"არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს" - კვირის პალიტრა

"არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს"

არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს, - ამის შესახებ პარტია"მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა"პალიტრანიუსის“ გადაცემა"360 გრადუსში“ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა,"ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით ოპოზიციის შემხვედრი წინადადება არ ისმის და მესამე რაუნდი აჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს თუ არა.

„არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს. უბრალოდ, აქამდე რა კომუნიკაციაც იყო"ქართულ ოცნებასთან“, იმათგან არაფერი იყო და არაფერზე როგორ დავთანხმებოდით? - არა უშავს,"ნიჩურტი“ გვქონდა, ახლა თვალი აგვეხილა და 31 ოქტომბერს კარგი არჩევნები იყო-თქო? არც ახლა არის რაიმე შემოთავაზებული და ამიტომ ველოდებით მესამე რაუნდს. ყველას გვაქვს ხმამაღლა ნათქვამი, ყველაზე რადიკალ ხალხსაც,"ნაციონალურ მოძრაობასაც“, რომ ველოდებით კომპრომისულ შემოთავაზებას."ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ფრთა არის, როგორც ჩანს, არანაირი რადიკალიზმი არ ახასიათებთ და პირდაპირ აცხადებენ, რომ კომპრომისი გვინდაო. ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია ჩემი პარტიის და გუნდის სახელით ვილაპარაკო - ვხვდებით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ახლა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გაგრძელება დანაშაულია იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემა წალეკილია. მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავედით 1000 ათას ადამიანზე ინფიცირებულების რაოდენობით. ტიკარაძის ხელში ჯანდაცვის სისტემა არ არსებობს, გამქრალია, დანგრეულია და ისეთ რაღაცებს ვისმენთ, ისეთ რაღაცებს ვკითხულობთ,"ფეისბუკი“ რომ არ იყოს, ხალხი დაიხოცებოდა იქ პირდაპირ დებენ ვიდეოებს,"მიშველეთ, ვერ გადამყავს მშობლები, შვილები“, ამას რომ ტელევიზიები არ აშუქებდნენ და ამბავი არ ტყდებოდეს ხალხი ისე დაიხოცებოდა სახლში, კაცი პატრონი არ ეყოლებოდათ. ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ"ქართული ოცნებისგან“ ჯერჯერობით არ ისმის არაფერი. მესამე რაუნდი გვაჩვენებს საერთოდ აზრი აქვს მოლაპარაკებებს, თუ არ აქვს აზრი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა დასძინა, რომ"ცესკოში არიან ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული მიმატება-გამოკლება არ იციან“.

„რას აპროტესტებთ? - რომ გვეკითხებიან, ამას ვაპროტესტებთ. მეორე ტურშიც კი, სადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, მაინც აურ-დაურიეს ყველაფერი. ოქმის შევსება არ იციან, ციფრების დაჯამება ცესკოს საიტზე. კიდევ ხალხს აშინებდნენ, ცალკარას რომ თამაშობდნენ იმ არჩევნებში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტის პიკეტირება მოხდეს.

„როგორ შეიკრიბება ეს პარლამენტი ჯერ კიდევ საკითხავია, ასე თუ გაგრძელდა. კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ძაან დიდი მძვინვარება იქნება პარლამენტის გარშემო, თუმცა, არ მინდა მუქარაზე ლაპარაკი. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ველოდები რას გვეტყვიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ პარლამენტის შეუფერხებლად მუშაობისთვის ორივე მხრიდან კომპრომისებია საჭირო. განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დარჩენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც პლურალისტურ პარლამენტს უწყობს ხელს. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"