"ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან" - კვირის პალიტრა

"ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ან შეგნებულ საბოტაჟთან"

"ქვეყანაში პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია"

21 ნოემბერს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, 17-ვე ოლქში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა ბიულეტენებში მაინც იყვნენ მათი კანდიდატები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მონაცემები, რომელთა მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში ხმათა 100%-ზე მეტი მიიღეს. ამას ცესკო ტექნიკური ხარვეზით ხსნის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იყო "გარე ჩარევაც".

"შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე რესულტს.ცეც.გოვ.გე მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

რატომ არის ამდენი დაუბალანსებელი ოქმი როგორც პირველ, ისე მეორე ტურებში და რა გარე ჩარევა შეიძლებოდა მომხდარიყო? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- პირველი ტურის მერე მეც გამიჩნდა კითხვები ამ დაუბალანსებელი ოქმების გამოქვეყნების თაობაზე. რა ხდებოდა საარჩევნო კომისიების უმრავლესობაში? სათანადოდ იყო თუ არა მომზადებული ეს ხალხი?

ისეთი ხმები მომდის, რომ მომზადებაგავლილი ხალხი ვერ მოხვდა საარჩევნო კომისიებში. ამბობენ იმასაც, რომ მავანი თავის ახლობელ-ნათესავებს ასაქმებდა. მეორე ინფორმაცია, რომელიც ასევე მსმენია, ის არის, რომ საბოტაჟსაც ჰქონდა ადგილი. ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაარკვიონ შესაბამისმა უწყებებმა. მართლაც ძალიან უცნაური შედგები ქვეყნდება, აშკარად თავხედური დამოკიდებულება ჩანს. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. ამ ყველაფრით ხელისუფლების მხარდამჭერებიც გვარიანად არიან აღშფოთებული და სწორედ ხელისუფლების ვალია, გაარკვიოს, რა მოხდა.

ან საქმე გვაქვს უსაშველო არაპროფესიონალიზმთან, ანაც - შეგნებულ საბოტაჟთან, რათა ყველა დაარწმუნონ არჩევნების გაყალბებაში.

- ცესკოს განცხადებაში ნახსენები იყო "გარე ჩარევაც". როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმება და შესაძლოა თუ არა, ეს უკავშირდებოდეს რუსეთის ინტერესებს? - შეთქმულების თეორიის აგება ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ ქვეყნის გარედან ჩარევის შემთხვევაში ყველაფერი უფრო ჭკვიანურად გაკეთდებოდა... თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ და ამის გარკვევის ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია.

გარდა ამისა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ცესკო - სწორედ მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა, უპირველესად კი - ცესკოს ხელმძღვანელობამ. ასევე უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვედა რგოლებსაც. თითოეული საარჩევნო კომისიის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს, უნდა შეისწავლონ მათი საქმიანობა, გაირკვეს, რა პრინციპით და რა პროფესიული უნარ-ჩვევებით დაკომპლექტდა ეს კომისიები და არის თუ არა ნეპოტიზმის შემთხვევები.

ცუდია, რომ მეორე ტურში ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ესეც ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით დაწყებული მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და პარალმენტში არ დარჩება მხოლოდ ერთი პარტია. ეს ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას დააზიანებს და იქნებ როგორმე დაინახონ პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.

თუ პარლამენტში მხოლოდ "ქართული ოცნება" დარჩება, ეს კანონის დარღვევა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ასე არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება... როგორმე ხელისუფლება უნდა ეცადოს გამოსავლის მოძებნას, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ.

- ანუ ფიქრობთ, რომ უნდა დასთანხმდეს ვადამდელ არჩევნებს? - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნისთვის რთული გადაწყვეტილება იქნება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესებს ბევრი ფული სჭირდება, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით კი საქართველოსთვის ამ ტვირთის ტარება რთულია. ვფ იქრობ, ვითარების განსამუხტავად შეიძლება გამოდგეს ის, რომ მომავალ წელს ჩვენ გვიწევს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება და იქნებ მოხერხდეს, რომ ამას დავამთხვიოთ ვადამდელი არჩევნებიც, თორემ ამ პანდემიის ჟამს გაზაფხულზე ცალკე არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, გამორიცხულია. არ შეიძლება ამ მძიმე ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ პირობებში ექვს თვეში ერთხელ არჩევნების ჩატარება, ეს დაანგრევს ქვეყანას. ხანდახან ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და ქვეყნის ამბავი სულ არ აინტერესებს.

- გასულ კვირას საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. როგორ აფასებთ მის ვიზიტს? - პომპეოს ჩამოსვლა იყო როგორც მოკავშირეების, ისე რეგიონში შექმნილი ვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულების დემონსტრირება. მოგეხსენებათ, ამ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევა. რასაკვირველია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, გამგებმა ეს გზავნილი გაიგო. შეცდომაა იმაზე ლაპარაკი, რომ პომპეო წამსვლელი გუნდის წევრია. საქმე ის არის, რომ ამერიკის პოლიტიკას ახასიათებს მემკვიდრეობითობა, აქედან გამომდინარე, ეს არის არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, არამედ ამერიკული პოლიტიკის ნაწილი. პომპეოს ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამერიკული პოლიტიკისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

- კარგა ხანს გაგრძელდა მისი შეხვედრა გახარიასთან. მათი საუბრის შინაარსი, გარდა ზოგადი ოფიციალური განცხადებისა, არ არის ცნობილი, თუმცა გახარიამ ახსენა ქვეყნის ევროატლანტიკური სწრაფვა და ამაში ამერიკის მნიშვნელოვანი როლი. როგორ ფიქრობთ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი საუბარი ან რა განსაკუთრებულ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ ახლა, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვნად იცვლება ძალთა ბალანსი? - ვფიქრობ, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე აუცილებლად ისაუბრებდნენ, თუმცა მეეჭვება, რაიმე კონკრეტული გზავნილები ყოფილიყო. ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს გზაზე ბოლო დროს ბევრი ლაპარაკობს. ამ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმაც გააკეთა განცხადება - პირდაპირ თქვა, საქართველო ნატოს წევრი ახლა უნდა გახდესო.

ამ თემაზე გარკვეული მოსაზრებები აშშ-ის სხვა პოლიტიკური ფიგურებისგანაც მოვისმინეთ, თუმცა, მაინც მეეჭვება, უახლოეს მომავალში მიიღონ ნატოში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილება, ისევე როგორც გადაწყვეტილება აშშ-ის ბაზების განთავსების თაობაზე.

მგონია, რომ ეს ცოტა შორეული მომავლის საქმეა, თუმცა ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა უსაფრთხოების მეტ გარანტიაზე და იმაზეც, რომ თუ არ შეიცვლება საქართველოს საგარეო კურსი და დამოკიდებულება, უახლოეს მომავალში რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ ჩვენს მხარდასაჭერად. გარდა ამისა, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დამატებითი ინფორმაცია მიიღო. ვფიქრობ, ამის შესახებ საქართველოს პირველი პირების მოსაზრებების მოსმენა მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ვვარაუდობ, რომ ისაუბრებდნენ სამომავლოდ აშშ-ის გეგმებზეც, რეგიონში ამერიკის გავლენის გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს როლზე.

- პომპეოს ვიზიტი დაემთხვა ქვეყანაში არჩევნების შემდეგ შექმნილ რთულ ვითარებას. "ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და რაღაც შეცვალოთ", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თბილისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მათი თქმით, ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. - ამ თემაზე ლაპარაკს ცოტა შორიდან დავიწყებ... როგორც ქვეყანა, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. ამ წლების განმავლობაში, მუდმივად გვიწევს პოლიტიკური მათხოვრობა. სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო ისეთ დღეში ჩავიგდეთ თავი და ჩავაგდეთ ქვეყანა, რომ მუდმივად ჩვენს პარტნიორებთან დავრბივართ საჩივლელად.

რა უბედურებაა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკს შუამავლების გარეშე ვერ ვახერხებთ?! სხვის კარზე ერთმანეთის დასასმენად როდემდე უნდა ვირბინოთ?! თანაც უფრო და უფრო ვეფლობით ამ ჭაობში. ეს არის ჩვენი უბედურება. დღევანდელი ქართული პოლიტიკა არის სხვის კარზე ჩივილის პოლიტიკა, თუმცა არა მარტო დღეს ხდება ასე, წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. მოკლედ, პოლიტიკური თავმოყვარეობის დეფიციტია ქვეყანაში. ოპოზიცია სულ რაღაც ბრალდებებით მიდის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ხელისუფლებები კი თავს იმართლებენ. ვერაფრით მოვახერხეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ისე მოგვარება, რომ სხვაგან საჩივლელი არაფერი გვქონდეს. გვყავს კარგი მეგობრები და ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს მოსარიგებლად, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე გავაგრძელოთ?! კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ წარმოგვაჩენს, შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ქცევას, რომელიც მუდმივად აპელირებს დასავლეთზე, დასავლურ ფასეულობებზე, მაგრამ საკმარისია დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ვინმემ გადაბრუნებული სიტყვა თქვას მათზე და რაღას არ ეძახიან: მოღალატეს, რუსეთის აგენტს... ცოტა გონს უნდა მოეგონ. შეიძლება გერმანიის ელჩს მოსყიდული ეძახო?! ან სააკაშვილმა რა განცხადებები აკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსზე!

- ამ ბრალდებებს გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი და განაცხადა: "უკიდურესად ვწუხვართ საქართველოში კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის პატიოსნებაზე დაუსაბუთებელი თავდასხმების გამო, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა..." მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პოზიცია და დასკვნები შეიძლება ბევრმა არ გაიზიაროს, მაგრამ ამის გამო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პატიოსნება ეჭვქვეშ ვერ დადგება... - მერე სირცხვილი არ არის, ასეთ მდგომარეობაში რომ ვაყენებთ ჩვენს პარტნიორებს? პომპეოს ვიზიტზეც კი საოცარი განცხადებები გააკეთეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებულმა პირებმა. იქნებ გაიზარდოს როგორმე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბოს! ამ ყველაფერში მხოლოდ სიბინძურე იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიტიკოსების მიმართ მხოლოდ ნიჰილიზმს უღვივებს.

საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ცოტა ხანში შეიძლება საქართველოს მოქალაქემ ქართული პოლიტიკური სპექტრი საერთოდ ვეღარ აიტანოს. მერე უკვირთ, რატომ არ მიდის ამომრჩეველი არჩევნებზე და რატომ არის ამდენი გაბათილებული ბიულეტენი! ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გაბათილებული ბიულეტენები გაყალბებული კი არ არის, არამედ ხალხის დამოკიდებულების დემონსტრირებაა. ეს ხალხი არავის აძლევს ხმას!

- გართულებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კვირიდან მნიშვნელოვნად გამკაცრდება შეზღუდვები, რაც აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე. სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დამძიმება ხომ არ იქნება ის ბიძგი, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მართლაც გაიყვანს ქუჩაში? - სამწუხაროდ, ეკონომიკური მდგომარეობა რომ უკიდურესად დამძიმდება, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მე ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მაშფოთებს. რაც ამ რამდენიმე დღის წინ წერეთლის გამზირზე მოხდა - როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა ადამიანი და მძევლები აიყვანა - იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რა დღეშია საზოგადოება. ასეთი რამ, მგონი, მსოფლიოში არ მომხდარა. პანდემიით გამოწვეული სიკვდილის შიში უფრო მეტ შფოთს წარმოშობს. ჩვენმა ერმა, ქვეყანამ ვერა და ვერ მოახერხა წელში გამართვა. ყველაფერი ერთმანეთს ემატება - მუდმივი მარცხი პოლიტიკურ სივრცეში, მუდმივი მარცხი ეკონომიკურ ცხოვრებაში და ა.შ. არ შეიძლება ქვეყანა და ხალხი მუდმივი მარცხის რეჟიმით ცხოვრობდეს.

არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდებით, მაგრამ ქუჩა არ არის გამოსავალი. აშკარაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ჯერჯერობით არა აქვს ქუჩაში გასვლის სურვილი. დღევანდელი ვითარება ხომ ჩვენივე არასწორი ქცევის შედეგია! თვითონ მივიყვანეთ საქმე აქამდე ჩვენი სიჯიუტით.

- ისევ წერეთლის გამზირზე მომხდარ ამბავს დავუბრუნდეთ - ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ზუგდიდში მომხდარი ბანკის დაყაჩაღების გაგრძელებაა და ე.წ. ესებუას სინდრომს შეიძლება სხვა მსგავსი შემთხვევებიც მოჰყვეს... - ადრეც აღვნიშნეთ, რომ ესებუას შემთხვევა სამწუხარო პრეცედენტად იქცა, რასაც ექნებოდა გაგრძელება.

რაც წერეთლის გამზირზე მოხდა, ფორმით შესაძლოა ჰგავს ზუგდიდის ფაქტს - აქაც საფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა, აქაც ყუმბარა და მძევლები - თუმცა ეს მთლად მსგავსი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ამგვარი შეჭრით მოახერხებდა მედიის ყურადღების მიქცევას და ამ ვითარებას ტრიბუნად გამოიყენებდა.

მას ჰქონდა მხოლოდ სოციალური მოთხოვნები. ფაქტობრივად, თქვა ის, რასაც ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ამით ის საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა. ბევრის თანაგრძნობაც კი გამოიწვია, თუმცა, ვფიქრობ, შეფასებებისას უნდა დავფიქრდეთ, რადგან მსგავსი დანაშაულის სიმძიმეს თუ ვერ დავინახავთ, შესაძლოა ეს ყოველდღიურობად გვექცეს.