"ახლა უფრო ნათელია, რომ საქარ­თველოს სხვა არჩევანი არა აქვს..." - ამერიკელი დიპლომატის მკაცრი გაფრთხილება (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ახლა უფრო ნათელია, რომ საქარ­თველოს სხვა არჩევანი არა აქვს..." - ამერიკელი დიპლომატის მკაცრი გაფრთხილება (ექსკლუზივი)

"საქართველო სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის გზაა, სომხეთი - ბერკეტი, აზერბაიჯანი კი - პოტენციური ჯილდო"

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური მრჩეველი საბჭოთა კავშირის საკითხებში, სამხრეთ კავკასიის ექსპერტი და ანალიტიკოსი პოლ გობლე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა. რას ფიქრობთ ამაზე?

- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვადევნებ თვალს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. ამ პრობლემაზე მქონდა კიდეც მოდიფიცირებული გეგმა, რომელიც 1992 წელს სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს შევთავაზე, თუმცა მან უარი თქვა. გეგმა გულისხმობდა ტერიტორიის გადანაწილებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს გეგმა მაშინ რუსეთმაც ჩაშალა, რადგან მას არ აწყობს მოგვარებული კონფლიქტები, ურჩევნია გაყინოს, რათა შემდეგ საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენოს. არადა, მაშინ ამ გზით სომხეთს შეეძლო გაენეიტრალებინა აზერბაიჯანიდან მუდმივად მომავალი საფრთხე და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაეწყო. მას დასავლეთისკენ გზა გაეხსნებოდა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაც ექნებოდა. ახლა ყველაფერი დაგვიანებულია. სომეხი საზოგადოება ფაშინიანს ადანაშაულებს, ეს კი სწორედ რუსეთის მართული გეგმაა - არეულ სიტუაციაში ისრების არასწორად გადაწევა მას კარგად ეხერხება. ვფიქრობ, მოსკოვს სურდა სომხები მთავრობით უკმაყოფილო ყოფილიყვნენ და ფაშინიანი პრორუსული შეხედულებების პირით შეეცვალა. რუსეთი ხომ ყველგან, სადაც მისი ინტერესია, ამ თამაშს თამაშობს. სომხები რუსეთს ჩაურევლობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ის კონფლიქტში მხარედ ვერ ჩაერთვებოდა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა დაატყდებოდა თავს. კრემლმა იცის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ იღებს ყირიმის ანექსიას და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გასათვალისწინებელია თურქეთის ფაქტორიც, რის გამოც მან სომხეთის დამარცხება დაუშვა და დასაჯა კიდეც.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ომი სომხეთმა მოიგო, თუმცა გავიდა 28 წელი და ის აზერბაიჯანელები, რომლებიც მაშინ ლტოლვილებად იქცნენ, ახლა საკუთარ მიწაზე დაბრუნდნენ. ყოველივე ამან ცხადყო, რომ პოლიტიკაში 30 წელი არაფერია და გარდა ამისა, ომით დაკარგული ტერიტორიის ომითვე დაბრუნების პრეცედენტი გაჩნდა. ასევე დავინახეთ, რომ არაფერს ნიშნავს დროებით მოგებული ომი, მთავარია, მშვიდობით მოგება. თუმცა სომხეთს ეს გაუჭირდებოდა, რაც რუსეთთან სიახლოვით, ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური ხაზის გატარებით არის განპირობებული.

ძალისმიერ მეთოდზე დადებული ფსონი გრძელვადიან პერსპექტივაში არასდროს ამართლებს - ისტორიული ბალანსი შეიცვლება მაშინვე, როგორც კი რომელიმე მხარეს რევანშის შესაძლებლობა მიეცემა. ამჯერად ეს შანსი აზერბაიჯანმა გამოიყენა. კონფლიქტის თავისებურებიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ოდესმე ყველაფერი ტერიტორიების გაყოფით დასრულდებოდა. აზერბაიჯანს სჭირდებოდა პირდაპირი სახმელეთო კავშირი ნახიჩევნის ავტონომიასთან მეგრის დერეფნის ხაზით, ირანის საზღვრამდე... ამასთან, ნახიჩევნის ავტონომიას თურქეთთან 11 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აქვს. ზაფხულში თურქეთის არმიამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სწორედ ნახიჩევანში გამართა სწავლებები, რაც მისი ძალის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. ეს სიგნალი იყო როგორც სომხეთისთვის, ასევე რუსეთისთვის - აზერბაიჯანის ძლიერება რეგიონსა და მსოფლიოში მისი პრესტიჟის საკითხი იყო და ეს დაამტკიცა კიდეც.

- კამათის საგანია სამხრეთ კავკასიაში რუსი "მშვიდობისმყოფელების" დამატებითი რაოდენობით შემოსვლა. - ყურადსაღებია, რომ ისინი ფუნქციითა და ფორმატით სრულიად განსხვავდებიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო ძალისგან. საზოგადოდ, რუსეთის ქმედებები სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში მარტივად პროგნოზირებადია.

ყოველთვის, როცა კრემლი ამ რეგიონში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის ინიციატივით გამოდის, ეს აშფოთებს ოფიციალურ ვაშინგტონს, რადგან არავის სჯერა, რომ რუსეთს ამ ისტორიული პრობლემის გადაჭრა გულწრფელად სურს და ნამდვილი მომრიგებელია.

როცა იცი, რომ აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიები მას აქვს ოკუპირებული, ამის შემდეგ კი სულ რამდენიმე საათში, ღამით, მიღებული შეთანხმების შემდგომ კიდევ გზავნის სამხედროებს რეგიონში, ძნელია არ შეშფოთდე, რადგან მოსკოვი არავისთვის არის საიმედო პარტნიორი კონფლიქტის გადაწყვეტაში. ეს სომხეთის მაგალითითაც გამოჩნდა... რეგიონში მშვიდობისმყოფელების 5 წლით დარჩენა არაფერს ნიშნავს, მით უფრო, რომ მათ თურქეთი გააკონტროლებს, რომელიც, სავარაუდოდ, თვალს არაფერზე დახუჭავს.

რუსეთის გავლენა კი არ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა, მაგრამ ამის საპირწონედ ამერიკისა და ევროკავშირის გავლენა არ გაუმჯობესებულა. არაპირდაპირ, მაგრამ მაინც გაზრდილია თურქეთის გავლენა და ასევე ირიბად შემოდის ირანიც. მათთან შედარებით, რეგიონში ბაქოს დომინანტობა, ცხადია, ანკარის მხარდაჭერით, შედარებით პირდაპირია.

- როგორ შეიძლება ახალი რეალობა საქართველოზე აისახოს? - საბედნიეროდ, საქართველოს არა აქვს ისეთი რეალობა, როგორიც 90-იან წლებში ჰქონდა. დღეს მას ჰყავს საიმედო და მყარი სტრატეგიული მოკავშირე, ამერიკა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. ახლა უფრო ნათელია, რომ საქართველოს სხვა არჩევანი არა აქვს, გარდა ერთისა - დაცული იყოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. სხვა შემთხვევაში, საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებელ არგუმენტებს დაკარგავს.

საქართველომ პრინციპულად უნდა დაუჭიროს მხარი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და იმავდროულად, ერთა თვითგამორკვევასაც. ეს ძნელია, რადგან ვიღაცები გააპროტესტებენ - აფხაზების და ოსების თვითგამორკვევასაც უნდა დაუჭირო მხარიო, თუმცა საქართველოს ამ სიტუაციაშიც მომგებიანი პოზიცია უჭირავს - ის საზღვრების სტაბილურობის დაცვას მოითხოვს, თუმცა ამავე საზღვრებში მზადაა დაიცვას უმცირესობების თვითგამორკვევის უფლებებიც. ამისთვის, მას მიმდინარე პროექტები კი არა, საკუთარი ისტორიიდანაც შეუძლია მსოფლიოს თავისი პრინციპები გააცნოს - აფხაზეთს 1921-1931 წლებში რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა, თუმცა საქართველოს შემადგენლობაში იყო. ეს ძალიან კარგი არგუმენტია და ამის გამოყენება ახლაც შეიძლება. თუმცა ამისთვის, ალბათ, შიდამზაობაც არის საჭირო.

- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამომრჩევლებს ხმები მოჰპარეს. რა შეგიძლიათ თქვათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე? - დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის პრეტენზიები უმართებულო იქნება და ქართველი საზოგადოება არჩევნების შედეგებს აღიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია პროცესების დესტაბილიზაცია და შესაძლოა შედეგად ის მივიღოთ, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნეს მოსკოვი და არა საქართველო. ეს აუცილებლად გამოიწვევს არეულობას, რასაც შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტი შეეწიროს.

იმედია, ორივე მხარე გაითვალისწინებს საქართველოში ჩამოსული ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ბოიკოტთან დაკავშირებულ კეთილ რჩევას. როცა რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქართველომ უნდა გააცნობიეროს პომპეოს ვიზიტის მთავარი გზავნილები. ქვეყანაში სტაბილური პროცესები ამერიკის მყარი საგარეო მხარდაჭერის თანამდევი უნდა იყოს. იმედია, ქართველი საზოგადოება, პოლიტიკოსები დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების ფორმულით იხელმძღვანელებენ. ასე რომ, ორივე მხარეს მართებს სიფრთხილე. მცირედი გადაცდომა და, შესაძლოა განსაზღვრული ნეგატიური პროცესები დაბრუნდეს, რადგან რეგიონში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, თანაც მალე.

რეგიონში მხოლოდ ორი დიდი მოთამაშე, რუსეთი და თურქეთი კი არა, ირანიც გამოჩნდა. რუსეთი და ირანი ის ქვეყნებია, რომელთაც რეგიონში მშვიდობა არასდროს აწყობდათ, რადგან სათავისოდ გამოყენების მეტი შანსი აქვთ. რუსეთს კავკასიაზე მუდმივად უჭირავს თვალი და როგორც კი რომელიმე მხარე ისე დასუსტდება, რომ მისთვის ანგარიშგასაწევი ძალა აღარ იქნება, მაშინვე გააცოცხლებს გაყინულ კონფლიქტებს.

საქართველო სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის გზაა, სომხეთი - ბერკეტი, აზერბაიჯანი კი - პოტენციური ჯილდო. რუსეთი საქართველოს და სომხეთს ყველა მეთოდით გამოიყენებს, რათა აზერბაიჯანზე გავლენა მოიპოვოს. აზერბაიჯანს ახლა თურქეთის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მოსკოვის სტრატეგია უცვლელია და მიზნის მისაღწევად მუშაობას არ შეწყვეტს. ახლა სომხეთი დასუსტებული და გატეხილია, ბაქო კი - გაძლიერებული და შესაძლოა რეგიონში სადავის აღების ამბიციაც გაუჩნდეს, რამაც შესაძლოა საქართველოს აღმოსავლეთით მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები გაათამამოს.

რუსეთი ყოველთვის ეცდება, არ შემოუშვას რეგიონში დასავლეთი და ამერიკა, მათ კი უნდა აღიარონ ეს და პასიურ პოლიტიკაზე უარი თქვან. სხვა შემთხვევაში, კავკასია მოუგვარებელი კონფლიქტების სახიფათო საცავი იქნება.