"ერდოღანს არ დავიწყებია, როგორ დაამცირა პუტინმა" - კვირის პალიტრა

"ერდოღანს არ დავიწყებია, როგორ დაამცირა პუტინმა"

"ეს გაფრთხილებაა ყველასთვის: პუტინთან გარიგება ან საქმის დაჭერა ძალიან საშიში და არასანდო რამეა. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს გიღალატოთ"

"რუსეთმა ან ვერ დაიცვა, ან განზრახ გაწირა თავისი მოკავშირე - თუ ჩვენ მივიღებთ იმ აზრს, რომ ეს პუტინის ფაშინიანზე შურისძიებაა, არც ეს მეტყველებს კარგად პუტინზე", - ამბობს Deutsche Welle-ს რუსი ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტი ყარაბაღის ზავის შედეგების შესახებ საუბრისას.

ეგერტის აზრით, კრემლი ამ ვითარებაში უდავო გამარჯვებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს, უპირობო ლიდერად თავის წარმოჩენას. პოპულარული რუსი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ პუტინმა ერდოღანის სახით შესაძლოა მიიღო თავისი ორეული, რომელთან გამკლავებაც ამიერიდან კავკასიაშიც მოუწევს.

- პირველი და ყველაზე მთავარი კითხვა - გარდა ორი მონაწილისა, ვინ რა მოიგო და წააგო ამ კონფლიქტით? შეიძლება თუ არა რუსეთი მოგებულად მივიჩნიოთ? - რუსეთი ნამდვილად არ არის გამარჯვებული. როცა მტვერი გაიფანტება, დავინახავთ, რომ ერდოღანის თურქეთი სრულუფლებიან მოთამაშედ იქცა კავკასიაში. ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველამ, პლუს ჩინეთმა და ნატომ, შეიძლება გაიაზრონ ერთი რამ: აზერბაიჯანმა, რომელიც თურქეთის მოკავშირეა, ომი მოიგო - ეს უეჭველია; სომხეთმა, რუსეთის მოკავშირემ, ომი წააგო. ესეც უეჭველია. შესაბამისად, ვის ისურვებდით მოკავშირედ? ვფიქრობ, დასკვნა ნათელია. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ 21-ე საუკუნის არმიას, რომელმაც მე-20 საუკუნის არმია დაამარცხა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური დასკვნაა: პუტინმა, რომელიც რეგიონში ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო, ომის პრევენცია ვერ შეძლო და მოკავშირე ვერ დაიცვა... და თუ რუსულმა დაზვერვამ ვერ გაიაზრა, რომ აზერბაიჯანი ომის დაწყებას აპირებდა, მაშინ რისი მაქნისია? მეორე მხრივ, თუ რუსულმა დაზვერვამ იცოდა და არ შეატყობინა სომხებს, რომ ვითარება ძალიან მძიმე იყო, ეს ნიშნავს, რომ პუტინმა მოკავშირეს უღალატა. ზოგიერთის აზრით, ყოველივე ეს პუტინის ორგანიზებული, დახვეწილი შეთქმულება იყო შურის საძიებლად ფაშინიანზე, რომელმაც 2018 წელს პუტინის მოკავშირე სარქისიანი დაამხო. ვფიქრობ, სიტუაცია ბევრად მარტივია: სიმართლე ის არის, რომ აზერბაიჯანი ემზადებოდა სომხეთთან ომის დასაწყებად იმ დროისთვის, როცა მისი მთავარი მოკავშირე თურქეთისთვის მოსახერხებელი იქნებოდა, იმ დროისთვის, როცა თურქეთი დაინტერესებული იყო რუსეთზე ზეწოლაში სხვა საკითხების - ახლო აღმოსავლეთის, უფრო კონკრეტულად კი - ლიბიის გამო, და თურქეთს ეს გამოუვიდა.

- რა შედეგი მოჰყვა რუსეთის უმოქმედობას? - შედეგი ის არის, რომ ახლა რუსეთი პასუხისმგებელია ძალიან რთულ და არასტაბილურ ვითარებაზე. მას ამჟამად სამხრეთ კავკასიაში დამატებითი, წამყვანი მოთამაშე ჰყავს თურქეთის სახით. სომხეთი, ალბათ, ყველაზე სანდო მოკავშირეა, რომელიც რუსეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ჰყავდა. მან ვერ შეძლო მოკავშირის დაცვა ან იგი განზრახ გაწირა - თუ ჩვენ მივიღებთ იმ აზრს, რომ ეს პუტინის შურისძიებაა ფაშინიანზე, არც ეს მეტყველებს კარგად პუტინზე. ეს გაფრთხილებაა ყველასთვის: პუტინთან გარიგება ან პუტინთან საქმის დაჭერა ძალიან საშიში და არასანდო რამეა. მას შეუძლია ნებისმიერ დროს გიღალატოთ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყველამ იცის, რომ რუსი მშვიდობისმყოფლები ყველაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ მშვიდობას იცავენ. ბელარუსის დემოკრატიული რევოლუციისა და მოლდოვაში პრორუსი საპრეზიდენტო კანდიდატის დამარცხების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 არის წელი, როცა დასრულდა რუსეთის დომინირება პოსტსაბჭოთა სივრცეში.

- ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფლების განთავსება ტვირთია თუ გეოპოლიტიკური ბერკეტი? - 2000 სამხედროს შენარჩუნება ფინანსური ტვირთი არ არის. ვფიქრობ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რისკს შეიცავს, რადგან საფრთხის წინაშე აყენებს რუს სამხედროებს არასტაბილურ რეგიონში, რომელსაც არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის საზოგადოებრივი აზრისთვის. რუსეთმა ახლა სრული პასუხისმგებლობა აიღო ყარაბაღში ვითარების სტაბილურობაზე, რაც, რა თქმა უნდა, ტვირთია.

- ვისაუბროთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეალობაზეც - ვთქვათ, გაიაზრეს, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. რა ალტერნატივები აქვთ მათ? - ვფიქრობ, აფხაზეთმა და "სამხრეთ ოსეთმა" უკვე გამოიტანა გაკვეთილი. მათ უკვე იციან, რომ რუსეთი არასდროს მისცემს აფხაზებს შიდა საკითხებზე აზრის გამოთქმის უფლებას. კრემლის კომისრები მათ ყოველთვის ეტყვიან, თუ როგორი უნდა იყოს "სწორი" აზრი. რაც შეეხება "სამხრეთ ოსეთს", როდესაც ე.წ. საზღვარი ვნახე, მომეჩვენა, რომ იქაური მოსახლეობა ცხვრები და ეფ-ეს-ბეს საგუშაგოების ოპერატორია. მაშ, რა სახის პოლიტიკაზეა ლაპარაკი იქ? აშკარაა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში არ აპირებს ძალის გამოყენებით ამ რეგიონების დაბრუნებას. ასევე, უნდა გვახსოვდეს: აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხი ძალიან მგრძნობიარეა რუსული პროპაგანდის მიმართ. ისინი კრემლის ტელევიზიას უყურებენ და სოციალურ ქსელშიც მოსკოვის ნარატივებს ეწაფებიან, იქ კი წერია, რომ ეს უდიდესი გამარჯვებაა და პუტინი ჭეშმარიტი მშვიდობისმყოფელია.

- პირველად 100 წლის განმავლობაში თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ასპარეზზე გამოვიდა. როგორ შეცვლის ეს რეალობას? - ამის ორი შემადგენელია: პირველი - ახლა გვყავს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რომელიც კავკასიის რეგიონში მთავარი მოთამაშეა და მეორე - გვყავს ექსპანსიონისტური რეჟიმი, რომელიც შინ ქულებს გარეთ ძალის დემონსტრირებით იწერს. ერდოღანის სახით პუტინმა საკუთარი ორეული მიიღო და ეს მისთვის ძალიან საშიში თამაშია. ვფიქრობ, ერდოღანს არ დავიწყებია, როგორ დაამცირა ის პუტინმა 2015 წელს - სანქციები, ბოდიშები, რომ პუტინმა კრემლში შეხვედრის წინ ალოდინა, როცა ერდოღანი სირიაში ვითარების განსახილველად ჩავიდა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს - პუტინის აშშ-ისა და ნატოს მიმართ ძრწოლა, თავისი რეჟიმის შეცვლის შიში, რაც მისი სუსტი მხარეა და ეს ერდოღანმაც იცის. ამ უკანასკნელმა იცის, რომ პუტინს ერდოღანი ნატოს შიგნიდან შერყევისთვის სჭირდება. ერდოღანი პუტინის ამ სურვილის გამოყენებას აპირებს, რადგან მან ეს უკვე გააცნობიერა და სათავისოდ გამოიყენებს როგორც პუტინით, ასევე - დასავლეთით მანიპულირებისთვის.

- რას იტყვით ყარაბაღის სტატუსზე? - ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა გაურკვეველი ვადით შეჩერდება, რადგან არ ვფიქრობ, რომ პუტინი სომხებისა და აზერბაიჯანელების რამეზე დათანხმებას შეძლებს. ბაქო და აზერბაიჯანის მოკავშირე ანკარა არსებულ ვითარებას შუალედურ ეპიზოდად მიიჩნევენ. აზერბაიჯანელები პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებენ მთელი ყარაბაღის დაპყრობისა და სომხების განდევნისთვის.

- სურს თუ არა პუტინს ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმება? გაყინული კონფლიქტები ხომ კრემლის სასურველი სტრატეგიაა. - 2008 წელს პუტინმა გადაწყვიტა, რომ გაყინული კონფლიქტი მის ინტერესში არ არის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები "გაადნო". ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ამას არ გააკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო: იგი ვერ შეძლებს მის გაკონტროლებას.

- ნიშნავს თუ არა ეს ფაშინიანის მთავრობისა და სომხეთის ოდნავ უფრო პროდასავლური გზის დასასრულს? - თავს შევიკავებ პროგნოზისგან, მაგრამ, ვფიქრობ, სომეხი საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდება, რომ რუსეთი არ არის მფარველი, რომ მოსკოვზე ზედმეტი დამოკიდებულება, ალბათ, არც ისე გონივრული აზრია.

- ისევე, როგორც ოსებისა და აფხაზების შემთხვევაში, რა არჩევანი და ალტერნატივა აქვთ მათ? - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და მას შეუძლია აირჩიოს ორიენტირები საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, თუ სითამამე არ უღალატებს. სომხეთს მსოფლიოში ჰყავს დიდი დიასპორა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს. სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია. ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის სომხეთს შეუძლია ეს გამოიყენოს.

- რა გაკვეთილის გამოტანა შეუძლია ამ ყველაფრიდან დასავლეთს? ის გათიშული იყო ამ პროცესებისგან, მხოლოდ მაყურებლის როლს დასჯერდა. - დასავლეთს დიდად არ სურს, ჩაერიოს კონფლიქტებში პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით, თუ ის არ მოასწავებს სუვერენიტეტის რამე სახით დაკარგვას, როგორც ეს მოხდა ყირიმში. ყარაბაღის კონფლიქტი იმ კონფლიქტებს შორისაა, რომელშიც დასავლეთი არ ჩაერევა, თუ არ დაიწყება დიდი ჰუმანიტარული კრიზისი. ის, რაც ახლა ხდება სომხეთში, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი.

- რა გავლენას მოახდენს ეს თბილისზე? როცა რუკას ვუყურებთ, ტერიტორიის სამი მეოთხედი გარშემორტყმულია რუსული სამხედრო ბაზებითა და ე.წ. მშვიდობისმყოფლებით. - პირველი დასკვნა: რაც უფრო მეტი რუსი მშვიდობისმყოფელია ახლომახლო, მით მეტი უბედურება მოაქვთ - ეს ძალიან მარტივია; მეორე - ვფიქრობ, საბოლოოდ სომხეთში უფრო პრომოსკოვურ მთავრობასთან გექნებათ საქმე და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემები შეიქმნება, სომხეთი იძულებული გახდება, პრობლემები შეუქმნას საქართველოს; მესამე - საქართველოს მოუწევს იცხოვროს იმ რეალობაში, რომ თურქეთი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ რეგიონში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობა კარგ დონეზეა, საქართველოს ამის არ უნდა ეშინოდეს. ჩემი აზრით, შესაძლოა, ერდოღანის მთავრობას სურვილი გაუჩნდეს, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანოს და რეგიონში მოსკოვის გავლენა შეამციროს. პუტინი რეგიონში მოთამაშეა, მაგრამ შეუცვლელი აღარ არის. ახლა შეუცვლელი ერდოღანის თურქეთი ხდება. ის ნამდვილი და უდავო გამარჯვებულია.

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე (სპეციალურად საიტისთვის)