"დღეს ტროლებს ყველა დიდი პარტია იყენებს" - პოლიტიკური "ჰელოუინი" ონლაინზონდერებით - კვირის პალიტრა

"დღეს ტროლებს ყველა დიდი პარტია იყენებს" - პოლიტიკური "ჰელოუინი" ონლაინზონდერებით

დღეს ფსიქოლოგები, ფუტუროლოგები, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები, გნებავთ - ასტროლოგები ან სხვა დარგის სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ უაღრესად რთულ დროს ვცხოვრობთ... ადამიანებს ბევრი პრობლემა აწუხებთ, რაც უკავშირდება მათ ჯანმრთელობას ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს. ამას ერთვის ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაც... მოკლედ, ერთმანეთთან დაშორების, გათითოკაცებისა და საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტვის ჟამი გვიდგას, სადაც შენი ჭირი მხოლოდ შენია, ისევე როგორც სიხარული, თუკი ის გაგაჩნია! ცხადია, ამ დროს ადამიანებთან დაახლოების ერთადერთ საშუალებად ონლაინსივრცე რჩება და სოცქსელებიც უფრო ხშირად არის ჩვენი თანამოსაუბრე, ვიდრე, მაგალითად, წიგნი ან ახლობელი ადამიანი. და აი, თითქოს იკვრება თანამოაზრეთა წრე, ამ დროს კი ვიღაც ტროლი, ბოტი თუ სოციალური ზონდერი გირღვევს ვირტუალურ მყუდროებას - გლანძღავს, გემუქრება, უსამართლოდ შეურაცხგყოფს! უსწრაფესად ვრცელდება დეზინფორმაცია, ბინძური ჭორი, აგრესიული მუხტი და იწყება საზოგადოების პოლარიზება. სწორედ ამას ემსახურებიან დაქირავებული ტროლები გამოგონილი სახელებითა და გვარებით და ზომბებად ქცეული ბოტები. ხშირად ისინი კიბერკილერები არიან, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ან სხვა დამკვეთები ფულს უხდიან!

რა არის მათი მიზანი და როგორ გამოადგება მათი გააქტიურება ჩვენს ქვეყანას?! რა თქმა უნდა, ასეთ ცუდ დღეში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. დასავლეთი უკვე მზად არის, ამ აგრესიას, შიშისა და უნდობლობის დათესვას, საზოგადოების პოლარიზებას ბრძოლა გამოუცხადოს და ახალი ინსტრუმენტებით დაუპირისპირდეს, მით უფრო, რომ სოცქსელების ზონდერთა ქმედება ხშირად სპეცსამსახურების მიერ არის წახალისებული. ე.წ. ტროლები სოციალური ქსელის გვერდებიდან ვიღაც-ვიღაცების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას იპარავენ, ან სხვა გზებით მოიპოვებენ. თუ ეს ვერ ხერხდება, სამიზნე პერსონას საჯაროდ შეურაცხმყოფელი რაღაც ჰბრალდება. ამის ჩამდენთ იმედი აქვთ, რომ იქ, სადაც ტყუილი და მართალი არეულია, მაინც ვერავინ ვერაფერს მიხვდება, ხალხი კი ცუდს უფრო დაიჯერებს. ხშირად მათი მიზანი ადამიანის დემორალიზებაა! დაქირავებული ზონდერები დაინტერესებული არიან მათთან მეგობრობით, ვისაც ბევრი "ფრენდი" ჰყავს, მათი უმეტესობა კი ცნობილი ადამიანია! საინტერესოა, ვინ არიან ასეთი ბინძური საქმის მკეთებლები და რა ფასად აკეთებენ ამას?! რას უქადის მათი გაძლიერება ისედაც გახლეჩილ საზოგადოებას?! რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ თავი დავიცვათ ან გამოვააშკარაოთ ისინი?!

"დღეს ტროლებს ყველა დიდი პარტია იყენებს"

ჩვენ უპირველესად, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, რეზო ოთარაშვილს დავუკავშირდით, ის არცთუ დიდი ხნის წინ სწორედ სოცქსელების ზონდერის მსხვერპლი გახდა.

- როგორც ვიცი, საქართველოში სულ 40-მდე ტროლია... ვგულისხმობ მხოლოდ მათ, ვინც ამ საქმიანობაში ხელფასს იღებს. სხვა ყველა მათ მიერ ზომბად ქცეული ადამიანია და ისინი შეგნებულად ან გაუცნობიერებლად არიან ჩართული ამ ბინძურ საქმიანობაში. დღეს მათ ყველა დიდი პარტია იყენებს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ნაცმოძრაობის" წევრი ვიყავი, პარტიაში დაიწყეს ტროლების საჭიროებაზე ლაპარაკი. თუ გახსოვთ, ერთხანს ამ პარტიის გენმდივნის მოვალეობას გიგა ბოკერია ასრულებდა - ის ვანო მერაბიშვილს ჩაენაცვალა. აი, სწორედ მაშინ დაიწყეს ამ საკითხზე მსჯელობა. იმ პერიოდში "ოდნოკლასნიკები" იყო ძლიერი, "ფეისბუკი" - არც ისე. იმის მერე დიდი დრო გავიდა და ტროლების ოსტატობაც დაიხვეწა. მაშინ თავდაცვისთვის პარტია ეძებდა და ასაქმებდა "უსაქმურ როჟებს", სხვისი სახელებით და გვარებით... ამ ხერხს დღესაც ყველა პარტია იყენებს, თუმცა ამჟამად თავდაცვაზე უფრო საჭირო და აქტუალური თავდასხმაა, რაც საუკეთესო თავდაცვა გამოდგა.

ამ ბინძურ საქმეში ჩართულები უშუბლისძარღვო და უსაქმური ადამიანები არიან. უმრავლესობას პოლიტიკური შეხედულებები არც გააჩნია და ხან ერთ პარტიას ემსახურება, ხან - მეორეს. ასეთები იმ პარტიის შიგნითაც აგროვებენ კომპრომატებს, რომელსაც ემსახურებიან.

- როგორც ვიცი, თქვენც გახდით ასეთი ზონდერის მსხვერპლი.... - დიახ, ეს ახალი ამბავია და არჩევნებს უკავშირდება. არც "ნაციონალებს", მოვწონვარ, არც - "ოცნებას", ახლა კი მათ ეკა ბესელიაც დაემატა... ალბათ, იმიტომ არავის მოვწონვარ, რომ ხან ერთ პარტიასთან მხედავენ, ხან - მეორესთან და ჩემი ვერაფერი გაუგიათ. ყველა არჩევნებზე ვაქტიურობ. ხან საუბნო კომისიის ხელმძღვანელი ვარ, ხან - მოადგილე, ხანაც - დამკვირვებელი. ყველაფერს თვალს ვადევნებ.

საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, რა ხდება საუბნო კომისიებში, ამიტომაც ყველას სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვყავარ გადაკიდებული. ჰოდა, ერთი ტროლი გააქტიურდა - მლანძღა, მთათხა და გამაფრთხილა, ჩამოვშორებოდი საარჩევნო პროცესს. მკვახე პასუხი რომ მივწერე, სულ გადაირია და დამემუქრა, ახლა ნახავ, რასაც გიზამო და სოცქსელში ამიტვირთა ყალბი ეროტიკული ვიდეომასალა, სადაც სინამდვილეში მე არ ვარ, მაგრამ უცხოსთვის ეს ძნელი გასარკვევი იყო. მეგობარიც მყავს სუს-ში და ვთხოვე, მიშველე, შეამოწმე, ამას ვინ აკეთებს-მეთქი... - მისამართი შეამოწმა და გაირკვა, რომ ისანი-სამგორის ტერიტორიიდან მტროლავდნენ.

- ტროლზე მეტი ვერაფერი გაიგეთ?

- ამ შემთხვევაში დაზუსტება ძალიან რთული იყო. ფაქტია, რომ ამის ჩამდენს შესწავლილი ჰქონდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩემი აქტიურობა. იყო წლები, როცა სხვადასხვა გაცნობის საიტზე ვიყავი დარეგისტრირებული. ზოგჯერ ვთამაშობდი და როცა გავიმარჯვებდი, ერთი საიტიდან სხვა საიტზე ჩემს თავს ვუგზავნიდი ვირტუალურ საჩუქრებს. ასე ვერთობოდი, ამ ზონდერმა კი ყველა აქტიურობა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა.

მაშინ არც ცოლი მყავდა, არც შვილი, ახლა კი არ მინდა, ჩემმა შვილმა ჩემ შესახებ თუნდაც ყალბი ვიდეო ნახოს. სამწუხაროდ, მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ასე ექცევიან და ამას ბოლო უნდა მოეღოს. კარგი იქნება, თუ მოხერხდება ასეთების ვინაობის დადგენა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს უსირცხვილო ტროლები.

- ხომ არ იცით, ხელფასს რამდენს იღებენ?

- ფულს იმის მიხედვით იღებენ, როგორ მასალას გაავრცელებენ, დაუნდობელი ლანძღვა-გინება გაიმართება თუ არა ამ მასალის ქვეშ და ა.შ..

სოცქსელების ზონდერებმა პიარისა და ანტიპიარის საკითხებში პიარტექნოლოგებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვეს. ანტიპიარი პიარის განუყოფელი ნაწილი გახდა, ზოგჯერ ლანძღვაც ვიღაცის პიარია. მაგალითს გეტყვით - ერთხელ ჩავრთე ტელევიზორი და მაკა რაზმაძესთან ვხედავ ორ პოლიტიკოსს, ლამის გაგლიჯონ ერთმანეთი. ერთმა მეორეს წყლიანი ჭიქა გაუქანა და კინაღამ მაკა რაზმაძეს შეალეწა. ამასობაში დამირეკა მეგობარმა და დამპატიჟა რესტორან "ბეღურაში"... შევედი და რას ვხედავ?! ის ორი ადამიანი, ოცი წუთის წინ გადაცემაში რომ ერთმანეთს ხოცავდა, ჭიქებს არ უჭახუნებს?! ე.ი. რეკლამა გაუკეთეს ერთმანეთს და საკრებულოშიც პოზიცია-ოპოზიციას თამაშობენ. ეს უკვე ჩვეულებრივი ხერხია.

"სპეცსამსახურები ამ სფეროში დასაქმებულ, ხშირად კი ყოფილ თანამშრომლებს იყენებენ"

ლაშა პატარაია, ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში:

- საქმე ის არის, რომ პოლიტიკური სუბიექტები, ინდივიდები და თუნდაც ბიზნესის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ სტანდარტული პიარი ეფექტიანი აღარ არის. უკეთესი შედეგის მისაღწევად მათ იმ მეთოდების გამოყენება დაიწყეს, რომლებიც უფრო სპეცსამსახურებისთვის არის დამახასიათებელი. ისინი ამ სფეროში დასაქმებულ, ხშირად კი ყოფილ თანამშრომლებს იყენებენ. ამას მიზეზიც აქვს. სპეცსამსახურისთვის დამახასიათებელია გამწვავებული მეთოდები, იდეოლოგიური მუშაობა, პირთა დისკრედიტაცია, მათი მუშაობის რეზონანსიც უფრო მკვეთრი და განსხვავებულია. სწორედ აქედან გაჩნდა ტროლებისა და ბოტების გამოყენების მეთოდიც. არსებობს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ განწყობის შექმნაა და ამის მთავარ ინსტრუმენტად დღეს სოციალური მედია გვევლინება. ხშირია მარგინალური მიდგომებიც, გამოყენებულია სიძულვილის ენა, თუმცა სოციალურ ქსელებში არსებობს მეორე, უფრო სწორი მიდგომაც, რომელიც ასევე პიარისთვის გამოიყენება.

საქართველოში არსებობს ონლაინბაზარი, სადაც ობიექტს შეუძლია შეიძინოს სოციალური გვერდი და ჯგუფი თავისი "ლაიქებით". აქ საქმე ეხება მრავალმილიონიან აუდიტორიას და ამ გზით უცებ შეიძლება რეიტინგის მოპოვება. გარე თვალისთვის ჩანს, რომ ამა თუ იმ გვერდს მეტი მნახველი და მომწონებელი ჰყავს. სწორედ ამ გვერდებზე მომხმარებლებთან კონტაქტს ამყარებენ ე.წ. ტროლები, რომლებიც იქ არიან გაწევრებული, შემდეგ კი უკვე მათი პოსტები და კომენტარები გამოიყენება რეპუტაციის ასამაღლებლად. ზოგჯერ ერთი სუბიექტი ქმნის ჯგუფს სოციალურ მედიაში და ეს ჯგუფი რობოტული პრინციპით იგერიებს საპირისპირო აზრს.

არსებობს ასევე უამრავი მართვადი ანგარიში, ე.წ. ექაუნთი. მომხმარებლებმა ისწავლეს ასეთი ანგარშების ამოცნობა, მაგალითად, პროფილს სახელისა და გვარის ნაცვლად ორჯერ სახელი აწერია (მაგალითად, "ლაშა ლაშა", "ელენე ელე" და ა.შ.), ან რეალური პიროვნების ფოტო არ დევს. ტროლებს ახასიათებთ პოსტების სიხშირე, ასევე საყურადღებოა მათი კომენტარები.

- ადვილი დასადგენია, რას ან ვის ემსახურება მათი საქმიანობა? - არც ისე. ამას ერთი ტროლის გაანალიზებით ვერ შეძლებთ, ვერ მიხვდებით, რა მიზნით დებს ის ამ კომენტარებს და რისი მიღწევა სურს. საინტერესოა მისი სხვა ტროლებთან ურთიერთობაც, რადგან ისინი ხშირად ერთ მიზანს ემსახურებიან და ერთმანეთთან არიან დაკავშირებული.

- და მაინც შესაძლებელია ტროლის გაშიფვრა? - მისამართის მეშვეობით შეიძლება იმ ტერიტორიის დადგენა, საიდანაც ის გტროლავთ, თუმცა ეს არ შეუძლია რიგით ადამიანს, თუ მას ამ დარგის სპეციალისტი ან სუს-ის თანამშრომელი არ დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები გარდამტეხი მოვლენა იყო სოცმედიაში კონტროლის მექანიზმის განვითარებისთვის. ამის შემდეგ ერთგვარი წნეხი დაწესდა სოცმედიის მთავარ აქტორებზე, მათ - "ფეისბუკზე" სწორედ იმისთვის, რომ გაემკაცრებინათ კონტროლის მექანიზმი. მართალია, არსებობს პირობითი წითელი ხაზი ადამიანის უფლებებსა და ცენზურას შორის, მაგრამ შემუშავებულია მექანიზმები, ჩართულია სპეციალური მოდულები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით აანალიზებს მომხმარებლის ავთენტურ ქცევას და მას არაბუნებრივი ქცევისგან მიჯნავს. აი, ასეთი ინსტრუმენტებით დგინდება ტროლებისა და ბოტების ვინაობა, ერთი ტროლის გამოვლენა კი სხვების (მთელი ქსელის) გაშიფვრას იწვევს.