"გაღლეტილ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110-120 ლარს ტესტში?" - კვირის პალიტრა

"გაღლეტილ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110-120 ლარს ტესტში?"

პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეების" ლოდერი, ალეკო ელისაშვილი მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 8 თვის განმავლობაში მთავრობას ქედმაღლობის გარდა არაფერი გაუკეთებია.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, შეცდომაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც.

"ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ, 8 თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხეს უფასო ტესტების ჩამოტანა? ამ გაღლეტილ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რატომ უნდა იხდიდე 110 და 120 ლარს ტესტში და რატომ უნდა იდგე მის გასაკეთებლად ნახევარი დღე რიგში? კაცს რომ კორონავირუსი აქვს, ფეხზე რომ ვერ დგას, მოწყვეტილია, ქუჩაში რატომ უნდა იდგეს ტესტირებისთვის? 8 თვის განმავლობაში ამის მენეჯმენტი რთული იყო? მაგრამ რა ვნახეთ? - პირველი ჩაკეტვის მერე საყელოაწეული, გაბღენძილი გახარია, რომელიც უკვე დედამიწას ასწავლიდა ჭკუას, როგორი კრისიზმენეჯერი იყო და ტიკარაძე კიდევ ზემოდან გვიყურებდა. 8 თვე რაში გაატარეს ქედმაღლობის და უვიცობის გარდა?!

ოპოზიციისკენ რომ თითს იშვერდა გახარია და ცქიტიშვილი უსირცხვილოდ, ახლა ვისი ბრალია ამ აკრძალვის შედეგად რომ პირიქით მიაწყდა ხალხი? სულ ვამბობდი, რომ არის საკითხები, არის ვითარება - ომი, სტიქიური უბედურება და პანდემია, როდესაც ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გვერდზე გადავდოთ, პარტიული კუთვნილება და შევქმნათ ეროვნული თანხმობის რაღაც სტრუქტურა, სადაც ერთმანეთს აზრს გავუზიარებთ. რა მივიღეთ იქედან ქედმაღლობის გარდა?! კორონავირუსი ვინმეს ინდობს? მარტო ოპოზიციის მხარდამჭერებს დაემართა თუ მარტო ხელისუფლების მხარდამჭერებს? პასუხისმგებლობა უნდა გადაგვენაწილებინა და აზრები გაგვეცვალა, რა როგორ გაგვეკეთებინა. რით მოემზადნენ მეორე ტალღისთვის? 65 მილიონი მიათხლიშეს ისევ თავის სასტუმროებს და სჭირდებოდა კაცს თუ არ სჭირდებოდა, ქეჩოში კიდებდნენ ხელს და ერეკებოდნენ ცხვრის ფარასავით. გამოკეტეს და სული ამოხადეს ხალხს იმ კარანტინში. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ გააკეთეს ფული თავისივე სასტუმროებში", - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილს მიაჩნია, რომ ფული ხელისუფლებას სეზონური გრიპის ვაქცინის ყიდვაში, სასუნთქ აპარატებში, საწოლფონდის შექმნაში და სწრაფი უფასო ტესტების შეძენაში უნდა დაეხარჯა.

"ამის ნაცვლად რა დაასუბსიდირეს? - მშენებლობის ბიზნესი. რა შუაშია აქ კორონავირუსი? ამაზე პრეზენტაცია გვექნება და ვაჩვენებთ, ვის ჯიბეში დაილექა ეს ფული", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"