"გარეჯში ნგრევა გრძელდება" - კვირის პალიტრა

"გარეჯში ნგრევა გრძელდება"

ბათუმში გამართული ერთი კონცერტის საფასურად ნახევარ სამონასტრო კომპლექსს აღადგენდნენ

"რაც დაუშვებელია სხვისთვის, დაშვებულია ჩვენთვის" - ასე გაიგო საზოგადოებამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის არსებობა. სამხედრო პოლიგონის გაუქმებას ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე ითხოვდა ქართველი საზოგადოება, 1998 წლიდან კი საქართველოს კანონი კატეგორიულად კრძალავს ამ ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების და წვრთნების ჩატარებას.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიგლა ჭანუყვაძის განმარტებით, ნიადაგის შემადგენლობის გამო გარეჯის უდაბნოში მდებარე ძეგლებს ისედაც მუდმივად ემუქრებათ დაშლის საფრთხე, ამ საფრთხის დამაჩქარებელი ფაქტორების გააქტიურება კი  საბედისწერო შედეგს მოიტანს.

- კვლევების გარეშეც ნათელია, რომ აფეთქებების ვიბრაცია ძეგლზე მავნე ზემოქმედებას მოახდენს. 2009 წელს კლდოვანი ფერდი ჩამოიქცა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ტერიტორიაზე. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სამუშაოები  ნგრევის გამომწვევი ფაქტორების შესაჩერებლად, თუმცა  დღემდე არაფერი გაკეთებულა".

სოზარ სუბარი,  ლევან გაჩეჩილაძე და "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ახლახან სამონასტრო კომპლექსთან არსებულ სამხედრო ბაზაზე არ შეუშვეს.

სოზარ სუბარი: - "შესვლის აზრსაც ვერ ვხედავდი. ცხადია, რაც ფეთქდება და ფეთქდებოდა, იმას დამალავდნენ და  მხოლოდ ყაზარმებს გვაჩვენებდნენ. საერთოდ მალავდნენ ამ პოლიგონის არსებობას, მას ჟურნალისტები შემთხვევით წააწყდნენ. მათი ვიდეოჩანაწერის მიხედვით მკაფიოდ ისმის აფეთქების ხმა მონასტერთან, რომელიც პოლიგონიდან 20-25 კილომეტრით არის დაშორებული.

მთელი სამონასტრო კომპლექსი ქვიშოვან და არამყარ, გრანიტოვან ნიადაგშია  გამოჭრილი, ამიტომ მისი მტერია წვიმა, ქარი, მიწისძვრა. ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის აფეთქება შესაძლოა დამანგრეველი იყოს. როგორც ჟურნალისტი, შევარდნაძის რეჟიმის დროს დავესწარი პოლიგონზე სამხედრო სწავლებებს, როდესაც სამიზნეებს აფეთქებდნენ. მაშინ დავწერე, საბჭოთა კავშირის დროს დაწყებულ ნგრევას საქართველოს  ხელისუფლება განაგრძობს-მეთქი. ამის შემდეგ პოლიგონი დაიხურა, თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება  იმავეს აგრძელებს.

- ქართული კულტურის განადგურების მცდელობა დაჰბრალდათ მონასტერში მოღვაწე ბერებსაც. გემახსოვრებათ ნიკა ვაჩეიშვილის განცხადება.

- ნიკა ვაჩეიშვილს უყვარს და იცის ქართული კულტურა. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ის ხდება პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლი. რაც შეეხება "დოდოს რქას", რომელზეც მან განაცხადა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა ბერების წინააღმდეგ - "დოდოს რქაზე" არის ერთი ჩამონგრეული და მიწაში ნახევრად ჩაფლული ეკლესია საინტერესო ფრესკებით.

მათი დიდი ნაწილი ჩამოცვივდა. ჩასატარებელი იყო არქეოლოგიური გამოკვლევა, რაც წლების განმავლობაში არ მოხერხდა იმის გამო, რომ თურმე ფული არ არის. არადა, ბათუმში გამართული ერთი კონცერტის საფასურად არა მარტო ამ ერთ პატარა ეკლესიას, ნახევარ სამონასტრო კომპლექსს აღადგენდნენ. ბერებმა, იმის შიშით, რომ არ დაკარგულიყო ჩამოცვენილი ფრესკები, თვითონ დაიწყეს გაწმენდა. არ ვამბობ, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ ისინი მოქმედებდნენ კეთილი გულით. თუ სახელმწიფოს სურდა ძეგლი გადრჩენილიყო, გამოეყო თანხა.

პოლიგონის არსებობა კი  სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაა. ბერებმაც დაგვიდასტურეს, რომ ბოლო სამი წელია, აფეთქების ხმა ინტენსიურად არა, მაგრამ მაინც ისმის. ეს ხელისუფლება არც იმაზე იღებს ხმას, რომ დღემდე მოუგვარებელია საზღვრის საკითხი. შესაძლოა აზერბაიჯანთან მოლაპარაკება და ამ უნიკალური ძეგლების ნაცვლად სხვა ტერიტორიის გადაცემა, მაგრამ მოლაპარაკების დაწყების სურვილი ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არა აქვს".

KvirisPalitra.Geდავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ასურელი მამის, დავითის მიერ. წმინდა დავითი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად დასახლდა აქ პატარა, ბუნებრივ მღვიმეში, რომელსაც შემდგომში დავითის ლავრა ეწოდა. დროთა განმავლობაში 14 მონასტერი აშენდა. სამონასტრო კომპლექსი 70 ჰექტარზეა გაბნეული. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია და გადასახადებისაგან გაათავისუფლა. 1285 წელს მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯი და მისი მიდამოები.

XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობისას, დავითგარეჯი მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა.  XIV საუკუნის ბოლოს, თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს შესწირა.  XVII საუკუნეში  სპარსელთა ლაშქარმა იგი დაარბია. აქ სამონასტრო ცხოვრება თეიმურაზ I-მა აღადგინა,  XVIII საუკუნეში კი დავითგარეჯი კვლავ მეფის ხელდებული გახდა. სამონასტრო კომპლექსმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, რატომ არ აღკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ სწავლებები სამხედრო პოლიგონზე?