რჩება.

- თუ არ უყრიან კენჭს, რა მოხდება? - კენჭი უნდა უყარონ, თუმცა მიმაჩნია, რომ რეგლამენტის ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და ის პარლამენტმა უნდა შეცვალოს. ან, თუ არ შეცვალა, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს და ცნონ არაკონსტიტუციურად. ამ რეგლამენტის თანხმადაც კი არ აქვს უფლება უმრავლესობას, რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ განიხილოს ეს საკითხი. თუკი არ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მაშინ პარლამენტის წევრები ამას გაასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში...

ნორმის სიტყვასიტყვით წაკითხვამ შეიძლება მიგიყვანოს კურიოზამდე, აბსურდამდე. შანტაჟი ნიშნავს იმის მოთხოვნას, რაც არ გეკუთვნის და ამის გამო მუქარას, ეს კი კანონისგან შორს დგას. ამით ირაკლი კობახიძეს იმის თქმა უნდა, რომ როცა ეს ნორმა იწერებოდა, კონსტიტუციის მიმღებნი უშვებდნენ, რომ პარლამენტში იქნებიან დეპუტატები (და მათი რაოდენობა იქნება საკმარისი), რომლებიც შეეცდებიან პარლამენტის მეორე ნაწილის დაშანტაჟებას თავიანთი სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად? ანუ მოიქცევიან უკანონოდ ისინი, ვინც საზოგადოებამ აირჩია? თან ისეთები აირჩია და იმდენი, რომლებიც შანტაჟის მეთოდებით იმოქმედებენ? არ გამორიცხავ, ამის ცალკეული შემთხვევები არსებობდეს, მაგრამ ცალკეული პირი ვერც ერთ პარლამენტს ვერ შეუქმნის პრობლემებს. ჩვენ დღეს საქმე გვაქვს პარლამენტის წევრთა მესამედზე მეტთან და უამრავი მტკიცებულებაა, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, შედეგები კი არ არის სამართლიანი და კანონიერი. ეს როგორ აღიქმება შანტაჟად? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ პირებმა გაასაჩივრეს საარჩევნო უბნების ორ მესამედზე მეტის შედეგები და მოითხოვეს ამ უბნების შემოწმება. 2000-ზე მეტი უბანი იყო გასაჩივრებული, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ კი ერთად 40-ზე ნაკლები უბნის შედეგი შეამოწმეს და ამის საფუძველზე მოვისმინეთ, რომ თურმე ამან გავლენა არ მოახდინა შედეგზე. დანარჩენი რატომ არ შემოწმდა? ოპოზიციამ ყველა კანონიერი გზა გამოიყენა სიმართლის დასადგენად და როცა ამაზე უარი თქვა ხელისუფლებამ, ამის შემდეგ თქვეს პარლამენტში შესვლაზე უარი. ამას ვერ შეარბილებს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნათქვამი, ჩვენ შევთავაზეთ უბნების შედეგების გადათვლა და უარი თქვესო...

- პროცესები ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსავალს ხედავთ? - ნებისმიერი კრიზისიდან არსებობს გამოსავალი - ეს არის შეთანხმება. ახლა ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს. გადავხედოთ გამოცდილებას - გავიხსენოთ 1991, 2003, 2012 წლები, მაგრამ ყველა ეს სცენარი იქნება ცუდი, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად. ეს არის პრობლემა.

საპრეზიდენტო რესპუბლიკისგან გასხვავებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმი - ინიშნება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მე კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზას ვერ ვხედავ. ორი კვირის წინ კრიზისიდან გამოსვლის სხვა მექანიზმიც არსებობდა, მაგრამ დღეს ის აღარ არსებობს, რადგან დამთავრდა საარჩევნო დავების განხილვის ვადა. ახლა ერთადერთი, რისი შესაძლებლობაც დარჩა, არის რიგგარეშე არჩევნები.

იმას, რაც ირმა ინაშვილმა თქვა - ძველ პარლამენტს გაუგრძელდეს უფლებამოსილება, მან მიიღოს კანონები და მანვე დანიშნოს რიგგარეშე არჩევნებიო, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ეს ანტიკონსტიტუციურია. ხელახალი არჩევნები რომ დანიშნულიყო, მაშინ სხვა გზა არ იქნებოდა და ძველ პარლამენტს ავტომატურად გაუგრძელდებოდა ვადა, მაგრამ ახლა დარჩა ერთადერთი გზა - რიგგარეშე არჩევნები.

- თუმცა ესეც რთული პროცედურაა... - ამიტომ საჭიროა შეთანხმება, რომ გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. მერე უნდა შეთანხმდნენ დროზე, ბოლოს კი უნდა შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედებების გამო ასეთი კრიზისის შექმნას. რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, რომელთაც სჯერათ, რაც საბოლოო ოქმებში წერია, ამიტომ უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომლებიც ურწმუნო თომასაც კი ვერ დააეჭვებს არჩევნების შედეგებში.

მაგალითად, შემოვიღოთ საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა. წელიწად-ნახევრის წინ დავსვი ეს საკითხი პარლამენტში, როცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები განიხილებოდა. სხვაგვარად ყოველთვის იქნება რისკი.

ბიულეტენების ელექტრონული სისტემით დათვლას თუ დაამატებენ და ამომრჩევლის იდენტიფიცირებაც უბანზე ელექტრონული სისტემით მოხდება, მაშინ კარუსელებიც გამოირიცხება - ესეც ხომ ჩვენი აქილევსის ქუსლია! აი, ამ შეთანხმებებს უნდა მოაწერონ ხელი, შევიდნენ პარლამენტში და ამაზე იმუშაონ. ასეთ ვითარებაში ოპოზიცია აღარ იტყვის უარს მანდატებზე, პარლამენტი შეიკრიბება და დაიწყებს მუშაობას. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ შეთანხმების შესრულება, მერე შეიცვლება საარჩევნო კანონი.

სისტემა უნდა აეწყოს და როდესაც ყველაფერი მზად იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად, მაშინ პრემიერი უნდა გადადგეს - პარლამენტმა მთავრობის ხელახლა ნდობის საკითხს არ უნდა დაუჭიროს მხარი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

- ადრეულ წლებში ლაპარაკობდნენ ე.წ. ბეიკერის ფორმულაზე. ახლა ამის გამოყენება არ შეიძლება, რომ კითხვები აღარ დარჩეს? - ეს იყო მაშინ, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის წევრი, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ უფრო ნაკლები პრობლემა იყო, ვიდრე დღეს არის.

დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში 12 წევრიდან ცხრა "ოცნებისაა", მაშინ კი თანაფარდობა სხვანაირი იყო. მაშინ "მოქალაქეთა კავშირს" ჰყავდა კომისიის წევრების ნახევარზე მეტი და ბეიკერის ფორმულა ამ პროპორციის შეცვლას ითვალისწინებდა - არც ერთ პარტიას არ უნდა ჰყოლოდა წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი, მაგრამ ეს არც მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო.

- ახლა შეიძლება გამოყენება? - თუ ელექტრონულ სისტემას შემოვიღებთ, საუბნო კომისიაში 12 წევრი არ დაგვჭირდება და იქ ნებისმიერი ფორმულა შეიძლება შემოვიღოთ, მაგრამ ცენტრალურ და საოლქო კომისიებში ცუდად არის საქმე, რადგან ისინი ხუთი წლის ვადით არიან არჩეული. ცესკოს თავმჯდომარეს ვადა 2023 წელს გასდის. კონკრეტული ვადით არჩეულ წევრებს ვერ შეეხებიან, თუ თვითონ არ დაწერეს განცხადება გადადგომის შესახებ.

მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებია გამოსავალი როგორც ქვეყნის, ასევე პარტიებისთვის, უპირველესად კი - "ოცნებისთვის" და ისინი ამას უნდა დათანხმდნენ. რასაკვირველია, ამ შეთანხმებით მმართველი პარტია რაღაცას დაკარგავს, მაგრამ თუ ეს შეთანხმება არ მოხერხდა, ქვეყანა გაცილებით მეტს დაკარგავს.