"ჩვენ უნდა ვივარგოთ და არა იმიტომ, რომ ეს დასავლეთს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უნდა ვივარგოთ და არა იმიტომ, რომ ეს დასავლეთს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება"

სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართული დასავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, აშშ-ის, თურქეთის, რუსეთისა და ირანის სტრატეგიული ინტერესები, ძირითადად, ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში იკვეთება. რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის ირანიც იბრძვის, თუმცა მისი გავლენა გაცილებით სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც რეგიონული ძალა, მას კარგად ესმის, რომ ამ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობები არ აძლევს ამის საშუალებას და იგი მხოლოდ გარე გამოწვევებს აკვირდება. აქედან გამომდინარე, მისი რეგიონული პოლიტიკა ფრთხილი და დაბალანსებულია.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, რეგიონში რუსეთ-თურქეთის გაძლიერების ფონზე, რით გამოიხატება ირანის ირიბი ინტერესები, რომელსაც პირდაპირი ქმედებებისთვის ნაკლები ბერკეტი აქვს, ამაზე kvirispalitra.ge-ს აღმოსავლეთმცოდნე, "რონდელის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ესაუბრა: - ირანი ძლიერი რეგიონული მოთამაშეა და, რა თქმა უნდა, კავკასიაში აქვს თავისი ინტერესები. რეგიონში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და თურქეთი არიან, ირანი კი შედარებით მეორეხარისხოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ისეთი აქტიური ვერ არის კავკასიაში. რუსეთს თავისი სპეციფიკა აქვს - ყოფილი საბჭოთა სივრცე, ბაზები და ა.შ. თურქეთი კი, როგორც აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე, მართალია ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ ცალკე, დამოუკიდებლად მოქმედებს და არა - ნატოს ეგიდით. ირანს რაც ეხება, ერთი მხრივ, იგი აშშ-ის მხრიდან ძალიან დიდი ეკონომიკური სანქციების ქვეშ არის და ქვეყნის შიგნითაც საკუთარი პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, მისი ეკონომიკა დღითი დღე უარესდება, შესაბამისად, ხალხის მდგომარეობაც მძიმდება და, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ირანი ძალიან აქტიურად არის ჩართული, რაც დიდ ძალისხმევასა და მობილიზებას საჭიროებს.

- ჩვენს რეგიონში რა ინტერესი და რა შანსები აქვს?

- კავკასიაში ირანის ძირითადი ინტერესია, რომ ეიფორია, რაც, გარკვეულწილად, აზერბაიჯანში სუფევს და ყარაბაღთან არის დაკავშირებული, არ გადაედოს "ირანის აზერბაიჯანს", სადაც მილიონობით აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას დავინახეთ, რომ "ირანის აზერბაიჯანშიც" იგრძნობოდა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა და სოციალურ ქსელშიც არა ერთი შესაბამისი გამოსვლა ვრცელდებოდა.

ისინი, ერთი მხრივ, ირანის გავლით რუსული სამხედრო ტექნიკის სომხეთში შეტანას აპროტესტებდნენ, მეორე მხრივ - მხარს უჭერდნენ აზერბაიჯანის ქმედებებს ყარაბაღში. რა თქმა უნდა, ირანისთვის სულ ერთი არ არის, რა მდგომარეობა იქნება მის ჩრდილოეთ საზღვრებთან. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ირანმაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები, მაგრამ... აქაც მისი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ის არის, რომ "თავის" აზერბაიჯანელებში კონტექსტიდან  ამოვარდნილი არ იყოს.

ამავე დროს, მან გააკეთა განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია სუნიტი ჯიჰადისტი მებრძოლების ყოფნა აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, ირანი, ძირითადად, შიიტური ქვეყანაა. იგი ჯიჰადისტებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, ისე განიხილავს და უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად მიიჩნევს. ასე რომ, ირანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება, თუმცა მას, რუსეთთან და თურქეთთან შედარებით, პირდაპირი ქმედებებისთვის ნაკლები ბერკეტი აქვს.

- დღეს რეგიონში  დომინანტი ქვეყანა რუსეთია...

- ყარაბაღის მეორე ომი ისეთი ომი იყო, რომელსაც ასპროცენტიანი გამარჯვებული არ ჰყავს. დომინანტი რუსეთია, რა თქმა უნდა. იგი აკონტროლებს ლაჩინის კორიდორს და გააკონტროლებს ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ კორიდორს, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსეთს, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი ბერკეტი აქვს. რაც შეეხება თურქეთს, მასაც გარკვეული მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს რეგიონში და მისი ბოლო დროის საგარეო პოლიტიკას თუ შევხედავთ, მისთვის დამახასიათებელია დიდი აქტიურობა, მათ შორის - საგარეო პოლიტიკაში სამხედრო თვალსაზრისით.

თურქეთის პრესტიჟის საქმეა, რომ რეგიონში მისმა მოკავშირემ მთავარმა - აზერბაიჯანმა სამხედრო წარმატებას მიაღწია, 27 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრა. მეორე მხრივ, თურქეთი სამხედერო თვალსაზრისითაც მკვიდრდება რეგიონში, პლუს ამას, მან შეიძლება ნახჭევან-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზით ისარგებლოს, რათა საკუთარი პროდუქცია მიაწოდოს და ხიდად გაიხადოს აზერბაიჯანთან და შუა აზიის დანარჩენ თურქულ სამყაროსთან. მაგრამ აქაც ურთიერთდამოკიდებულებაზეა ბევრი რამ დამყარებული, იმიტომ, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა. ასე რომ, ბევრი რამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიძლება თურქეთმა ამ გზით ისარგებლოს.

- ამ ახალი ტერიტორიული გადანაწილების დროს, დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს რეგიონში და რუსეთ-თურქეთის გაძლიერებით, რა შანსები აქვს მას და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ ჩვენ?

- ყარაბაღის მეორე ომი, დროის თვალსაზრისით, ისე შეირჩა, რომ დასავლეთს კავკასიისთვის ყველაზე ნაკლებად ეცალა. მოგეხსენებათ, ამერიკაში წინასაარჩევნო პერიოდი იყო და იქაური ბატალიები ჯერაც არ დასრულებულა. ასევე, ევროპაში კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემები არ ჩამცხრალა, პირიქით – მატულობს.

გარკვეულწილად, დასავლეთი მოუმზადებელი შეხვდა კავკასიაში მიმდინარე ამ კონფლიქტს, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ინტერესი არ შენელებულა და ეს კარგად გამოჩნდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის – მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც მან ყარაბაღის კონფლიქტზეც ილაპარაკა და გარკვეული მესიჯებიც გააკეთა. რეგიონისადმი დასავლეთის ინტერესი არსებობს და არ განელებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, თუნდაც რუსეთის მზარდი გავლენის შესაჩერებლად უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.

ამ მიმართულებით ამერიკის მთავარი მოკავშირე რეგიონში საქართველოა და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ყველა ის მიმართულება, რაც დასავლეთთან კავშირის თვალსაზრისით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მათ შორის, უნდა ავწიოთ დემოკრატიის ხარისხი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, გასაუმჯობესებელია სიტყვისა და პრესის თავისუფლების ხარისხი და, ღირებულებების თვალსაზრისით, ბევრი სხვა რამ, რაც დასავლეთთან გვაკავშირებს. ჩვენ უნდა ვივარგოთ და არა იმიტომ, რომ ეს დასავლეთს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და ამ მხრივ ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ. რა თქმა უნდა, დასავლეთიდანაც მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს.

(სპეციალურად საიტისთვის)