"ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი აფრიალებს, ის დავით გარეჯს არ ეხება" - კვირის პალიტრა

"ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი აფრიალებს, ის დავით გარეჯს არ ეხება"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნინო კალანდაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაკითხვის დაწყებამდე კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პროცესი პოლიტიკურია და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მის მიერ 2012 წელს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას დავით გარეჯთან დაკავშირებით, როგორც ის ამბობს, ეს იყო ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე სპონტანური პასუხი. კალანდაძე განმარტებით, მას არასდროს უთქვამს რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.

"ამ აბსურდულ კითხვებზე პასუხს მიიღებენ, მაგრამ მთელი ეს პროცესი არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. ეს მართლაც სამართლებრივი პროცესი რომ იყოს, სასამართლო უნდა იყოს სასამართლო და მართლმსაჯულების ორგანო, პროკურატურა სამართლის დამდგენი ორგანო. ეს რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს, ამ საქმეს ეყოლებოდა დამნაშავეები, ექნებოდა საფუძველი და ექნებოდა შედეგი. ეს არის შეთითხნილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეითითხნა წინასაარჩევნოდ, ამოიქექა განცხადებები და არის ე.წ. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვინმე ბერი კირიონის განცხადებებს ეფუძნება, ეს განცხადებები შეიცავს მითითებებს საჯარო განცხადებებზე, რომელიც მრავალი წლის წინ გაკეთდა და აქამდეც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს ფაქტები 8 წელია იცის და გაახსენდათ მაშინ, როცა კირიონს მიუთითეს, სასამრთლოსთვის ჩვენება მიეცა. კომისიასთან არასდროს არანაირი შეხება არ მქონია, არასდროს ვკურირებდი, ამ კომისიის საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან. სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს საქმეზე, რომელიც 2006 წლისაა, იმ დროს მე საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ არ ვიმყოფებოდი. ჩემი ე.წ. ყბადაღებული განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და აფრიალებს მხოლოდ ივანიშვილის სამასხარაო პიარჯგუფი, ის დავით გარეჯს არ ეხება და რომც ეხებოდეს, საერთოდ არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ეს იყო ჩემი ყოველკვირეული ბრიფინგი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი სპიკერი და ეს არ იყო 2006-2007 წლებში, არამედ ეს იყო 2012 წელს, ივანიშვილის არჩევნების წინ.

ბრიფინგის მიწურულს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა კითხვა, რომელსაც გავეცი სპონტანური პასუხი, სადაც გარკვევით განვმარტე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმწიფოებს შორის, რათა მიმოსვლა აღსდგეს, საერთოდ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია, ეს არის კლიშე, რომელიც მოიგონეს ივანიშვილის პიარშიკებმა და რომლებმაც გადაწყვიტეს ჩამოიწერონ ის, რასაც ყოველდღიურად თვითონ აკეთებენ, ტერიტორიებს უთმობენ რუსეთს",- განაცხადა კალანდაძემ.