"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს და მათ ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ" - კვირის პალიტრა

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს და მათ ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ"

ექსპერტი მამუკა არეშიძე "აბსოლუტურად სწორს“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული პროგრამა რუსეთის გეგმების გახმოვანებაა.

"ეს აბსოლუტურად სწორი განცხადებაა და იმ გეგმის გახმოვანებაა, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთმა გააქტიურა აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი ბოლო დროს და როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მიერთება თუ არ გააფორმა, ყოველ შემთხვევაში, ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს ეს რეგიონი, რომ გასაქანი არ ჰქონდეს. აფხაზების არ სჯერა მოსკოვს და ისეთ პირობებს უქმნის მათ, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ. საქმე ისაა, რომ გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება. ყარაბაღის მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ყარაბაღის მოვლენები ერთ დღეს ხომ არ დაწყებულა, ეს პროცესი მზადდებოდა. ეს პროცესი რომ მზადდებოდა ეს ძალიან ბევრი ირიბი თუ პირდაპირი ფაქტორით ჩანს. როდესაც ისეთი ძლიერი მოთამაშე ახორციელებს პოლიტიკას, როგორიც რუსეთია, ის ყოველთვის რამდენიმე ფაქტორს ერთდროულად აგვარებს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს ამის გაკეთებას. რუსეთის მთავარი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში მისი სრული დაბრუნებაა. ამ ამოცანაში შედის ყარაბაღში სამშვიდობოების დაყენებაც, აფხაზეთის თემის მოგვარებაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის თემის მოგვარებაც და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაც. რაც შეეხება თვითონ აფხაზეთს, მას სომხეთის დღევანდელი მთავრობის არ იყოს, ახასიათებს ის, რომ ირჩევენ ერთ ორიენტაციას და მერე აქეთ-იქით იყურებიან. აფხაზებს აქვთ ძალიან ახლო ურთიერთიობა თურქეთთან და ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკა მრავალვექტორიანი გახადონ, რაც მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, 2008 წლის მერე დაიწყო სხვადასხვა პროცესი, რაც აფხაზეთის ინტეგრირებას გულისხმობს რუსულ სამართლებრივ სივრცეში. პირველ რიგში, ეს იყო ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მერე უკვე იყო ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნა და ახლა ეს პროცესი გრძელდება. შეიძლება აფხაზეთი არ მიიერთოს როგორც თავისი პოლიტიკური ერთეული, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს აფხაზებს, რომ ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ ექნებათ, მითუმეტეს, რომ ის ტრანშები, რომლებიც მოსკოვიდან მოდის, არის აფხაზეთის ბიუჯეტის მკვებავი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშრებით განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

"ინტერპრესნიუსი"