"ახლა ვინ არის გოიმი და ჩამორჩენილი?!" - კვირის პალიტრა

"ახლა ვინ არის გოიმი და ჩამორჩენილი?!"

ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით პარლამენტში მთავრობასთან დებატები გაიმართა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ქრისტიან-დემოკრატ გიორგი თარგამაძეს შეფასება ვთხოვეთ:

- გასულ კვირას ყველას შეეძლო პირდაპირ ეთერში მოესმინა არა მხოლოდ მთავრობის კრიტიკა, არამედ ჩვენი კონსტრუქციული წინადადებებიც. დებატებს არც სიმწვავე აკლდა და არც აგრესიულობა. ჩვენი მოთხოვნით დაისვა კენჭისყრაზე სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის საკითხი. ხელისუფლება მიჩვეულია სიტყვების ჰაიჰარად წამოსროლას, მაგრამ საპარლამენტო ტრიბუნაზე თითოეული ფრაზა ოქმით ფორმდება და აღებული ვალდებულება, ადრე თუ გვიან, პასუხისმგებლობას განაპირობებს. განცხადებები (ციფრებისა და ვალდებულებების მითითებით), რომლებიც დებატებისას გაკეთდა, აუცილებლად იქცევა არა მარტო უმცირესობის, არამედ უმრავლესობის დეტალურად გაკონტროლების საგნად. დებატების დასკვნითი დღე სამშაბათს იქნება, როდესაც პრემიერ-მინისტრი გილაური მთავრობის მთელი შემადგენლობით დადგება ტრიბუნასთან.

პრეტენზიები მეტად გაგვიმყარდა, როდესაც მოვუსმინეთ სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს. რაც უნდა ეპასუხა მინისტრ სუბელიანს, ჩვენ გვქონდა ფაქტები, როგორი არაადამიანური მეთოდებით, კანონდარღვევით გამოასახლეს დევნილები საცხოვრებელი ადგილებიდან და საქონელივით შეყარეს სატვირთო ავტომობილებში.

- ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეთ, რომ მზად იყავით სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა დაგეკავებინათ.

- ჩვენ მზად ვართ ფეხზე დავაყენოთ არა მარტო სოფელი, არამედ მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციაზე, ეკონომიკაში შედეგების მიღწევაზე. სამი წლის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია. როგორც იქნა, ეს ხელისუფლებამაც აღიარა, მაგრამ როდესაც ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, გვპასუხობდნენ, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით აგრარული სექტორის განვითარებაზე ლაპარაკი უცოდინარობა და გოიმობააო. ახლა ვინ არის გოიმი და ჩამორჩენილი - ჩვენ თუ ხელისუფლება?

ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს ბევრ ხარვეზზე მივუთითეთ, მაგრამ არ გვითქვამს, გვწყინს გზები უკეთესი რომ არის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო-მეთქი.

განათლების მინისტრ შაშკინთან მანდატურების გამო მქონდა დებატები. მან განაცხადა, სამინისტროში რომ მოვედი, სკოლა ჯუნგლები იყოო. არ მინდა, სკოლა ჯუნგლები იყოს, მაგრამ ჯუნგლების ანტიპოდი არ არის სკოლის ზონად გადაქცევა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უნდა პროგნოზირებდეს პრობლემებს მსოფლიოსა თუ რეგიონის მასშტაბით და ამზადებდეს რეკომენდაციებს კრიზისის ასაცილებლად. ამის ნაცვლად გვყავს მთავრობა, რომელიც თავად ქმნის კრიზისს და მერე მეხანძრესავით დარბის ხანძრის ჩასაქრობად.

სამშაბათს ბატონ გილაურთან მომიწევს დებატები და მას უთუოდ გავაკრიტიკებ ბიზნესგარემოს გამო. მთავრობა ხელს უწვდის ბიზნესს და ამბობს, თუ აქამდე ორივე ხელში შენი საწამებელი მათრახი მქონდა, ახლა მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მაგრამ მეორე ხელში ისევ ვიტოვებ მათრახსო. ბიზნესმენობა ყველაზე რისკიანი პროფესია გახდა.

არავის უნდა ბიზნესის მართვაზე აიღოს პასუხისმგებლობა და რაიმე დოკუმენტს მოაწეროს ხელი, რადგან ამით ადამიანი პოტენციური სისხლის სამართლის დამნაშავე ხდება. ჩვენ მოვითხოვთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. ეს არ ნიშნავს მეწარმის ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას. თუ ვინმემ დამალა გადასახადი, უნდა დაისაჯოს, მაგრამ განსაზღვრულ ზღვარს ქვემოთ ეკონომიკური გადაცდომები არ უნდა ითვლებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, რაც აკოტრებს ბიზნესმენს და იძულებულს ხდის, ყველაფერზე მოაწეროს ხელი, ოღონდ ციხისგან დაიხსნას თავი.

თუ პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, დაგვიჯერონ და 10 წლით გააუქმონ მოგების გადასახადი აგრარულ სექტორში წარმოებულ პროდუქციაზე. ნახავთ, როგორი სტიმული იქნება ინვესტიციების  ჩასადებად. რაც უნდა ბევრი იარონ უცხოეთის ქვეყნებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გილაურმა და ლამაზთვალება ქალბატონმა ვერამ, ეს არ იქნება ინვესტიციების მოზიდვისთვის გადამწყვეტი, რადგან ქალბატონ ვერას თვალებით თუ პრეზიდენტ სააკაშვილის ინგლისურით მოხიბლული უცხოელი ბიზნესმენი საქართველოში რომ ჩამოვა, ჯერ თავისი ქვეყნის საელჩოში მივა, სადაც დეტალურად ეტყვიან იმას, რომ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა მიიწვიოს და მერე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სოდ-ის აგენტის ფუნქცია იტვირთოს და დააჭერინოს. სასამართლოში თუ მოუწია წასვლამ, მისი ბედი წინასწარ იქნება გადაწყვეტილი და უნდა თუ არა, საპროცესო გარიგებაზე უნდა წავიდეს.

- სამშაბათს, ალბათ, გექნებათ კითხვები შს, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრებთანაც. მით უმეტეს, რომ ქალბატონ კალმახელიძის უწყებასთან აქციის დროს დემონსტრანტები დააკავეს.

- კალმახელიძესთან ბევრი კითხვა მაქვს. მომავალ კვირას პარლამენტში მოვისმენთ სახალხო დამცველის მოხსენებასაც, რომელიც განსაკუთრებით კრიტიკულია ციხეებში არსებული მდგომარეობის გამო. როდესაც სამინისტროსთან ხალხი აქციას მართავს და ითხოვს ინფორმაციას პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, კარი ფართოდ უნდა გააღო. ჩვენ ასევე გვაინტერესებს მოლაპარაკებების I რაუნდის შედეგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე.