მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

დათვი

ქართულ პოლიტიკას ყველაფერთან ერთად თავისი დათვიც ჰყავს და ეს დათვი, უდავოდ, აკაკი ასათიანია. ბატონი კაკო დათვს ერთი თვისებით ჰგავს: როდესაც ქართულ პოლიტიკაში ზამთარი დგება, ბუნაგში შედის და იძინებს. ქართულ პოლიტიკაში გაზაფხულის დადგომა იმის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ, აკაკი ასათიანი ძილიდან გამოერკვა, თუ არა. არ იფიქროთ, რომ მისი გამოღვიძება, უბრალოდ, პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას ემთხვევა.

არა, ის იღვიძებს, როდესაც ცვლილებების დრო დგება. მაგალითად, 2009 წლის აპრილის აქციების დროს ბატონ კაკოს თავისი ბუნაგიდან ცხვირიც არ გამოუყვია. აღმოჩნდა კიდეც ის აპრილი ცრუ გაზაფხული - არაფერი შეცვლილა. ახლა კი ბატონმა კაკომ გამოიღვიძა და ეროვნულ ფორუმთან გაერთიანდა. ეს უკვე რაღაცის მომასწავებელია. აკი უთხრა ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუში: "ვიცი, მომენტი მომწიფდა, სახელისუფლებო კრიზისია, სააკაშვილი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, პირველი პირის წასვლა კი ქვეყანაში ვითარებას ავტომატურად შეცვლის".

ბატონი აკაკის მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა იმის დასტურია, რომ მას უტყუარი პოლიტიკური ალღო აქვს. სწორედ ამ ალღოს წყალობით ახერხებს ამდენი წელი პოლიტიკის ზღვაში დრეიფს. სწორედ იმიტომ, რომ დათვივით ზუსტად იცის, როდის დაიძინოს და როდის გაიღვიძოს, სასიცოცხლო ენერგია არასდროს ელევა. ის ერთადერთი პოლიტიკოსია გამსახურდიას ხელისუფლებიდან, ვინც დღესაც "მუშა" მდგომარეობაშია. დათვთან კიდევ ერთი რამ აქვს საერთო: ცოტა ზანტია და მკვეთრ მოძრაობებს არ აკეთებს.

ერთხელ, მახსოვს, ჯერ კიდევ რევოლუციამდე, ერთ შეხვედრას ვესწრებოდი, რომელშიც სხვებთან ერთად აკაკი ასათიანი და ზურაბ ჟვანიაც მონაწილეობდნენ. შესვენების დროს ჟვანიამ აკაკი ასათიანის თანდასწრებით იხუმრა: "თუ ქვეყანაში გაქვს რეგიონი, რომლის მმართველებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან, იქ პირველ კაცად აკაკი ასათიანი უნდა გაუშვა და პრობლემა აღარასოდეს შეგექმნება. იმიტომ კი არა, რომ კარგი კაცია და პრობლემის შექმნა არ მოუნდება, უბრალოდ, დაეზარება".

სამი კითხვა

მაშინ, როდესაც შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდა, ხოლო ექსპერტი გია ნოდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ როსის 76-ე სემინარზე ამბობდა, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოს ისეთი ეფექტური ხელისუფლება არ ჰყოლია, როგორიც დღეს ჰყავსო, სააკაშვილი მარნეულში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. უკვე რამდენი ხანია, საქართველოში მას ასე აღარ დახვედრიან.

რამდენი ხანია, ასე აღფრთოვანებული "მიშა! მიშა!" აღარ გამიგონია. ჩვენი თანამემამულე აზერბაიჯანელების შემყურეს ძველი დრო გამახსენდა, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ რევოლუციის გმირი და დემოკრატიის შუქურა იყო და ყველგან, სადაც კი  ჩავიდოდა, ასეთი სიყვარულითა და აღფრთოვანებით ხვდებოდნენ. ეჰ, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ!.. როდესაც ჩვენი აზერბაიჯანელები პრეზიდენტისკენ ხელებს იწვდიდნენ და მის შეხებას ცდილობდნენ, სააკაშვილსაც აუცილებლად გაახსენდებოდა ძველი დრო...

მისი არ ვიცი და მე მის ადგილზე აღფრთოვანებული აზერბაიჯანელების დანახვისას თვალზე ცრემლი მომადგებოდა, სევდიან განწყობაზე დავდგებოდი, ტკბილი მოგონებები მომეძალებოდა და კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ახლანდელი  საკუთარი მდგომარეობის არსს.

ამ კადრების ნახვის შემდეგ ჩვენმა ერთმა კოლეგამ დაწერა: ახლა მიშამ არჩევნებზე, გაყალბების გარეშე, მარნეულში 90 პროცენტი რომ აიღოს, ვინმეს გაუკვირდებაო? აი, სწორედ ეს აფერხებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას. ის, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ყველა ხელისუფალი უპრობლემოდ ახერხებს ხმების 90 პროცენტის მოგროვებას, ხშირად შეუძლებელს ხდის საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. ასეთ პირობებში ყველა ხელისუფალს 10-15-პროცენტიანი ფორა აქვს.

ახლა სამი კითხვა მაწუხებს: 1) როგორ მოვახერხოთ ჩვენი ეროვნული უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა? 2) გაუგია თუ არა გია ნოდიას თუნდაც გიორგი მეხუთის არსებობის შესახებ, რომელიც მე-14 საუკუნეში მეფობდა და რომელსაც "ბრწყინვალე" ეწოდა? 3) ვინ ეგონათ შალვა ნათელაშვილი თეთრ სახლში, როდესაც იქ პლაკატებით და მხარდამჭერებით მიტინგის ჩასატარებლად გამოჩნდა?