"დარწმუნებული ვარ, რომ გარე ძალები შეეცდებიან პარლამენტში მინიმუმ ორი ძალა მაინც იყოს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვარ, რომ გარე ძალები შეეცდებიან პარლამენტში მინიმუმ ორი ძალა მაინც იყოს"

"ანაქრონიზმად კი არა, უკვე მავნებლობად იქცა ეს მიტინგები... 1988 წლის ნოემბერში რომ ჩატარდა მიტინგი რუსთაველზე, 32 წელია გრძელდება და ვერ მოვშორდით იქაურობას. ვინც მაშინ იდგა, ისევ ისინი დგანან..."

"დღევანდელ პარტიებში ვინც ერთიანდებიან, ნორმალური ადამიანები არა მგონია. იმიტომ, რომ პარტიის წევრობა ნიშნავს ამა თუ იმ ჯგუფის შეხედულების მორჩილებას, მათ ჭკუაზე სიარულს... ჩვენს ქვეყანაში არსებული პარტიები იმას კი არ ცდილობენ, საქართველოს ინტერესები გაატარონ, არამედ მხოლოდ საკუთარი და პარტიული ინტერესები", - ამბობს მწერალი, მთარგმნელი, ირანისტი ალექსანდრე ელერდაშვილი:

- რა რეალობაშიც ჩვენ ვართ, ერთი სიტყვით თუ შევაფასებთ, ეს არის ქაოსი. არც ერთმა მხარემ არ იცის, რას აკეთებს. შესაძლოა იციან კიდეც, მაგრამ მომავალზე არც ერთი არ ფიქრობს.

- "კოვიდს" პოლიტეპიდემიაც დაერთო... - იმედია, კოვიდეპიდემია ოდესმე დამთავრდება, მაგრამ პოლიტეპიდემია უკვე 20 წელია გრძელდება, იმ დროიდან, როცა მოდაში შემოვიდა ეგზიტპოლები, არჩევნების გაყალბებისთვის ბრძოლა... არჩევნებს, ალბათ, ყველა აყალბებდა, ერთადერთი, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, პატიოსანი არჩევნები 1991 წელს ჩატარდა, როცა კომუნისტებმა ხელისუფლება ეროვნულ ძალებს გადააბარეს. დღეს რაც ხდება, 2008 წლის ასლია, როცა ოპოზიციამ 27% აიღო, მათი წარმომადგენლები პარლამენტში არ შევიდნენ და სახალხოდ დაჭრეს მანდატები. გამაოგნებელია, თითოეულმა 3-4 პარტია მოიარა, ყველა მხარეს იყო. უკვე გამაღიზიანებელია ამ პოლიტიკურად კორუმპირებული ადამიანების ატანა და თუ გონს არ მოვეგეთ, არაფერი გვეშველება. ბევრჯერ მითქვამს, რომ არჩევნების ჩატარება ამ სისტემით და ამ წესით არ ამართლებს... ჩემი აზრით, შეიძლება ეს პრობლემა მარტივად გადაწყდეს - შედეგების შემფასებელი არა ცესკო, არამედ კომპიუტერული პროგრამა უნდა იყოს, აღარც ეგზიტპოლები იქნება საჭირო. ანაქრონიზმად კი არა, უკვე მავნებლობად იქცა ეს მიტინგები... 1988 წლის ნოემბერში რომ ჩატარდა მიტინგი რუსთაველზე, 32 წელია გრძელდება და ვერ მოვშორდით იქაურობას. ვინც მაშინ იდგა, ისევ ისინი დგანან.

- ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს მოითხოვს... - მავნებლობაა არჩევნებზე ფულის დახარჯვა. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს რომ ითხოვს, მაშინ მას გადაახდევინონ ფული. შეუძლებელია ამ გაღატაკებულ ქვეყანაში არჩევნებზე ამხელა ხარჯი...

- თქვენი ერთი სტატუსი წავიკითხე: "მიმდინარე მოვლენებს და მასში მონაწილე "დიპლომებდახუნძლულ" სუბიექტებს თვალს რომ ვადევნებ, ეს აფორიზმი მახსენდება, დიდი ხნის წინ რომ ვთარგმნე: "ცოდნა ვერაფერს ვერ შესძენს, ვინმე ქედმაღალს აწინდელს,/ქვაზე ტიტა არ ამოვა, თუნდაც დღედაღამ აწვიმდეს"... ვინ იგულისხმება ასეთ სუბიექტებში? - ეს სპარსელი პოეტის საადი შირაზელის იგავიდან ამოღებული აფორიზმია. მარადიული სენია ადამიანებისა - ჰგონიათ, თუ ვინმე განათლებას შეიძენს, მას თან მოჰყვება სიბრძნე და გონიერება. გონიერება და სიბრძნე სხვა ცნებაა, ცოდნა ინფორმაციის ქონაა. ინფორმაცია რომ გაქვს და ჭკუა და გონიერება კი არა, მას წესიერად ვერ მოიხმარ, მავნებლობად იქცევა...

საბჭოთა წყობილებიდან მოყოლებული, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. როცა ჯარში სამხედრო თარჯიმნად ვმსახურობდი, მაშინ მაძალებდნენ პარტიაში შესვლას, მაგრამ დავუძვერი... პარტიის წევრობა ნიშნავს ამა თუ იმ ჯგუფის შეხედულების მორჩილებას, მათ ჭკუაზე სიარულს...

- თქვენ კომუნისტურ პარტიას დაუძვერით და პოლიტიკურ კრიზისს როგორ დავაღწიოთ თავი? - ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაფერს შეცვლის. 2008 წელს გაჩეჩილაძე-ძიძიგური-ნათელაშვილები არ შევიდნენ პარლამენტში, მათ ნაცვლად სააკაშვილმა შექმნა ფსევდოოპოზიცია, დასავლეთს რომ ეთქვა, ერთპარტიული პარლამენტი არ არისო. ბოლოს და ბოლოს, მთელი ეს საპარლამენტო მოძრაობა საქართველოში გარე ქვეყნებიდან მითითებებს ემორჩილება, ამერიკა იქნება, ვენეციის კომისია თუ სხვა. ბევრს ჰგონია, 2012 წელს კოაბიტაცია რომ გამოაცხადეს, "ოცნების" ლიდერთა სურვილი იყო. ეს იყო მითითება, რომ ორ ძალას ეარსება ქვეყანაში. ახლაც იგივე იქნება. დარწმუნებული ვარ, გარე ძალები შეეცდებიან პარლამენტში მინიმუმ ორი ძალა მაინც იყოს... ასეთი პარლამენტარიზმი გამოსავალს ვერ ნახავს. ჭკვიანმა ხალხმა უნდა მოიფიქროს წესი, რომელიც ჩვენზე იქნება მორგებული. სულ სხვისი იმედი რატომ უნდა გვქონდეს? პომპეო დაბრუნდება ამერიკაში და 2 თვეში აღარ იქნება, რა უნდა შეცვალოს? ამათ ჰგონიათ, სახელმწიფო მდივანი ჩვენი არჩევნებისთვის ჩამოვიდა...

- არჩევნები კი არა, მთელი საქართველო გაყალბებულიაო, წერთ. ეს რისი ბრალია? - გაყალბებულია მიმბაძველობის გამო. თავიდან ბოლომდე სიყალბეა ყველაფერში - სპორტში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში. ზვიად გამსახურდიაც, ოთარ ჭილაძეც ამას ამბობდნენ, ჩვენი მწერლები სამხრეთამერიკელ მწერლებს ჰბაძავენო. საქართველო დაახლოებით 20 წელიწადია გაყალბებულია. ამას საფუძველი 80-იან წლებში ჩაეყარა, როცა მიგვაჩნდა, რომ ყველაფერი უცხოური კარგია, ჩვენი კი - ცუდი. ახლა 70-იან წლებში დაბადებული თაობა მოვიდა ხელისუფლებაში, რომელმაც ვერც საბჭოთა წყობის სიკეთე ნახა და პირდაპირ 90-იან წლებში აღმოჩნდა, როცა ყველაფერი დანგრეული და გაუბედურებული იყო. მერე დაიწყეს უცხოურის მიმბაძველობა და შედეგიც ვნახეთ... ახალ საქართველოს მომავალი თაობა ააშენებს. ვინც იმ ეპოქაში დავიბადეთ, თითქოს შტამპი გვადევს, რომ არ უნდა ვიყოთ ბედნიერები, არეულობასა და შფოთში გავატაროთ მთელი ცხოვრება.

- თქვენს "კორონალექსიკონს", ალბათ, ბევრი სიტყვა და გამონათქვამი შეემატა... - ენას ერთი თვისება აქვს - თანდათან თვითონვე თავისუფლდება პარაზიტებისგან, შემოტანილი სიტყვებისგან. სიტყვა "ქეისი" ენამ მოიშორა და, თქვენ წარმოიდგინეთ, თანდათან "კლასტერიც" დაიკარგა. ძალიან გამაღიზიანებელია "ანტირეკორდი". ამათ ჰგონიათ, თუ იყო 3000 და გახდა 4000, ეს არის ანტირეკორდი. პირიქით, ეს რეკორდია. რეკორდი მოიხსნა, გასაგებია, მაგრამ ეს ანტირეკორდი რა უბედურებაა? "ანტი" საწინააღმდეგოს ხომ ნიშნავს?

შეცდომაა დაავადებულთა სტატისტიკა გაიზარდა... სტატისტიკა არც იზრდება და არც მცირდება. უნდა ითქვას: "გაიზარდა ან შემცირდა დაავადებულთა რაოდენობა". "სტატისტიკის ზრდა" იგივეა, რომ თქვა: "მოიმატა ამინდმა"... ამ ბოლო დროს შემოიტანეს სიტყვა "სენსიტიური", რაც მგრძნობიარეს ნიშნავს, ერთი ადამიანისგან კი საოცრება მოვისმინე - დესენსიტიური, არამგრძნობიარეო. ფეხბურთის მატჩების კომენტირებისას ამბობენ ხოლმე, ფეხბურთელმა ფეხბურთელს ასისტი გაუკეთაო. ასისტი რა არის? ანუ თანამონაწილეობა გაუკეთა? ასეთ კურიოზებამდე მივდივართ და ყველაფერი სასაცილო ხდება, სატირალი რომ არ იყოს... ახლა სულ ლოკდაუნზეა ლაპარაკი. უნდა თქვა "ჩაკეტვა". ისევ მიმბაძველობასთან მივდივართ. უცხოურ სიტყვას თუ იხმარენ, თითქოს დაემსგავსებიან უცხოელებს, ვინც ჩვენთან შედარებით, ასე ვთქვათ, "პრადვინუტები" არიან.