"ჩვენ ახლა დავადოთ თავი და პარლამენტში შევიდეთ ამას არცერთ ვარიანტში შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არ განვიხილავ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ახლა დავადოთ თავი და პარლამენტში შევიდეთ ამას არცერთ ვარიანტში შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არ განვიხილავ"

მოდით დავარქვათ, რომ ეს მესამე რაუნდისთვის მზადების შეხვედრებია. ასევე "ქართული ოცნების" მხრიდან მესამე რაუნდზე ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლას შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არცერთ ვარიანტში არ განიხილავს.

"პირველი რაც მინდა ვთქვა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდება ყველა მხარესთან არის, რომ პროგრესულად ვიფიქროთ და შეთანხმებაზე ორიენტირებული ვიყოთ. ჩვენ შეთანხმებაზე, ცხადია, ორიენტირებული ვართ. მოდით დავარქვათ, რომ ეს მესამე რაუნდისთვის მზადების შეხვედრებია, განვიხილეთ რიგი საკითხები, რომლის ყველა დეტალზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ოპოზიციაში საერთო პოზიციაზე ერთიანად უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუმცა "ქართული ოცნების" მხრიდან მესამე რაუნდზე ღია შეთავაზებები უნდა მოვისმინოთ. ჩვენი ახლანდელი პოზიცია არ იცვლება ამ ეტაპისთვის რიგგარეშე არჩევნებია, საარჩევნო რეფორმა. საარჩევნო რეფორმის განხორციელების გარეშე ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. ჩემი აზრით, უნდათ საკითხები თითოეულ პარტიასთან სიღრმისეულად გაიარონ. ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება გვესმის. ჩემი მოლოდინია, 8 მარტის მსგავსი მემორანდუმი უნდა გაფორმდეს, რაც ხელმოწერილი იქნება რაზე შევთანხმდით, რომ რაღაცნაირად ვითანამშრომლოთ. მძიმე ვითარებაა, ხალხო, მარტივი არაა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გამოსავალი ვნახოთ "სტრატეგია აღმაშენებლის" მხრიდან სრული მზაობაა, მაგრამ ჩვენ ახლა დავადოთ თავი და პარლამენტში შევიდეთ ამას არცერთ ვარიანტში შეთანხმების დოკუმენტის გარეშე არ განვიხილავ. დიდი მადლობა ელჩებს, რომ ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ამდენ დროს უთმობენ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"