"უცნობი მირეკავდა და ზურაბ ჟვანიას დავალებით დიდძალ თანხას მთხოვდა" - კვირის პალიტრა

"უცნობი მირეკავდა და ზურაბ ჟვანიას დავალებით დიდძალ თანხას მთხოვდა"

"ოქროს საცავი ზარაფხანის პირველ სართულზე არ არის და იქ ზოდებს რა უნდოდა?!"

ზარაფხანის ყოფილი დირექტორის სკანდალური აღიარება

"საუკუნის დანაშაულის გახსნას მივესალმები, მაგრამ კითხვები მაქვს"

"იყიდი ოქროს ბეჭედს და შიგნით ჩასხმული სანთელი აღმოჩნდება?!"

გთავაზობთ ზარაფხანის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების აპარატის უფროსის სკანდალურ აღიარებას. ვინ მფარველობდა კონტრაბანდული ოქროს ბრუნვას ქვეყანაში, რა დეტალები იმალება "საუკუნის დანაშაულის" მიღმა და რატომ აღარ ეკუთვნის ეროვნული ზარაფხანა სახელმწიფოს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

დათო ლორთქიფანიძე: - ზარაფხანა არის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც ფულის მოჭრა უძველესი დროიდან დაიწყო. ამიტომაც 90-იან წლებში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღედგინა ეროვნული ზარაფხანა. იმხანად საქართველოში მძIიმე ვითარების გამო ზარაფხანა მომგებიან საწარმოდ ვერ გარდაიქმნა. დაბრკოლებად იქცა კონტრაბანდული ოქრო, რომლითაც ქვეყანა იყო გაჯერებული. უფრო მეტიც, პროდუქცია, რომელსაც ზარაფხანა უშვებდა, ძალიან მაღალი აქციზის გადასახადით იბეგრებოდა, რაც ნაკეთობათა ფასსაც ზრდიდა.

კონტრაბანდული ოქრო კი უაქციზოდ და დაუბეგრავად გაცილებით იაფად იყიდებოდა ოქროს ბირჟებზე. აქციზის გადასახადის გაუქმება მოვითხოვე და გააუქმეს კიდეც. 2001-დან 2004 წლამდე ზარაფხანის დავალიანების გასტუმრებასა და საწარმოს ფეხზე დაყენებას მოვანდომე, რადგან კატასტროფული მდგომარეობა დამხვდა: საწარმოს მილიონ-ნახევარი ზარალით ჰქონდა დასრულებული 2000 წელი, ბიუჯეტის დავალიანება კი სამ მილიონ ლარს აღწევდა.

პირველად ვალების რესტრუქტურიზაცია მოვახდინეთ, შემდეგ გავაფორმეთ კონტრაქტები უკრაინის, უზბეკეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთის ფირმებთან. გვქონდა მათთან საბანკო ურთიერთობა და ვაწვდიდით პროდუქციას. აშშ-ის ერთ-ერთ ფირმასთან 100-ათასდოლარიანი ხელშეკრულებაც კი გავაფორმეთ. ასე რომ, ზარაფხანა თანდათან მკვდარი წერტილიდან დაიძრა. მართალია, ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდე შევამცირეთ, მაგრამ საბიუჯეტო დავალიანების გასტუმრება მაინც ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანაში არ აღირიცხებოდა ოქროს იმპორტი და მისი დიდი წილი, როგორც მოგახსენეთ, კონტრაბანდული იყო.

- ვინ იყვნენ კონტრაბანდისტები?

- გვარებს ვერ დავასახელებ, უშიშროება მფარველობდა ოქროს ბირჟებს ვაგზლის მოედანზე.

- რას ფიქრობთ "საუკუნის დანაშაულის" გახსნაზე?

- 1997 წელს ზარაფხანაში 132 ოქროს ზოდის დაკარგვა მართლაც საუკუნის დანაშაული იყო. საქმის გახსნასაც მივესალმები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბევრი კითხვა მაქვს.

ზარაფხანაში 4 წელი ვიმუშავე და კარგად ვიცი, სად ინახებოდა ოქროს ზოდები, ახლახან კი შსს-ს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში დაკავებული პირი ამბობს, ზარაფხანის პირველ სართულზე, ამა და ამ ოთახში (კადრში ჩანს პირველი სართული და ის ოთახი) ეწყო ოქროს ზოდებიო. არადა, ოქროს საცავები სულ სხვა სართულებზეა. ზოდების სხვაგან გადატანა დაუშვებელია. როგორ აღმოჩნდა იმ ოთახში ზოდები? ვფიქრობ, მძარცველებს მაღალი რანგის პირებმა დაახვედრეს ოქრო პირველივე სართულზე. ამ დანაშაულს ერთი გარემოებაც უძღოდა წინ: ზარაფხანის ყველა თანამშრომელი ერთთვიან შვებულებაში გაუშვეს, უკან დაბრუნებულებს კი საცავში ოქრო აღარ დახვდათ. როგორ დავიჯერო, რომ ყოველივე ეს შემთხვევითი იყო?!

თუ ასე მარტივად მოხდა ყველაფერი, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი საქმის გახსნას? როგორც ითქვა, ძარცვის მთავარი მოქმედი პირი გარდაცვლილია. როგორც ჩანს, ეს გახდა დანაშაულის გახსნის მოტივიც - ვერც შემკვეთი დასახელდებოდა და ვერც რომელიმე მაღალი რანგის თანამდებობის პირი. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი მძარცველი სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. ალბათ, ტრაბახობდა "კოლეგებთან", ზარაფხანაც კი მაქვს გატანილიო და ამას მოჰყვა საუკუნის დანაშაულის გახსნა. მეეჭვება, ჩაუცმელ-დაუხურავ ადამიანებს ზარაფხანიდან სამ მილიონამდე ღირებულების ოქროს გატანა სხვის დაუხმარებლად მოეხერხებინათ.

- როგორ მოხდა თავის დროზე ზარაფხანის პრივატიზება?

- არსებობდა კანონი "სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ", სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ არ შეიძლებოდა იმ ობიექტების პრივატიზება, სადაც ოქროს მარაგი ინახებოდა. მაგრამ Aმაშინდელი ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის დამსახურებით ზარაფხანის პრივატიზაცია მოხდა.

როგორც ჩანს, სახელმწიფოს კუთვნილებაში ზარაფხანის არსებობა "ვარდების რევოლუციამდეც" და შემდგომაც ბევრს არ მოსწონდა. ჩვენ საწყობში ბევრი ისეთი პროდუქცია გვქონდა, რომელიც არასდროს გაიყიდებოდა იმ სახით, რა სახითაც არსებობდა. მაგალითად, ასეთი იყო 80-იან წლებში დამზადებული მოძველებული ნაკეთობები შუა აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად მოხმარებიდან "ამოვარდა".

გვინდოდა ეს ნაკეთობები გადაგვედნო და ახალი ნიმუშები შეგვექმნა, რისი უფლებაც არ მოგვცეს იმ მოტივით, რომ სახელმწიფო საწარმო ვიყავით. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 500 ახალი ნიმუში შევქმენით და კიდეც გავედით დსთ-ის ბაზარზე. ამ დამსახურების გამო 2003 წელს ნიუ-იორკში სპეციალური პრიზით დაგვაჯილდოეს. მაგრამ შემდგომ წინ ვეღარ წავედით - ხელისუფლებამ შეგვიქმნა პრობლემები.

შუა აზიის ხალხს ძალიან უყვარს ოქრო.

KvirisPalitra.Geშეგვიკვეთეს ოქროს სამკილოგრამიანი ბიუსტი, რომელსაც ხელზე ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი უნდა ჰქონოდა და თურქმენბაშისთვის მიერთმიათ.

შემდგომ მოლაპარაკება დავიწყეთ თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრთან, რომ ერთ მილიონად ღირებული ქართული ოქროს სანაცვლოდ საქართველოს გაუქვითავდა სამ მილიონამდე თანხას მოხმარებული ბუნებრივი აირის 200-მილიონიანი დავალიანებიდან. ჩვენ კი ამ სამი მილიონით საბიუჯეტო დავალიანებას მოვიხსნიდით, მაგრამ მთავრობამ ამ მოლაპარაკებას ხელი შეუშალა:

2003 წლის აპრილში თურქმენეთს გადაუგზავნა პროდუქციის ნუსხა, რომლის რეალიზაციასაც სთავაზობდა, ჩამონათვალში იყო  უცხოური წარმოების კარაქი, ზეთი, ფეხსაცმელებიც კი, ქართული ოქრო კი ნახსენებიც არ იყო. "ჩვენ ქართული პროდუქციის მიღებაზე ვიყავით თანახმა, რაც თქვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაჩენასაც შეუწყობდა ხელს. თუ ქართველებმა პორტუგალიიდან შემოტანილი ზეთი არ მოგვყიდეს, ფონს ვერ გავალთ?" - გაუკვირდა თურქმენეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკება ჩაიშალა და ამის მიზეზი ე.წ. "ატკატები" იყო, რაც  ოქროს გაყიდვის საქმეში გამორიცხული იყო.

2004 წელს ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკური ხედვების წყალობით გააუქმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული სასინჯი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სადაც ოქროს პროდუქციის დადამღვა ხდებოდა. ნებისმიერ ნაკეთობას, რომელიც ქართულ ბაზარზე გავიდოდა, დამღა უნდა ჰქონოდა  და აღრიცხულიყო.

ამას ითვალისწინებდა კანონი "ძვირფასი თვლებისა და ლითონების შესახებ". ზარაფხანის პროდუქციას ჰქონდა დამღა, იმპორტირებული თუ კონტრაბანდული ოქრო კი თავის ნებაზე იყო მიშვებული. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს კანონი სულ გააუქმეს იმ საბაბით, რომ "ვერ მუშაობდა". კანონის გაუქმებას ის მოჰყვა, რომ დღეს არ ვიცით, რა იყიდება ოქროს ბირჟებზე, რამდენ პროცენტ ოქროს შეიცავს ნაკეთობები.

თუ დაჰკვირვებიხართ, ძველ ნიშნობის ბეჭდებზე ორი დამღაა - ერთი წარმოების, მეორე - სახელმწიფოსი. მწარმოებელმა რომ გააკეთა, სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ნამდვილად ბაჯაღლო ოქროა ბეჭედი. ახლა კი სახელმწიფო ვერც ვეღარაფერს ადასტურებს და ქვეყანაში ექსპერტებიც ცოტანი არიან. მაგალითად, როცა 850 სინჯის ოქროს ვყიდულობთ, მასში 85% მაინც უნდა იყოს სუფთა ოქრო, ჩვენ კი შესაძლოა კარგ შემთხვევაში - 70%-იან, ცუდში კი 55%-იან ოქროს შემცველობასთან გვქონდეს საქმე.

ზარაფხანაში იყო ლაბორატორია, სადაც ოქრო შესამოწმებლად მოჰქონდათ. მახსოვს, ერთი ბეჭედი გაჭრეს და შიგ სიმძიმისთვის ჩასხმული სანთელი აღმოვაჩინეთ, ზოგჯერ ე. წ.  გაბერილ ოქროს ნაკეთობაში ფხვნილიც იყო ჩაყრილი.

კანონის გაუქმება რომ გავაპროტესტე, კახა ბენდუქიძემ სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლად მომნათლა. ერთ-ერთ ტოქშოუში განაცხადა, ზარაფხანის დირექტორი ჩვენს წინააღმდეგ მიდის და ვინ ვის აჯობებს, მალე დაინახავთო.  ეკონომიკის მინისტრი მაშინ ზარაფხანის დირექტორს არც ნიშნავდა, არც ათავისუფლებდა.

არსებობდა სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც საწარმოთა მართვის სააგენტო ნიშნავდა. საბჭოს მაშინ სამი წევრი ჰყავდა: გია ხუციბერიძე, ლერი საძაგლიშვილი და სულხან როსტიაშვილი. სწორედ მათ დაავალეს ჩემი გათავისუფლება, მაგრამ სამივემ უარი თქვა, რასაც სააგენტოს გაღიზიანება მოჰყვა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აშშ-ში იყო მივლინებით, როცა გადააყენეს, რის შემდეგაც საბჭო ხელახლა დაკომპლექტდა, რომელმაც მე გამათავისუფლა. სხვათა შორის, მაშინ მეც შვებულებაში ვიყავი.

2004 წლის 24 სექტემბერს ზარაფხანაში სპეცრაზმით მოიყვანეს ახალი დირექტორი აკაკი რამიშვილი. სწორედ ის იყო ფინანსთა სამინისტროში ზედამხედველობის სასინჯი დეპარტამენტის უფროსი და თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ ოქროს დიდი ნაწილი არ იდამღებოდა.

მის მოსვლამდე კი ჩემთან საეჭვო სატელეფონო ზარები შემოდიოდა. მირეკავდა უცნობი და ვითომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დავალებით დიდძალი თანხის გადარიცხვას მოითხოვდა მითითებულ ანგარიშზე და მაფრთხილებდა, თუ წინააღმდეგობას გავუწევდი, საქმე კარგად არ წამივიდოდა. "ომეგას" ხელმძღვანელმა ზაზა ოქუაშვილმაც არ დაგვიჯერა, ცოლის ჭკუაზე გაიარა და კარგად იცი, რაც დაემართაო. სხვათა შორის, მოვახერხე და ამ საუბრის ფარული ჩანაწერი გავაკეთე, რომელსაც უცილებლად გაგაცნობთ.

(გაგრძელება იქნება)