"ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი"

ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს, საკუთარი უტიფარი პოლიტიკით ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ქვეყანასაც ძვირი დაუჯდეს.

"საქართველო იმ გზაზე არ დგას, სადაც ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ეს ამბავი დათმეს, გაატარეს ეს ფაზა, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. ამას საზოგადოება არ და ვერ შეეგუება და წინ ამ ხალხს - ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს საკუთარი უტიფარი პოლიტიკით. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ზოგჯერ, რეაგირება დროში იწელება, მაგრამ ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.

არავის უნდა არეულობა, არც რაიმე რისკები, ეს ხალხის ნორმალური ინსტიქტია. ოღონდ, რაღაც ზღვარს იქით ეს მთავრდება ხოლმე და ძალიან გაუჭირდებათ. იმ ქარიშხალმა, რომელიც ლეგიტიმურ ბრაზს მოაქვს ხოლმე, შეიძლება, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოდ წალეკოს ეს ხელისუფლება. როცა ინსტიტუტების მიმართ ნდობა საერთოდ ქრება, მაშინ, ვინც მთავრობაშია, მათთვის რისკები ერთი ათასად იზრდება. ამ კაცს, რომელსაც უნდა, რომ ღმერთივით ღრუბლებში იყოს, პასუხს არაფერზე აგებდეს და ასე მართოს, ძალიან გაუჭირდება ამ ვითარებაში. ეს ძალიან სარისკოა მისთვის და სამწუხაროდ, ქვეყნისთვის. მას ეს უნდა ესმოდეს და ჩვენი ვალია, ეს გავაგებინოთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წნეხით. არ არის ყველაფერი ჩვენს ხელში, ოღონდ ჩვენი ვალია ეს ბოლომდე ვცადოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. როგორც ბოკერია ამბობს, ორი სახიფათო სცენარი არსებობს, რომელიც ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს.

"თუ ახალ არჩევნებს დანიშნავს, მაშინ ამ კრიზისს განმუხტავს და ეს არის ერთადერთი დემოკრატიული, აპრობირებული გზა დალაგებულ ქვეყნებშიც კი, თუ ვერ გაიგებს, მაშინ მიდის იმ რისკზე რომ წალეკილ იქნეს, ოღონდ ეს ქვეყნისთვისაც რისკია, არ მინდა ეს ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს გარანტირებული გვაქვს რაიმე.

ორი სცენარია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა: იანუკოვიჩის სცენარი, როცა ქვეყანას დასჭირდა მსხვერპლი თავისუფლების დასაცავად, ოღონდ ტრაგიკული იყო ეს იანუკოვიჩისთვის და ტრაგიკული იყო მსხვერპლი, ოღონდ გმირული შედეგით დასრულდა, ეს კარგი კი არ არის, ეს გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ; მეორე სცენარი - ლუკაშენკოს გზა, რამდენი წელი დაკარგა ამ ქვეყანამ, რამხელა მსხვერპლი მიიღო და ახლაც არ დასრულებულა ეს ბრძოლა წარმატებით, რადგან თავის დროზე გაეპარა ამ საზოგადოებას (სრული პატივისცემით ამ საზოგადოების მიმართ) ეს მომენტი, რომ დიქტატორი "მოაჯდა", გაიტანა თავისი და გატეხა ნება. ამიტომ პრაგმატულად და მორალურად ჩვენი ვალი და ჩვენი ინტერესია, ყველა მოქალაქის პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, ვისაც აწუხებს შიმშილი, უმუშევრობა, რომ ახლა ამის გატარება არ შეიძლება, ეს თუ გაუტარე უფრო დიდ ფასს გადაიხდი ბევრად ", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"