"რა საერთო აქვთ ალიევს, ივანიშვილსა და ზელენსკის?" - რას წერს პოლონური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რა საერთო აქვთ ალიევს, ივანიშვილსა და ზელენსკის?" - რას წერს პოლონური გამოცემა?

პოლონეთის ჟურნალ "ნიუ ისთერნ იუროუფში" ("New Eastern Europe") გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "რა საერთო აქვთ ილჰამ ალიევს, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ზელენსკის?", რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების - მმართველი პარტიებისა და ლიდერების საგარეო პოლიტიკური კურსია გაანალიზებული (ავტორი - ტარას კუზიო, პოლიტოლოგიის პროფესორი უკრაინის კიევ-მოგილიანსკის აკადემია-უნივერსიტეტში და აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და უკრაინას სხვადასხვა პოლიტიკური სისტემა აქვთ, მათი ლიდერები, როგორც ჩანს, მსგავს საგარეო პოლიტიკას ატარებენ - მიმართულს იქითკენ, რომ თავი აარიდონ კონფლიქტს ვლადიმერ პუტინთან, რუსეთის პრეზიდენტთან. სამივე დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ახორციელებს, არ ცდილობს ევრაზიულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თუმცა, იმავდროულად, რუსეთს არ აღიზიანებს. ასეთი პოლიტიკის გატარება ძალზე რთულ დამაბალანსებელ აქტს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისთვის, რომელსაც საკუთარ ტერიტორიებზე იმავე რუსეთისგან ინიცირებული ან რუსეთის მოკავშირე ქვეყნის (სომხეთის) შეჭრის შედეგად წარმოქმნილი "გაყინული" კონფლიქტები აქვს. მსგავსი ცენტრისტული დამაბალანსებელი აქტი უნდა განიხილებოდეს, როგორც საუკეთესო მაგალითი საგარეო პოლიტიკაში სამივე ქვეყნის დემოკრატიისათვის, რომლებსაც რუსეთთან ძალზე ცუდი ურთიერთობა აქვთ.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ სისტემებში ცენტრისტული სახელისუფლებო პარტიები და მემარჯვენე-ცენტრისტული ეროვნულ-დემოკრატიული (ანუ ნაციონალ-დემოკრატიული) ძალები მოქმედებენ, თანაც - ოლიგარქები ორივე ბანაკში არიან. ცენტრისტებს და ეროვნულ-დემოკრატებს გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად პრინციპულად განსხვავებული მიდგომები აქვთ, ამის მიზეზს კი იმავე რუსეთისადმი მათი დამოკიდებულება წარმოადგენს: ცენტრისტები "პირში წყალს იგუბებენ" და ცდილობენ, ისეთი არაფერი თქვან ან არ გააკეთონ, რაც რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გააღიზიანებს, ხოლო ნაციონალ-დემოკრატიული ძალები პირიქით აკეთებენ: ისინი რუსეთს იმპერიალისტური, აგრესიული და საოკუპაციო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ - როგორც წარსულში, ასევე - აწმყოში.

აზერბაიჯანელი ნაციონალ-დემოკრატები და ცენტრისტები

ნაციონალ-დემოკრატები იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში 1992-93 წლებში, როცა პრეზიდენტმა აბულფაზ ელჩიბეიმ მთიან ყარაბაღზე და მის ირგვლივ მდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა. ელჩიბეი რუსეთის მიმართ მკვეთრ პოლიტიკას ახორციელებდა და ამიტომაც მისი პრეზიდენტობა ხანმოკლე გამოდგა. ცენტრისტმა მამა-შვილმა ალიევმა მსგავსი ბედი თავიდან აიცილა - ისინი რუსეთთან ურთიერთობისას ფრთხილობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, მის ლიდერებთან, განსაკუთრებით - ვლადიმერ პუტინთან ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონოდათ. ასეთი პოლიტიკა ბაქოს გამოადგა - 44 დღის განმავლობაში რუსეთი მთიანი ყარაბაღის ომში არ ჩარეულა. მოხდა თითქმის უპრეცედენტო მოვლენა უახლეს ისტორიაში - აზერბაიჯანმა შვიდი რაიონი და ყარაბაღის სამხრეთი ნაწილი სრულად დაიბრუნა. ამ ფაქტმა აჩვენა აზერბაიჯანის ლიდერებს, რომ მათი ცენტრისტული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით უკეთ მუშაობს. (...)

ქართველი ცენტრისტები და ნაციონალ-დემოკრატები

ქართულ პოლიტიკაში თითქმის 11 წლის განმავლობაში - 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში - ნაციონალისტები და ნაციონალ-დემოკრატები დომინირებდნენ. 1991-92 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, მოკლეს პარტია "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, ნაციონალისტი ზვიად გამსახურდია. შედარებისთვის: მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე - ორივე ნაციონალ-დემოკრატიული ძალიდან არიან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც საქართველოს 2004-დან 2013 წლამდე მართავდა. სამივე ნაციონალ-დემოკრატ ლიდერს რუსეთთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. მართლაცდა, ისე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი (მამა-შვილ ალიევისგან განსხვავებით) მთელი ძალისხმევით ცდილობდა კოლეგა ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას. 2008 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინი შეეცადა მიხეილ სააკაშვილის დამხობას, როცა რეჟიმის შესაცვლელად რუსული ტანკები თითქმის თბილისს მიადგნენ. ისინი მხოლოდ მაშინ გაჩერდნენ, როცა შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროტესტი განუცხადა რუსეთს და საქართველოს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ნაციონალისტებთან და ნაციონალ-დემოკრატებთან შედარებით, საქართველოს ცენტრისტები უფრო ხანგრძლივი დროით მართავდნენ - თითქმის 15 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც "საქართველოს მოქალაქეთა კავშირს" ხელმძღვანელობდა, ქვეყანას რვა წელი, 2003 წლამდე მართავდა. გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, ორივენი "ქართული ოცნებიდან", საქართველოს 2013-2018 წწ. (პირველი) და 2018 წლიდან (მეორე) მეთაურობენ, ხოლო ცენტრისტული "ქართული ოცნება" პარლამენტში შევიდა ერთი წლით ადრე, რაც მას ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა სათავეში. ივანიშვილმა თავისი უზარმაზარი ქონება რუსეთში დააგროვა, თუმცა მისი წარმომავლობა დღემდე გაურკვეველია.

ცენტრისტები და ნაციონალ-დემოკრატები კვლავ რჩებიან საქართველოს ერთადერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალებად: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა (ხმების 48%), მისმა კონკურენტმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - 27%, თუმცა "ნაციონალები", სხვა ოპოზიციური პარტიებთან ერთად (ბლოკი "ძალა ერთობაშია"), არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრისტული ლიდერები მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის აზერბაიჯანული სტილით გატარებას ისწრაფვოდნენ. ისინი პროდასავლურები იყვნენ და ცდილობდნენ კარგი ("ნორმალური") ურთიერთობა ჰქონოდათ ვლადიმერ პუტინის რუსეთთან.

უკრაინელი ცენტრისტები და ნაციონალ-დემოკრატები

უკრაინის პოლიტიკაშიც ცენტრისტული პარტიები და ეროვნულ-დემოკრატები დომინირებენ: 1991-94 წლებში - ლეონიდ კრავჩუკი და ლეონიდ კუჩმა, ხოლო 2003 წლიდან - ეროვნულ-დემოკრატები - ვიქტორ იუშჩენკოს ლიდერობით, რომელმაც 2008 წელს მხარი დაუჭირა ქართველ ეროვნულ (ნაციონალ)-დემოკრატებს და მათ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს. (...) ამჟამად უკრაინას ცენტრისტული ძალები მართავენ, ვლადიმერ ზელენსკის ლიდერობით.

"გაყინული კონფლიქტები" და რუსეთთან დამოკიდებულება

აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა სხვადასხვანაირად უდგებოდნენ თავიანთ გაყინულ კონფლიქტებს და შემთხვევითი არაა, რომ ამ სამი ქვეყნიდან სწორედ სუფთა ცენტრისტულმა აზერბაიჯანმა მოახერხა ყველაზე საუკეთესო შედეგების მიღწევა თავისი ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. ქართველმა ნაციონალ-დემოკრატებმა, როგორც ჩანს, ძალიან გაართულეს თავიანთი ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების საქმე, თავიანთი მოქმედებით მათ რუსეთის ჩარევა გამოიწვიეს, რის შედეგადაც კრემლმა "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა.

უკრაინაში 1990-იანი წლების შუახანებიდან ცენტრისტი ლეონიდ კუჩმა ახერხებდა უკრაინული სეპარატიზმის ჩაქრობას რუსეთის ჩარევის გარეშე, მაგრამ როგორც კი მაიდნის ამბების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში "ნაციონალისტები" მოვიდნენ, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონი ბოლო დრომდე სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა (1994 წლიდან). მრავალწლიანი წარუმატებელი საერთაშორისო დიპლომატიური მცდელობის შემდეგ, განსაკუთრებით კი, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების ფონზე (ოფიციალური ანექსიის მუქარები), აზერბაიჯანის ცენტრისტულმა ლიდერმა, რუსეთის ჩუმი თანხმობით, სამხედრო შეტევა განახორციელა და შედეგიც მიიღო.

არც ცენტრისტი ედუარდ შევარდნაძე ცდილობდა და არც ცენტრისტი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს სამხედრო ძალის გამოყენებას აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ნაციონალ-დემოკრატ ნიკოლ ფაშინიანის ნაციონალისტურმა რიტორიკამ სომხეთი კრიზისში ჩააგდო და მთიანი ყარაბაღი დაატოვებინა - მან თითქმის იგივე გაიმეორა, რაც 2008 წელს ნაციონალ-დემოკრატმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. თუმცა, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც: სომხეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი სახელმწიფო იყო მთიან ყარაბაღში, მიხეილ სააკაშვილი კი "სამხრეთ ოსეთის" დაბრუნებას ცდილობდა.

ბაქო-თბილისი-კიევის დასავლური დიპლომატია და მოსკოვი

აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა მთელ პოსტსაბჭოთა ეპოქაში თავიანთ საგარეო პოლიტიკას თანმიმდევრულად ატარებდნენ და იმ ევრაზიული ეკონომიკური თუ სამხედრო პროექტების მიღმა რჩებოდნენ, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობდა. 1997 წლიდან სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, მოლდოვასთან ერთად, სუამ-ის ჯგუფში ერთიანდებიან... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, ერთი მხრივ, საქართველოსა და უკრაინას, მეორე მხრივ კი - აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. საქართველოში და უკრაინაში ნაციონალ-დემოკრატები და ცენტრისტები ოფიციალურად მხარს უჭერენ თავიანთი ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას, აზერბაიჯანელი ცენტრისტები კი ევროკავშირთან და ნატოსთან დამოკიდებულებაში უპირატესობას  მათთან ინტეგრაციას (თანამშრომლობას) ანიჭებენ და არა - მათში გაწევრებას.

ასევე, აღსანიშნავია მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი განსხვავება, თუ როგორ რეალიზებენ თავიანთ მიზნებს უკრაინელი და ქართველი ცენტრისტები ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით: იმ დროს, როცა ქართველი და უკრაინელი პროდასავლელი ცენტრისტები მხარს უჭერენ პრონატოურ და პროევროპულ რიტორიკას, მათი [ფრთხილი] პრაქტიკული ნაბიჯები არ ემთხვევა ოპონენტების - ასევე, პროდასავლელი ნაციონალ-დემოკრატების [რადიკალურ] მეთოდებს. ამის მთავარი მიზეზი ისევ რუსეთი და ცენტრისტი ლიდერების დამოკიდებულებაა - არ გააუარესონ ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან.

სომეხი ნაციონალ-დემოკრატები და ცენტრისტები რუსეთის თვალით

რაც შეეხება სომხეთის ხელისუფლებას: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი ყოველთვის რუსეთის მოკავშირეს წარმოადგენდა. 1994 წლიდან სომხეთი ოდკბ-ის (რუს. აბრ. - “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“) - ნატოს მსგავსი სამხედრო ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მოგვიანებით, 2013 წელს, ასევე ერევნის მონაწილეობით, შეიქმნა ევროკავშირის მსგავსი ორგანიზაცია "ევრაზიული ეკონომიკური კავშირი".

რუსეთს, ნიკოლ ფაშინიანის გარდა, ყველა სომეხ ლიდერთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში 2018 წლის "ფერადი რევოლუციის" შედეგად მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მან თავდაპირველად განაცხადა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური ევრაზიული ორიენტაცია შენარჩუნდებოდა, მოსკოვი უპირატესობას მაინც მის წინამორბედ ქვეყნის ყოფილ ლიდერს - ცენტრისტ სერჟ სარქისიანს და მის რესპუბლიკურ პარტიას ანიჭებს. კრემლის ნეგატიური დამოკიდებულება ნიკოლ ფაშინიანისადმი და "ფერადი რევოლუციების" პარანოიდული მიუღებლობა გარკვეულწილად ის მიზეზებია, რის გამოც არ დაუჭირა მხარი რუსეთმა სომხეთს აზერბაიჯანთან ომში.

ცენტრისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების აწმყო-პერსპექტივა აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე, საქართველოსა და უკრაინასთან შედარებით, უფრო მეტ "პატივს სცემენ", რადგან მას ჰყავს მძლავრი მოკავშირე თურქეთის სახით. ანკარა ბაქოს თანამედროვე შეირაღებას აწვდიდა და პირდაპირ უჭერდა მხარს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებაში ცენტრისტები უფრო მეტხანს იმყოფებიან, ვიდრე - ნაციონალ-დემოკრატები. მთლიანობაში, სამივე სახელმწიფოს ცენტრისტებმა ორი საკვანძო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია შეიმუშავეს, რაც მათ მეტოქე ნაციონალ-დემოკრატებისგან განასხვავებს:

პირველი - ცენტრისტები თავს არიდებენ რუსეთის პროვოცირებას, საჯაროდ არ უყენებენ ბრალს მოსკოვს წარსულის ისტორიული შეცდომებისთვის და თავიანთ ტერიტორიებზე არსებული გაყინული კონფლიქტებისთვის;

მეორე - ცენტრისტები პრინციპულად უარს აცხადებენ კონფლიქტების პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტაზე, [მაგრამ შესამჩნევია ერთი ნიუანსი]: როცა 2008 წელს ქართველი ნაციონალ-დემოკრატები სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცადნენ "სამხრეთ ოსეთის" გაკონტროლებას, ამ მცდელობამ რუსეთის შეჭრა და, საბოლოოდ, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" "დამოუკიდებლობის" აღიარება გამოიწვია. აზერბაიჯანის ცენტრისტულმა ხელისუფლებამ კი წარმატებით ისარგებლა [რუსეთის ჩაურევლობით და თურქეთის მხარდაჭერით] და თავისი ტერიტორია დაიბრუნა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ