"დასავლეთში მწიფდება აზრი, რომ საქართველო იმსახურებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას" - კვირის პალიტრა

"დასავლეთში მწიფდება აზრი, რომ საქართველო იმსახურებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას"

ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების მიმართ, უარყოფით კონტექსტში, რუსეთის აქტიურობის "დამსახურებაა", ევროპას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ასეთი დიდი სურვილი რომ აქვს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად, ნატომ ახალი სტატუსი - ასოცირებული წევრობა შექმნას.

მისივე თქმით, ევროპა, ამ ფორმით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფიქრობს.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს ალტერნატივა არ აქვს და ნატო-ს გარდა, უსაფრთხოების სხვა არქიტექტურა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

"მთავარი არის ის, რომ დასავლეთში უკვე მუსირებს აზრი - დრო დადგა საქართველოს მისცენ გარკვეული სტატუსი. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ყარაბაღის კონფლიქტისას დავინახეთ, რომ ყველაზე მოგებული რეგიონში რუსეთი რჩება. უნდა ველოდოთ მისი მხრიდან საქართველოს მიმართულებით ზეწოლის გაძლიერებას. პომპეოს ტურნეში საქართველოს ჩასმაც, სწორედ იმის ხაზგასასმელად იყო, რომ დასავლეთისთვის და განსაკუთრებით, აშშ-ისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, საქართველოში. დაიწყო სხვადასხვა იდეების ცირკულაცია დასავლეთში თუ როგორ შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების უზურნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ნატო-ს წევრობა იქნებოდა, მაგრამ თუ "მაპ“-ის მიღება ვერ ხერხდება ამ ეტაპისთვის, ამისთვის სხვა ფორმულებზეც მიდის ფიქრი. მუსირებს ეს აზრი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო- ნატო-ს კონტექსტში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება, თუ რა მოხდება, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებას გადაიბარებს.

"ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორი სიტუაცია იქნება, როცა ჯო ბაიდენი ხელისუფლებას გადაიბარებს. ის ევროპასთან კონსოლიდაციას აპირებს, ტრამპისგან განსხვავებით, რომელსაც ევროპისგან განსხვავებული მიდგომები ჰქონდა. ახლა დავინახავთ დასავლეთის კონსოლიდაციას და მის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იმის დრო დადგება, რომ საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდეს. როდის იქნება ეს დროში, არავინ იცის. მთავარია, რომ დასავლეთში ეს აზრი მწიფდება, რომ საქართველო იმსახურეს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეს დიდწილად მეზობლების მიმართ, უარყოფით კონტექსტში, რუსეთის "დამსახურებაა". ეს რა თქმა უნდა, აშშ-ისთვის ნომერ პირველი საკითხი არაა, თუმცა არც ბოლო საკითხი იქნება. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, ეკონომიკისა და პანდემიის შემდეგ ბაიდენი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყებს ფიქრს, ამ ურთიერთობებში, იგულისხმება ევროპასთან დაახლოება, რაც ასევე გულისხმობს ნატო-ს გაძლიერებასა და ამ კონტექსტში და ასევე, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში იქნება საქართველოს საკითხიც განხილული", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ალექსანდრე ვერშბოუს მიერ "ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ კომენტარს აქვეყნებს. ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა, ახალი სტატუსის შექმნა კარგი იყოს, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.