"მაგარი” სკანდალისტი ”მიაჩმორეს” - კვირის პალიტრა

"მაგარი” სკანდალისტი ”მიაჩმორეს”

ეს ის შემთხვევაა, როცა წვერის ორიგინალური "ვარცხნილობა" ვერ გშველის. ისიც არ არის საკმარისი, მხოლოდ ეპატაჟური ტექსტები წერო და მერე ქართველი ერის პროგრესის მსურველ რედაქტორ-გამომცემლების მეშვეობით  ამ საეჭვო ლიტერატურული ღირებულების ტექსტების ტირაჟირება წიგნებად მოახდინო, ტელე თუ რადიოეთერში სკაბრეზულად იხუმრო, იორიგინალურო, სკანდალუკები მოაწყო და სხვა. მეტია საჭირო... თან არც ისე ბევრად მეტი... უბრალოდ,  მშიშარა არ უნდა იყო და ეგაა.

ახლა რაშია საქმე - ზაზა ბურჭულაძე იცით, ალბათ, ვინცაა. არის ასეთი მომწერლო სუბიექტი. წერს წიგნებს, სადაც ბევრი ეპატაჟია. აქ არ შევუდგები მისი ლიტერატურის გაანალიზებას, არ არის ეგ ჩემი საქმე. მხოლოდ ვიტყვი, რომ წიგნების გარდა ბურჭულაძე ხანდახან საჯაროდაც ბილწსიტყვაობს. ეგ არ მაღიზიანებს.

მეც გამირბის სიტყვა ხანდახან და მზად ვარ, ყველა ფრაზაზე ვაგო პასუხი. სიტყვა, როგორც იტყვიან, ჩიტია, გამოგიფრთხიალდება პირიდან და უკან ვეღარ შეაბრუნებ. ამიტომ შენ უნდა იყო ადამიანი და არა ჩიტი. ადამიანის, პირველ რიგში კი იმ პირის, რომელიც თავს მწერალს უწოდებს, ჩიტისაგან განმასხვავებელი ნიშანი პასუხისმგებლობის განცდაა. უნდა გესმოდეს, რაკი ყურადღების ცენტრში ხარ, გაცილებით მეტი მოგეთხოვება, ვიდრე სხვა მოქალაქეს.

ბურჭულაძემ კი ეს არ იცის. ან იცოდა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, მთელი თავისი ბაქიბუქი და ეპატაჟი დაავიწყდა და კანცელარიის ერთ უწყინარ მუშაკად იქცა. ეს ისტორია ბევრისთვის არის ცნობილი: ქუთაისში მკითხველებთან შეხვედრისას ბურჭულაძემ  სცენიდან განაცხადა, "ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილიო. ამან დარბაზში მყოფი ხალხი გაანაწყენა, დარბაზიდან დემონსტრაციულად გავიდნენ და გარეთ, ტელეკამერების წინ გამოხატეს უკმაყოფილება. ამ ამბავზე ზაზა ბურჭულაძემ იცინა და ბოლოს კმაყოფილმა დასძინა, "აგერ ბოზებმა დატოვეს დარბაზიო". ერთი სიტყვით, ყოველივე მის ჩვეულ სტილში ჩატარდა.

ბურჭულაძემ მოაწყო მინისკანდალი, რასაც თვითრეკლამირების სახე ჰქონდა. მის ამ უკვე მოძველებულ ფანდზე მხოლოდ სააკაშვილი წამოეგო. ქვეყნის პრეზიდენტმა ვრცელი ტირადები მიუძღვნა ერთი მომწერლო სუბიექტის გამოხდომას. ჭკუა დაარიგა, საჯაროდ გაკიცხა და უთხრა, "ახალ საქართველოში ასეთ გამონათქვამებს ადგილი არ უნდა ჰქონდესო, ქუთაისელების შეურაცხყოფა იყო ესო. ჩვენო, ქვეყანა შევცვალეთ და შენ თვითტკბობას მისცემიხარ და რაღაცებს მიედ-მოედებიო.

ძვირფასო მეგობრებო, ასეთი შანსი სკანდალის მოყვარულ კაცს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში. მიშას ხსენებული გამოსვლა ხომ ყველა გაზეთმა დაბეჭდა. ის ტელევიზიითაც გადაიცა.

"პენკლუბმა" საპროტესტო ნოტა გამოაცხო. ხალხი აღშფოთდა. რა პრეზიდენტის საქმეა, მწერალი რას დაწერს და რას იტყვის. თუ მაგარი ხარ, გამოდი და შენთვის ჩვეულ სტილში ახლა უკვე არა დარბაზში მსხდომ ხნიერ ხალხს დასცინე, არამედ პრეზიდენტი აიგდე მასხრად. მაგრამ არა... მეორე დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან დაშინებულ-დაბნეული არსება, რომელიც მიხვდა, რომ იქ მოხვდა, სადაც თურმე არ ნდომებია  მოხვედრა.

მას ხომ "უსაფრთხო" ეპატაჟი ევასება... აი, ისეთი, მღვდელს რომ დასცინებ, ან ქალიშვილობას, ან ქართველი ქალის სუსტ ორგაზმს. მიშას ქილიკი კი საშიშია. ბოლოს ბურჭულაძემ სამარცხვინოდ დაასრულა, შემცბარი იდგა და საბოდიშო სიტყვებს ლუღლუღებდა.

იკითხავთ, შენ რა განაღვლებსო? "ბურჭულაძის მითის" მსხვრევას რატომ მივტირი? რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ მისი ბედი მაფიქრებს. ეს კაცი უკვე აღარ მაინტერესებს.  უბრალოდ, მისმა საქციელმა მიშას კიდევ ერთხელ განუმტკიცა რწმენა იმისა, რომ თუ დატუქსავ, ყველაზე "მაგარი" სკანდალისტიც შეიძლება "მიაჩმორო". ეს კი ასე არაა! დედას ვფიცავარ, თუ ასე იყოს!

შალვა რამიშვილი