"უკაცრავად, რა, ძალიან აერია ამ კობახიძეს" - რატომ დათანხმდნენ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას?
"უკაცრავად, რა, ძალიან აერია ამ კობახიძეს" - რატომ დათანხმდნენ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას?
"სახელმწიფო ბიუჯეტი მარტო "ქართული ოცნებას" არ ეკუთვნის"

ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში არ შედის, თუმცა რამდენიმე პარტია უარს არ ამბობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე. სამმა პარტიამ ცესკოს უკვე მიმართა განცხადებით, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ. ესენია: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის ლიდერებიც ამბობენ, რომ ფული მათ სამომავლო საქმიანობის გასაგრძელებლად და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებათ. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ ბრძოლას საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე შეძლებენ. ამ დროისთვის დაფინანსებაზე უარს ამბობენ:
"გირჩი", "ლელო", "პატრიოტთა ალიანსი", "მოქალაქეები" და "ლეიბორისტული პარტია". მათი ლიდერების თქმით, თუ პარლამენტში არ შედიხარ, მაშინ არც საბიუჯეტო დაფინანსება უნდა მიიღო.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას, მათი განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოითხოვა ბიუჯეტიდან ფული, რადგან თუ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, მაშინ ისინი ამ ფულს ვერ
მიიღებენ. უმრავლესობისავე თქმით, თუ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობ, ფულიც არ უნდა მიიღო.

kvirispalitra.ge იმ პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს.

ხატია დეკანოიძე, "ნაციონალური მოძრაობა":
- ჩვენ კანონის შესაბამისად ვიქცევით. ეს ითვალისწინებს პარტიის დაფინანსებას არა საპარლამენტო საქმიანობისთვის. მეორე - ყველას გვავიწყდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მარტო "ქართული ოცნებას" არ ეკუთვნის, ის არის საქართველოს მოქალაქეების გადამხდელთა ჯიბიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა. ამიტომ ჩვენ კანონის მოთხოვნით ვიმოქმედეთ - შევიტანეთ ცესკოში განცხადება. თუ ახლა "ოცნებას" უნდა ფინანსური რეპრესიები განახორციელოს, ეს მათი საქმეა, არ გვაქვს პრობლემა. მსგავს კანონპროექტს თუ შეიტანენ და პარტიებს ფინანსური რეპრესიებით დაემუქრებიან, ეს მათ ნამდვილ სახეს კიდევ უფრო აშკარად გამოაჩენს. ეს არჩევნების ცნობას კი არა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ, სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის "ქართულ ოცნებას" და რატომ გადაწყვიტეს, რომ ბიუჯეტის განკარგვის უფლება მარტო "ქართულ ოცნებას" აქვს? ეს ჩვენი მოქალაქეების ფულია.

სერგი კაპანაძე, "ევროპული საქართველო":
- საბიუჯეტო დაფინანსება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს დაფინანსება არის პარტიის ფუნქციონირებისთვის და იმისთვის, რომ მას გარანტირებული შემოსავალი ჰქონდეს. იმ პირობებში, როცა მთავრობა ნებისმიერ დროს უზღუდავს ფინანსების მიღებას ოპოზიციურ პარტიებს, ამის გარანტიისთვისაა შექმნილი ეს მექანიზმი. ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ცნობასთან. ახლა გვეუბნებიან, თუ არ შევლენ, დაფინანსებას არ მიიღებენო, რაც ჩვეულებრივი შანტაჟია. როცა ოფიციალურად გაირკვევა, რომ არ შევდივართ და ეს ფორმალურადაც და დე იურეც გაფორმდება, ბუნებრივია, არანაირი საპარლამენტო დაფინანსება ჩვენ არ გვექნება, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, რომელიც იმისთვისაა, რომ პარტიამ იფუნქციონიროს, უარის თქმას არ ვაპირებთ, ივანიშვილისთვის იმ საქმეს არ გავაკეთებთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდეს დაფინანსება. მას მილიარდები აქვს და პლუს ამას, თვითონაც ფინანსდება ბიუჯეტიდან. ჩვენი უარი პირდაპირ საჩუქარი იქნება ივანიშვილისთვის, რომ პარტიას აღარ ჰქონდეს შემოსავალი. ამასთან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ.

თაკო ჩარკვიანი, "სტრატეგია აღმაშენებელი":
- ახლა ვმუშაობთ იურისტებთან, ჩვენს პარტიას ჯერ არ აქვს ამაზე საბოლოო პასუხი. საპარლამენტო დაფინანსებაზე ანუ დეპუტატის სარგებელზე, ხელფასზე და სხვა, უარის თქმა არ არის პრობლემა, ამას ახლავე გავაფორმებ და, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარტიის დაფინანსებას საერთოდ არ აქვს შემხებლობა საბიუჯეტო დაფინანსებასთან. აქ გაიყო აზრი და რომ არ მოგატყუოთ, არც ამის მიღების მომხრე ვარ. ამ წამს გავაფორმებდი უარს ჩემს საპარლამენტო სარგებელზე, ყველაფერზე უარს ვიტყვი და ყველაფერს ოფიციალური განცხადებით ჩავხსნი. საბიუჯეტო დაფინანსებას რაც ეხება, ხვალ 5 საათამდე მაქვს დრო და თუ გადასძალა ჩემმა აზრმა და არ აღმოვჩნდი უმცირესობაში, ხომ გავიტან. ლეგიტიმურობას რომ თავი დავანებოთ, დაფინანსება პარტიებს იმისთვის ეძლევათ, რომ გარეთ იარსებონ. უკაცრავად, ჩვენ გარეთ რომ ვართ, არ ვმუშაობთ? ჩვენ ზუსტად სახელმწიფოს დემოკრატიული წყობილებისთვის ვმუშაობთ, აბა, ხომ არ ვერთობით? უკაცრავად, რა, ძალიან აერია ამ კობახიძეს. მაგრამ არა, არ აერია, კონსტიტუცია მე თუ შევისწავლე კარგად, მან არ იცის? უბრალოდ, ეს ამათი შანტაჟის ფორმაა.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (14)
ჟორა
30 ნოემბერი 2020 12:03
ვინც იძახით რომ უნდა შევიდნენო, აბა დაფიქრდით ამათ იქ შესვლას რა აზრი აქვს, მაინც იმ კანონს მიიღებს პარლამენტი რასაც ივანიშვილი მოსთხოვს თავის მონა ქოცმაცუნებს, იმიტომ რომ უმრავლესობა მათია და მორჩა. საპენსიო ფონდს რომ იღებდნენ გახსოვთ მაგათი განცხადებები?! რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და სადაც გინდათ იქ იცივლეთო, უმრავლესობა ჩვენია და რასაც გვინდა იმას ვიზავთო!!! თუ ვინმეს იმედი გაკვთ რომ ამ ფულს სიბერეში დაგიბრუნებენ:)))))) ესენი ჩვენს, კომპანიების და ბიუჯეტის ფულს ამ ყველაფრის მერე ლეგალურად მიირთმევენ და მერე რო დავბერდებიტ ვთხოვოთ ჩვენი დაგროვებული პენსიები იმ მთავრობას ვინც მოვა ამათ კიდევ საზღვარგარეთ ვილები და საბანკო ანგარიშები ვუთვალოთ.
სსდ
29 ნოემბერი 2020 11:24
ეგ თანხებიც ცეესკოს მიერ დათვლილი ხმებით განისაზღვრება და თუ პარლამენტში არ შედიხარ იმიტომ რომ არ ეთანხმები მათ მიერ დათვლილ ხმებს , გამოყოფილ თანხას რანაირად ეთანხმებით ვერ ვხვდები . სადაა ლოგიკა?
ნაწყენი მოქალაქე
29 ნოემბერი 2020 08:03
ნაცვლად იმისა, თავისი ხედვითა და გამოცდილებით მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის წინსვლაში , სრულიად დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებენ. მართლაც ქუჩაშია ასეთი ოპოზოციის ადგილი და სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს იმ სივრცეს ირჩევენ, ამდენ ხალხს ხან სირცხვილის კორიდორის მოწყობა მოუნდომეს, ხან „ნაციის სამარცხვინო ნაწილი უწოდეს“ და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ რა დაუტრიალდებათ ცხელ თავებში ვინ მიხვდება. კარგზე - კარგი, თქვი, და ცუდზე - ცუდი, ასე როგორ უნდა დაგაბრმაოს ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილმა?!
gio-სდ
29 ნოემბერი 2020 02:18
მაგრამ საქართველოს ბიუჯეტი მარტო ქოცების შენატანით არ ივსება, ოპოზიციის ამომრჩეველსაც შეაქვს თავისი წილი. ჩვენ გვინდა, რომ პარტიებმა მიიღონ ეს დაფინანსება, რომ ფუნქციონირების და ბრძოლოს გაგრძელება შეძლონ. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, ეს არაფრით უნდა დაუშვან, რადგან იქ მხოლოდ ოცნების გასაპრავებლად თუ იარსებებენ, თორემ არც მათ აზრს გაითვალისწინებს ვინმე, არც მათ კანონ-პროექტს მიიღებს.
izi
29 ნოემბერი 2020 00:56
ბრავო კობახიძე, შენი ყველა გამოჩენის მერე ამათ შარვლებიდან ამოხტომას რომ ,მაყურებინებ, სხვა ვერავინ ახერხებს ამას ასეთ მაღალ დონეზე. არჩევნებთან შემხებლობაში არ ყოფილან თურმე....არჩევნებთAნ შემXებლობაში არ ვარ მე, და არც არავინ დამპირებია მილიონებს. ხუთ კილო კარტოფილზე გაყიდვა ტეხავს, თორე მილიონზე...პაჟალუსტა.
ლალო
28 ნოემბერი 2020 21:33
აი, ესენი, კონკრეტულად, თუნდაც აი, ეს სამი ადამიანი უნდა გვიწყვეტდეს, რა არის ჩვენთვის კარგი, ან ცუდი?(((((
უცნობი
28 ნოემბერი 2020 20:10
ნამდვილო ოპიზიციურო პარტიებო მოიშორეთ აქციებიდან ეს ფულზე დახარბებული ვითომ ოპოზიციური პარტიები და უფრო გამოგყვებათ ხალხი
უთავმოყვარეო "შალიკოვნებო"
28 ნოემბერი 2020 18:56
რაც თქვენმა ნათელაშვილმა ჭამა ჩემი და ჩემი შვილებისნაირის ფული პარლამენტში არშესვლით არ არის საკმარისი,თქვენც რომ არ დაგვაწვეთ ზურგზე მუქთამჭამელებო????
სიმართლე
28 ნოემბერი 2020 17:31
არჩევნების შედეგები ზუსტად დაემთხვა წინასწარ ჩატარებულ კვლევის შედეგებს,ამიტომ არანაირი რიგ გარეშე არჩევნები საჭირო არ არის.ოპოზიცია სანამ არ მოიგებს მანამ სულ არჩევნები უნდა ჩავატაროთ?ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლევა.ეს არის ხალხის ფული და ჩვენ არანაირი არჩევნები არ გვჭირდება.გაიხდეთ რა ხდება მსოფლიოში.მაგრამ თქვენ ხალხზე არასოდეს არ ფიქრობდით და არც ეხლა არ ხართ არაფრის გამკეთებელი.
gio
28 ნოემბერი 2020 15:59
ხოდა, დეკანოიძეებო და მისთანებო მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მე არ მინდა ჩემი შენატანი ბიუჯეტში თქვენნაირებს მოხმარდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები