"პოლიტიკური ბრძოლის რევოლუციით დაწყება უპასუხისმგებლობაა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური ბრძოლის რევოლუციით დაწყება უპასუხისმგებლობაა"

"ვისაც მიშასთან ჰქონია ურთიერთობა, იცის, როცა რამე სჭირდება, ხავერდოვანი და შაქარია"

"ვეტერანი ფეხბურთელივით ძალას ვზოგავ. აქამდე არ იყო გადამწყვეტი ეტაპი, ახლა დიდი ცვლილებების დრო მოდის", - ასე ახსნა პოლიტიკურად გააქტიურება ტრადიციონალისტთა ლიდერმა აკაკი ასათიანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ეროვნულ ფორუმსა" და "ქალთა პარტიასთან" ბლოკში გაერთიანდა.

- ცვლილება რომც არ გვინდოდეს, მოხდება. ამის თქმის საფუძველს სოციალურ-ეკონომიკური ფონი, საერთაშორისო ვითარება, საზოგადოების განწყობა მაძლევს. ცვლილების საუკეთესო საშუალება სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნებია. "ფორუმის" ტაქტიკა, თუ ნორმალური საარჩევნო გარემო მოლაპარაკებებით არ იქნება მიღწეული, ამ მიზანს საპროტესტო გამოსვლებით მიაღწიოს, აბსოლუტურად სწორია. "ფორუმში" ჩემი მეგობრები არიან და იდეოლოგიური თანხვედრაც გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ გაერთიანება.

- რვიანის ფორმატი ჩიხში შევიდა და ჯერჯერობით მოლაპარაკება შეჩერებულია.

- თუ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, იძულებული გავხდებით, პროტესტი მიტინგებით თუ სხვა ფორმით გამოვხატოთ და საარჩევნო გარემოს შეცვლას მივაღწიოთ. ხელისუფლებაში ნატოსა და ევროკავშირზე ბევრს რომ ლაპარაკობენ, უნდა იცოდნენ, იქ იმ ქვეყნებს იღებენ, სადაც ხელისუფლებას არჩევნების საშუალებით ცვლიან.

- სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ  პრემიერმინისტრობაზე იფიქრებს...

- ფიქრობს, თუ შემეხვეწებით, უარს არ ვიტყვიო. ვინ უშლის, იფიქროს. მთავარია, ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მისი დასავლელი უფროსი მრჩევლები ამ ნაბიჯს არ მოიწონებენ.

- ოპოზიციის ნაწილს, თქვენგან განსხვავებით, რევოლუცია მიაჩნია ცვლილების შანსად.

- რევოლუცია უკიდურესი საშუალებაა. რევოლუცია მხოლოდ გამოუვალ ვითარებას მოჰყვება ხოლმე, როგორც გამოსავალი. ის არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალის ამოცანა. პოლიტიკური ბრძოლის რევოლუციით დაწყება უპასუხისმგებლობაა. სანამ მოლაპარაკების შანსი ამოწურული არ არის, რევოლუცია გაუმართლებელია. ასეთ პოზიციას ქვეყნის შიგნით და გარეთ მხარდაჭერის მეტი შანსი აქვს. მჯერა, რომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დამთავრდება.

- თუ შეიცვალა საარჩევნო გარემო, დღის წესრიგში ვადამდე არჩევნები დადგება?

- რა თქმა უნდა. თუ არჩევნები ჩატარდა, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

- რეალურად წარმოგიდგენიათ ვითარება, რომ დღევანდელი ოპოზიცია პარლამენტში იყოს, სააკაშვილი კი - პრეზიდენტი?

- თუ სააკაშვილი ამას ვერ აიტანს, თავად შეექმნება პრობლემა. ის საკმაოდ მოქნილი პოლიტიკოსია და არ გამოვრიცხავ, ამას შეეგუოს. ვისაც მასთან ჰქონია ურთიერთობა, იცის, როცა რამე სჭირდება, ხავერდოვანი და შაქარია.

- არის სააკაშვილის გარემოცვაც, რომელიც ადვილად არ შეელევა ძალაუფლებას.

- თუ რაიმე სისულელეს იზამენ, ცუდად დამთავრდება მათთვის. ვინც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეეწინააღმდეგება, ნუ დაავიწყდება, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში.

- ჩვენს ხალხს არ ეტყობა ისეთივე განწყობა, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია.

- სანამ ტუნისში ხალხი გამოვიდოდა, წინადღეს 80%-იან რეიტინგს უცხადებდა საკუთარ თავს ბენ ალი. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნა "გადადექიზე" მეტია. თუ ხელისუფლება ამას არ იზამს, ლეგიტიმური უფლება გვაქვს, სხვა გზა ვეძებოთ. ჩვენმა საზოგადოებამ და მსოფლიომ უნდა იცოდნენ, ვისი ბრალი იქნება, თუ აქამდე მივა საქმე.

- მახსენდება თქვენი ნათქვამი, ზვიად გამსახურდიას ჩემი რჩევით საპარლამენტო არჩევნები რომ დაენიშნა, პუტჩამდე საქმე არ მივიდოდაო. Dდღევანდელი ვითარება  ჰგავს მაშინდელს?

- რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საჯარო განცხადებაც გავაკეთე, ზვიადი დამეთანხმა კიდეც, მაგრამ მოიძებნა ხალხი, რომელთაც ინტრიგებში მაჯობეს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეა დაასამარეს. რაც მოჰყვა ამას, კარგად იცით. მაშინდელი და დღევანდელი ვითარება ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისი თანდათან მწვავდება. ოპოზიცია გააქტიურდა, საზოგადოებაც გამოცოცხლდა.

- ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება თუნდაც იმიტომ ჩაებღაუჭება ძალაუფლებას, რომ განსასჯელის სკამზე არ აღმოჩნდეს.

- ნუ ეშინიათ. სასამართლო გადაწყვეტს, თუ ვინმე დამნაშავე იქნება. მათსავით უსამართლოდ მოქცევა არ არის ჩვენი მიზანი. ეს რომ მნდომოდა, "ნაცმოძრაობაში" შევიდოდი. ამ ხელისუფლების პრაქტიკას, კაცს რომ იჭერენ და მერე იწყებენ გამოძიებას, ბოლო უნდა მოეღოს. ამაშია სწორედ ამ ხელისუფლების თვალთმაქცობა: ვითომ დასავლელები არიან და ცხოვრების წესი და მართვის მეთოდები კი ველური აზიური დიქტატურის აქვთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წელი იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში.